ელზა პაპოშვილი
(02.02.2023)

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მელიას გუნდი ხაბეიშვილის ფრთამ თითქმის სრულად ჩაანაცვლა. მელიას მხარდამჭერები პარტიული პოსტების დატოვების შემდეგ ოფისში აღარც კი გამოჩენილან. თუმცა, იქ მერაბიშვილ-კეზერაშვილთან დაახლოებული ყოფილი მაღალჩინოსანი ზაზა გოროზია უკვე ღიად მივიდა.   

არასერიოზული და კომიკური - ასე პასუხობენ „ნაცმოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის შეთავაზებას ადრესატები პარლამენტის და საკრებულოს მანდატების დატოვებაზე, და ლევან ხაბეიშვილს ახსენებენ, თუ რისთვის მიენიჭა ამ პოლიტიკურ ძალას საპარლამენტო და საკრებულოს მანდატები. „ქართული ოცნება“ კი ხაბეიშვილს ურჩევს ამომრჩევლის მიერ მიღებული ნდობა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ გახადოს.

მელიას გუნდის უკვე ძველი მენეჯმენტი ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ურჩევს, გადაწყვეტილებები პარტიასთან კონსულტაციის შედეგად მიიღოს.

ჯერ კიდევ თანაპარტიელების და მთავარი ოპონენტების კრიტიკას პარტიის თავმჯდომარე არ იღებს და ამბობს, რომ ოპონენტები ჩასაფრებულის პოზიციიდან მსჯელობენ. დარწმუნებულია, რომ საკმარისი არგუმენტები წარმოადგინა.

ხაბეიშვილის გადაწყვეტილებამ, პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის გარეშე დატოვა. ჯერ უცნობია ვინ შეცვლის ახალი თავმჯდომარის გუნდიდან ხატია დეკანოიძეს. არ არის გამორიცხული ეს პოსტი ლევან ბეჟაშვილმა ჩაიბაროს.

პარტიული თანამდებობების საკუთარი ნებით დატოვების პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ოფისებში მოსალოდნელ საკადრო წმენდაზე საუბრობენ. წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრატორი ამბობს, რომ სოციალურ გვერდზე წვდომა შეუზღუდეს. გიორგი გაბელია ამის მიზეზად არჩევნებზე მელიას მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, ე.წ. წმენდის პროცესით კეზერაშვილის ნათესავი და ნდობით აღჭურვილი პირი, დიმიტრი ჩიქოვანია დაკავებული.

ის, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ერთმანეთზე პოლიტიკური შურისძიებაა მმართველი პარტიისთვის. საპარლამენტო უმრავლესობა ხაბეიშვილის განცხადებებს პოპულიზმს უწოდებს და მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს კულისებიდან მერაბიშვილი და კეზერაშვილი მართავენ. 

ლევან ხაბეიშვილის განცხადება არ იყო პოლიტიკური და პარტიის პოზიციის გაჟღერება. ეს იყო კითხვაზე პასუხი - განიხილავთ თუ არა პარლამენტიდან გასვლას , - ასე უპასუხა მისმა მხარდამჭერმა ლევან ბეჟაშვილმა კითხვას, მზად არიან თუ არა სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, მანდატები დატოვონ. ბეჟაშვილის თქმით, ეს არის არა მარტო შეთავაზება, არამედ გამოწვევაც.

„ჩვენ, ბუნებრივია, ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ. ჩვენთვის პარლამენტში ყოფნა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მოვახდინოთ საერთაშორისო პოზიციების კონსოლიდაცია. „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ვთავაზობთ არა მარტო პარლამენტიდან გასვლას, კიდევ უფრო მეტს: პარტიული დაფინანსების დაკარგვასაც, საარჩევნო კომისიებში ადგილის დაკარგვას, საკრებულოებიდან გამოსვლას, ცენტრალური ოფისის გადაფორმებას, ოღონდ ამის შედეგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ეს არის არა მარტო შეთავაზება, არამედ გამოწვევაც.

„ქართული ოცნება“ 10 წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ რადარებიდან გაექრო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ კონკრეტულ მექანიზმს ვთავაზობთ: გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. ნულოვანი ნიშნულიდან ვიბრძოლებთ ამ ქვეყნისთვის, შესაბამისად, ნულოვანი ნიშნულიდან დავამარცხებთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.  

მგონია, თავისივე თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი წელიწადნახევარია ყოველდღე კვდება და რაღაც ნაწილში ეს ტყუილი იყო, - ასე ეხმიანება „გირჩის“ დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ხელებს მოამტვრევს მას, ვინც მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციას აყალბებს. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი იტყუებოდა.

„არ ვიცი, თუ უნდა, დაამტვრიოს, მე ზოგადად ძალადობის წინააღმდეგი ვარ, ვერ გავამართლებ ამას, ვერც ავუკრძალავ რაღაც გაგებით, მაგრამ მე მგონია, თავისივე თანაპარტიელების ხელების დამტვრევაც მოუწევს, რადგან მიხეილ სააკაშვილი წელიწადნახევარია ყოველდღე კვდება და რაღაც ნაწილში ეს ტყუილი იყო ყველა ვარიანტში, ასე რომ, ტყუილის გამო დასჯაზე თუა საუბარი, მგონი, ბევრი ადამიანის დასჯა მოუწევს, ოპონენტებისა და თანაპარტიელების ჩათვლით. წელიწადნახევარია ყოველდღე გვეუბნებიან, რომ დღეს გადამწყვეტი მომენტია და სხვათაშორის, მგონი თავად მას ჰქონდა ღამის 12 საათზე ბრიფინგი, რომ დრო აღარ ითმენს, ხვალ თუ არაფერი მოხდება... ან მოატყუეს ან თვითონ მოიტყუა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იტყუებოდა,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.   

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან რთული პერიოდი დაუდგება. ფიქრობს, რომ „ოცნებისთვის“ ხაბეიშვილის გამარჯვება  მისწრებაა. თუ ამ არჩევნებით ვინმემ მოიგო, ერთ-ერთი სწორედ „ ქართული ოცნებაა“, 

„ლევან ხაბეიშვილის უკან ორი პიროვნება - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - იგულისხმება, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულებაა. მათ ხელისუფლება როგორც პოლიტიკურ „საფრთხობელებს“ ისე გამოიყენებს და 2024 წლისთვის ხელის გაკოტრებაც არ დასჭირდებათ.  პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე ვითარება იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ენმ-ს ალბათ ჩამოშორდება ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმოადგენს პარტიის სახეს. ველი, რომ ეს პორცესი უკვე გაზაფხულისთვის დაიწყება. ალბათ ასე სწრაფად მაინც თავს იკავებენ, მაგრამ ეს გარდაუვალი იქნება.

დაშლა გარდაუვალია და ერთიანობა ვერ შენარჩუნდება. სჯობს, რომ ის ჯგუფი, რომელიც მელიას მახრესაა, დროზე წავიდეს. ერთიანობის შენარჩუნება ისევ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება ცუდი, რადგან ერთმანეთს არ მისცემენ საშუალებას, რომ რაღაც ელექტორატი შეინარჩუნონ. თუ ფორმალურად იქნება ერთიანობა შენარჩუნებული, ჩემი აზრით, გარკვეული პერსონები რაღაც დროის შემდეგ უხმაუროდ დატოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ორივე მხრისთვის აჯობებს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ნაწილად გაიყოფა“, - ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, ხაბეიშვილი ახალს ვერაფერს გააკეთებს. ორიენტირი, რაზეც ის ლაპარაკობს, სააკაშვილის გამოხსნა და ა.შ. მთლიანად არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. თუ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილი ციხეში, იქნება ციხეში, თუ სჭირდება „ქართულ ოცნებას“, გაუშვებს სააკაშვილს საზღვარგარეთ. ამიტომ მისი დაპირება რელობაში შეუსრულებადია და ეს პარტიაში დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს. მისი აზრით, ხაბეიშვილს და მის გუნდს იმის ინტელექტიც არა ქვს, რომ ე.წ. რევანში ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმოს. მათ ამაში მელიას გუნდი არ აჰვება, ამიტომაც ხაბეიშვილის დაპირება მხოლოდ პოპულიზმია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე