ანგარიშის მიხედვით, საქართვეელოს უკვე აქვს მომზადების გარკვეული დონე თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს გარკვეული დონის მზაობა გააჩნია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას მხარს უჭერს.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მთავრობას დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება მიულოცა და თქვა, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოს წინსვლაში დაეხმაროს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირთან დაახლოების ტექნიკური კრიტერიუმებით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბრიუსელმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცხადებები განიხილა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, რის შედეგადაც უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი კონკრეტული კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად ვადა 2022 წლის დეკემბრამდე დაუდგინა, რაც შემდეგ ერთი წლით გაახანგრძლივა, 2023 წლის დეკემბრამდე.
კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთხმად აღიარეს პროგრესის არსებობა.
„საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და ამას ოპოზიციაც აღიარებს. ასევე აღსანიშნავია ევროკომისიაში გაკეთებული განცხადებები, რომ ჩვენ ვიმსახურებდით გასული წლის ივნისში ევროკავშირის კანდიდატობის წევრის სტატუსს იმ მაჩვენებლებით, რომლებიც ამ ანგარიშშია დაფიქსირებული. რატომ მოხდა ჩვენი „ჩაჩოჩება", ამაზე იმედია მომავალში გავიგებთ პასუხს.
მინდა აგრეთვე ხაზი გავუსვა იმას, რომ პოზიტიური ანგარიში ერთი კომპონენტია, ხოლო მეორე საკითხია ის 12 რეკომენდაცია, რაც ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ გადმოგვცა. თითქმის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის კუთხითაც, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია დეპოლარიზაციის შესახებ შესაძლოა ვერ შესრულდეს, რაც ჩვენს ევროპულ მომავალზე თავისთავად ცუდად აისახება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიანიშნებს, რომ დოკუმენტში მრავლადაა შენიშვნებიც, რომელზეც მუშაობა მთავრობას აუცილებლად მოუწევს.
„ეევროკომისიის გამოქვეყნებულ ანგარიშში ისევ მრავალი შენიშვნაა სხვადასხვა მიმართულებით გამოხატული. ერთის მხრივ, დოკუმენტი დიპლომატიურად იწყება, რომ საქართველოს აქვს გარკვეული პროგრესი უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, მაგრამ შემდგომში გამოხატულია კონკრეტული შენიშვნები ფინანსურ კონტროლზე, მედიის სფეროზე და ა.შ.
რაც შეეხება 12 პუნქტიან გეგმას, ჩვენი მთავრობა მას ვერ ან არ ასრულებს. დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკავშირიდან უკვე არაერთი შენიშვნა მივიღეთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს. იგივე ეხება მოსამართლეთა დანიშვნის წესს. ვიცით, რომ მთავრობამ კლანის წევრები მოსამართლეებად დანიშნა, იგივე ჩინჩალაძე და მურუსიძე. სიტუაციას აგრეთვე ამძიმებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პარტია „ხალხის ძალა", რომელიც „ქართულ ოცნებას" ვითომ გამოეყო, ზუსტად გამოხატავს მმართველი ძალის პოზიციას. ისინი ცდილობენ ანტიდასავალური და ანტიევროპული კამპანია ააგორონ. საბოლოოდ მსგავსი ტემპებით, საქართველოს ნაკლები შანსი აქვს კანდიდატის სტატუსი მიიღოს," - განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე