„ხაბეიშვილი ორ-სამ თვეში დანაქადს თუ არ შეასრულებს მიშას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დაკარგავს იმ რეიტინგს, რომელიც დღეს აქვს," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესზე საუბრისას.
იგორ კვესელავა: ბოლო დღეებში ელვისებურად შეიცვალა ვითარება. ყველა ელოდა, რომ გაიმარჯვებდა მელია, მაგრამ პარტიის რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, რასაც ხელი შეუწყო მიშას ფაქტორმა. ხაბეიშვილის ლოზუნგმა „გავათავისუფლოთ მიშა" იმუშავა. როგორც ჩანს, საზოგადოებას მოსწონს რადიკალური მოქმედება, რაც მელიას არ ჰქონდა. ხაბეიშვილმა თავისი დანაქადი მიშას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ორ-სამ თვეში თუ არ შეასრულა, იმ რეიტინგს დაკარგავს, რომელიც დღეს აქვს.
„რეზონანსი": მელია და მისი გუნდი რჩებიან პარტიაში, მაგრამ როგორც ჩანს, ხაბეიშვილთან თანამშრომლობას არ ჩქარობენ. რა ტაქტიკა აირჩია მელიამ?
ი.კ: მელია რჩება პარტიაში თავის გუნდთან ერთად, დღეს ის მაყურებლის, ჩასაფრებულის როლშია და ელოდება მოვლენების განვითარებას. ჩემი აზრით, ყველაფერი მაშინ გაირკვევა, საით წავა პროცესი „ნაცმოძრაობაში," როცა ყრილობა ჩატარდება, ყრილობა კი მარტში ჩატარდება. ვნახოთ, როგორ დალაგდება ძალთა ბალანსი.
„რ": ხაბეიშვილის გამარჯვებას მერაბიშვილ-კეზერაშვილს უკავშირებენ და დამარცხებული მხარე მოუწოდებს მათ, ახლა მაინც გამოვიდნენ კულისებიდან.
ი.კ: კეზერაშვილი და მერაბიშვილი ისეთი უჭკუოები არ არიან, რომ ასე მალე გამოჩნდნენ სცენაზე. ისინი ჯერ არ გამოჩნდებიან, რადგან თავადაც აკვირდებიან, გაქაჩავს თუ არა ხაბეიშვილი. დაელოდებიან იმასაც, როგორ გადაწყდება მიშას საქმე. ხელისუფლებამ თავად რომ გაუშვას მიშა, ამ ფაქტს ხაბეიშვილი და მისი მომხრეები მაინც თავის გამარჯვებად მიიჩნევენ და იტყვიან, რომ სწორედ მათი ძალისხმევის შედეგია სააკაშვილის გათავისუფლება. ხალხიც დაიჯერებს, რომ რადიკალიზმმა გაჭრა.
„რ": მერე „ოცნება" ამას გულხელდაკრეფილი დაელოდება?
ი.კ: რადიკალიზმი ვერ გაიმარჯვებს და შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს, მაგრამ „ოცნებისთვის" რადიკალიზმი კარგი არ არის. გამორიცხული არაა, რომ დაიწყოს აქციები, არა დიდი აქციები, არამედ მინი აქციები მიშას გათავისუფლების მოთხოვნით, რასაც, დიდი ალბათობით, მოჰყვება პროტესტი სხვა პრობლემებზეც, რომლებიც დაგროვდა ქვეყანაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე