ბოლო კვლევით ენმ-ს 6% უჭერს მხარს, სხვა ოპოზიციურ პარტიებს პულსიც არ ესინჯებათ, შემცირებულია „ოცნების“ მხარდაჭერაც
თამთა ჩაჩანიძე
(02.02.2023)

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, ენმ-ს რეიტინგი საგრძნობლად დაცემულია, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, თუმცა 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება" დგას, „ნაციონალურ მოძრაობაზე" კი იგივეს მხოლოდ 6% ამბობს. როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის რეიტინგის დაცემა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა პარტიის შიდა ვითარება და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები.

როგორც „ენდიაი" აცხადებს, აღნიშნული ანგარიში 3-იდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, 2 519 რესპონდენტის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში სხვა პარტიები პრინციპში არ ფიგუგირებენ. მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ კვლევაში ისინი ცალ-ცალკე არაა მოცემული და მხოლოდ ნაჩვენებია, რომ „სხვა პარტიებს" მხარს ერთად 13% უჭერს.

საყვარელიძე ამბობს, რომ კვლევა დეკემბერშია ჩატარებული, მას მერე ენმ-ში მნიშნელოვანი მოვლენები მოხდა და ახლა რეალურად შესაძლოა პარტიის რეიტინგი კიდევ უფრო დაბალი იყოს.

„ამიტომ მგონია, რომ დღეს არა 6%, არამედ რეალურად კიდევ უფრო დაბალი იქნება. „ნაცმოძრაობაში" თავმჯდომარეობის არჩევნებზე 50 ათას ადამიანამდე იყო დარეგისტრირებული, რაც საერთო ამომრჩევლის დაახლოებით 2%-ია. თუ „ენდიაის" შედეგები სწორია, მაშინ გამოდის, რომ იმ პერიოდისთვის, როცა ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნებზე ხალხი დარეგისტრირდა, რეიტინგი კიდევ უფრო დაბალი იყო.

„რეიტინგი ზოგადად დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი, რომ ჩემი, როგორც ამომრჩევლის ინტერესი პარტიის გამარჯვება იყოს და მეორე, მიმაჩნდეს, რომ ეს პარტია გაიმარჯვებს, დამარცხებული არავის არ უნდა. უკვე ათი წელია, რაც ენმ ვერცერთი ტიპის არჩევნებში შედეგი ვერ აქვს, ყველგან დამარცხებულია. ამიტომ გასაკვირი ისაა, რეიტინგი აქამდე რატომ არ დაეცა. უბრალოდ „ნაცმოძრაობას" ფანატიკურად ერთგული ჯგუფი ჰყავდა, ასე ვთქვათ, მიშა სააკაშვილის ფანატები და რეიტინგი დიდხანს ამას ეკავა. ეტყობა, ეს ჯგუფიც ნელ-ნელა იფიტება.

„თუკი ჩავთვლით, რომ ეს ჯგუფი მიშას ფანატებია, მაშინ მათი დამოკიდებულება სააკაშვილით უნდა იყოს განპირობებული. გამოაცხადეს, რომ დემენცია აქვსო, გული მისდის, ვარდებაო, მიშას ახლობლებს კი მიაჩნიათ, რომ ასეთი სიმპტომებით ციხიდან გამოვა და ეს კარგი იქნება, მაგრამ ამომრჩევლებში ეს გასაცოდავებული მიშაა, რაც მათთვის მიუღებელია. სისუსტე ყველასთვის მიუღებელია, ლიდერი გამარჯვების სიმბოლო და გარანტი უნდა იყოს და თუ ადამიანს დემენცია აქვს, ის გამარჯვების გარანტი როგორ იქნება?! თუ დავაკვირდებით, სააკაშვილის ძირითად დიაგნოზებზე საუბარი სწორედ კვლევის პერიოდში იყო", - განაცხადა საყვარელიძემ.

წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. ამის შესახებ „ენდიაის" კვლევაშია ნათქვამი. კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61% ამბობს, რომ არა, 31% - დიახ, 6% - არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 3%-მა დააფიქსირა.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მატება იმის გამოა, რომ ოპოზიციის ელექტორატში იმედგაცრუება დიდია და ასევე მმართველ პარტიასაც რეიტინგი შეუმცირდა.

„მე მგონი მაინც ენმ-ზეა იმედგაცრუება და ვიცით, რომ მმართველ პარტიასაც შეუმცირდა რეიტინგი, რადგან არჩევნებიდან არჩევნებამდე შუა პერიოდში ყველა პარტიის რეიტინგები დაწეულია და პოლიტიკური პროცესები ინტენსიური არაა. ამ შემთხვევაში ეს ციფრი შეიძლება ამის ანარეკლი იყოს.

„არჩევნების პერიოდში ამდენივე გადაუწყევეტელი ამომრჩეველი არ იქნება, ახლა მათთვის იმის თქმა ადვილია, რომ საერთოდ არცერთი პარტია არ მაინტერესებსო და უკვე ხმის მიცემის დრო რომ მოახლოვდება, დაფიქრდებნიან, ვინ უნდათ. ამასთან საარჩევნო პროპაგანდა იწყება-ხოლმე და ეს ყველაფერი უკვე მოქმედებს საიმისოდ, რომ გადაუწყვეტელი ადამიანთა რაოდენობა შემცირდეს და პარტიათა შედეგები გაიზარდოს", -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე