თამთა ჩაჩანიძე
(02.02.2023)

ეევროკავშირის პოზიცია ძალიან ცხადია - საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია იმოქმედოს, თუ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ამის შესახებ ევროკომისარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

დებატები ხუთშაბათს გაიმართა, რა დროსაც დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ერთი მხრივ, მის სიცოცხლეს გადაარჩენს, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანას ევროპული სახის შენარჩუნების შანსს მისცემს.

როგორც ევროდეპუტატები აღნიშნავენ, ევროპარლამენტის დებატები ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან კანონის უზენაესობის განმტკიცების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულებას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის კონტექსტში. ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია თანდათან მწვავე ფორმებს იღებს და მათი პოზიციით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ასევე დადებითი იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური გარემოსთვისაც, რაც პოლიტიკური დღის წესრიგის ნორმალიზებას გამოიწვევდა და პოლარიზებას შეამცირებდა

ამბობენ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიური ძალისხმევის მობილიზებას, რათა სააკაშვილის შემთხვევაში თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის დრამატული შედეგი.

ევროკომისარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში თქვა, რომ სააკაშვილის უფლებები სასამართლოში უნდა იყოს დაცული, მათ შორის, უფლება, რომ პირადად იყოს წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. ასევე უნდა იყოს დაცული მისი, როგორც პატიმრის უფლებები.

„მისი უფლებები, როგორც პატიმრის, უნდა იყოს პატივცემული, ისევე როგორც პრივატულობის უფლება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის პოზიცია ძალიან ცხადია - საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია იმოქმედოს თუ მიხეილ სააკიშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ისევე როგორც მკურნალობის ადეკვატურობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სხვადასხვა მხარის მიერ. მჯერა, რომ ყველას ინტერესებშია, საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მან იქვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიური ძალისხმევას, რათა სააკაშვილის შემთხვევაში თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის დრამატული შედეგი.

„ამავდროულად ჩვენ ვართ სრულად ჩართულები საქართველოს მმართველი პარტიისა და ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაში, რათა ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით მოხდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესაბამისი რეფორმების იმპლემენტაცია",- განაცხადა ჰანმა.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა თქვა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ერთი მხრივ, მის სიცოცხლეს გადაარჩენს, ხოლო მეორე მხრივ , ქვეყანას ევროპული სახის შენარჩუნების შანსს მისცემს.

„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ამბობს, რომ პროევროპულია, მათ დასავლეთთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია და მიმდინარეობს ისეთი გაცხარებული პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას უგულებელყოფს.

„მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გამოაღვიძა და ქვეყანა ძირფესვიანად შეცვალა, უკვე 16 თვეა ციხეში იტანჯება. ეს პოლიტიკური პაექრობისთვის სამაგიეროს მიზღვაა, ან წარსულში დაბრუნება - მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს უფლება მკურნალობის მიზნით წავიდეს უცხოეთში, ეს გადაარჩენს მის სიცოცხლეს და ქვეყანას შანსს მისცემს ევროპული სახე შეინარჩუნოს", - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხისშემცველი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.

„მე არაერთხელ განვახადე და კიდევ ერთხელ მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას ნება მისცენ მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარი გადადების გარეშე სამედიცინო მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს. საქართველოსა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს საპატიმროში. საქართველოს ხელისუფლებას მის ჯანმრთელობა და იმაზე, რაც შეიძლება მას დაემართოს, სრული პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

„ნება მომეცით მიხეილ სააკაშვილის შესახებ გასამართი დებატები იმის შეხსენებით დავიწყო, თუ როგორი მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის განმტკიცება საქართველოში - ამბიციური და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომელიც დამოუკიდებლობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის გარანტი იქნება სასამართლოს ყოველი საკვანძო ინსტიტუტისთვის," - ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა, ევროპარლამენტში მიხელ სააკაშვილის შესახებ გამართული დებატებისას განაცხადა. ის დებატებს ევროპის კავშირის საბჭოს სახელით ესწრებოდა, რომლის პრეზიდენტიც ახლა შვედეთია.

„პატიმართა მოპყრობის შესახებ გაეროს ფუნდამენტური პრინციპების თანახმად (რომლის ხელისმომწერი საქართველოცაა), თავისუფლების აღკვეთა ჯანდაცვას წვდომის უფლების შეზღუდვას არ ნიშნავს, პირიქით, ამ დროს პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. სააკაშვილი დაპატიმრებულია 2021 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ. 2022 წლის მაისში ის მისივე მოთხოვნის საფუძველზე კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, რისი მიზეზიც ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით შემაშფოთებელ ცნობებს სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე და ხშირად წამოგვიწევია აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან თუ საჯარო განცხადებებში.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა თავისი შეშფოთება გასულ სექტემბერს საქართველოსა და ევროკავშირის საბჭოს მიმდინარეობისას დააფიქსირა. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის დელეგაციამ და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თავიანთი შეშფოთება იუსტიციის სამინისტროს ყურადსაღებად გამოხატეს. აღნიშნული საკითხი წამოწეული იყო რეგულარულ საუბრებშიც ევროკავშირის, წევრი ქვეყნებისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.

„ევროკავშირის მესიჯი მკაფიო და უცვლელია. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ევროკავშირი მზადაა საქართველოს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს", - განაცხადა იონსონმა.

დებატების დასასრულს, იონსონმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარების დაკვირვებას. მან ასევე ხელმეორედ გაუსვა ხაზი იმას, რომ ევროკავშირი მზადაა საქართველოს მხარდაჭერისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ეს საჭირო იქნება.

ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ასევე დადებითად აისახებოდა პოლარიზაციის შემცირებაზე.

„პოლარიზაცია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ამ დარბაზში არსებული თითოეული ადამიანი მოუწოდებდა მიხეილ სააკაშვილს არ გადაეკვეთა საქართველოს საზღვარი უკანონოდ. თუმცა, მან მაინც გააკეთა ეს არჩევნების წინ. სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ასევე დადებითი იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც. ეს პოლიტიკური დღის წესრიგის ნორმალიზებას გამოიწვევდა და პოლარიზებას შეამცირებდა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ კი თქვა, რომ „არ არსებობს დიდი კონსპირაცია და აბსურდია, თითქოს ევროპარლამენტარებს უხდის „ნაციონალური მოძრაობა" ან სააკაშვილი ძალას ატანს სააკაშვილი. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება შეაჩეროს არა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე, რომელსაც ის იგებს სააკაშვილის საპატიმროში დატოვებით, არამედ იმაზეც, თუ რას კარგავს ამ პროცესში, რადგან სააკაშვილის საკითხი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ახლა ევროპარლამენტში დებატებისას განიხილება პოლიტიკური პატიმრის ბედი და არა მაგალითად კანდიდატის სტატუსი.

„რატომ ვსაუბრობ ამაზე ახლა ? იმიტომ, რომ ეს არის გამოწვევები, რომელზეც ყველა უნდა ფოკუსირდეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვაგან გახედვა. ის ასახავს ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებისა და რეფორმების ნაწილში - სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა, პოლარიზაცია, დეზინფორმაცია. არ არსებობს დიდი კონსპირაცია, რომ ჩვენ გვიხდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ან, რომ ძალას გვატანს სააკაშვილი - ეს აბსურდია. ჩვენ გვადარდებს ეს საკითხი იმიტომ, რომ უნდა გვადარდებდეს, რადგან ეს პოლიტიზირებული საკითხია და ადამიანი კვდება საპატიმროში. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებსაც ისინი მოიგებენ სააკაშვილის საპატიმროში დატოვებით, არამედ იმაზეც, რასაც დაკარგავთ, რადგან ჩვენ გვიწევს დღეს დებატები გვქონდეს პოლიტიკურ პატიმარზე, ნაცვლად მაგალითად კანდიდატის სტატუსისა", - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე