თამთა ჩაჩანიძე
(01.02.2023)

ჩეხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა, რომელიც რამდენიმე წელი ჩრდოლო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, განაცხადა, რომ როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, უკრაინა ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თუ კონფლიქტი დასავლეთისთვის სასურველი სცენარით დასრულდა და უკრაინამ ყველა ტერიტორია დაიბრუნა, ეს ნიშნავს იმას, რომ ალიანსში გაწევრიანების გზა უფრო შემოკლდება, თუმცა, პროცეურები აუცილებლად ექნება გასავლელი.

ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არასასურველი სცენარის შემთხვევაში, თუ ყირიმის საკითხი ისევ ღიად დარჩა, სკეპტიკოსი ქეყნები ისევ ძველ პოზიციაზე დარჩებიან.

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ქვეყანა ნატოს წევრი უნდა გახდეს, რადგან მორალურად და პრაქტიკულად მზად იქნება, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან შესაერთებლად.

ნატო-ს ყოფილმა გენერალმა ამასთან აღნიშნა, რომ არ უნდა არსებობდეს შეიარაღების ლიმიტი, რომელსაც ქვეყნები უკრაინას აწვდიან.

„ამაყი ვარ ჩემი ქვეყნის, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. სავარაუდოდ, ძალიან ცოტა ადამიანს წარმოედგინა, რომ დასავლეთის ქვეყნები გამოთქვამდნენ სურვილს უკრაინისთვის თანამედროვე ტანკები, შორი მანძილის არტილერია ან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადაეცა, მაგრამ ახლა ეს რეალობაა.

„თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რუსეთის მნიშვნელოვან ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან დასაპირისპირებლად",- განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე უარყო ევროპის დედაქალაქების შიში იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება როგორც ესკალაცია და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს სხვა ალტერნატივა არ აქვთ.

„თუ ჩვენ დავტოვებთ უკრაინას დახმარების გარეშე, ისინი დიდი ალბათობით წააგებენ ამ ომს. და თუ ისინი დამარცხდებიან - ჩვენც დავმარცხდებით! ჩვენი ქალაქები არ ნადგურდება რუსული არტილერიისა და რაკეტების მიერ. თუმცა, ჩვენი მომავალი შეიძლება განადგურდეს, თუ მხარს არ დავუჭერთ უკრაინას ამ კონფლიქტის წარმატებულ დასასრულამდე.

„ამავდროულად, თუ არის სამშვიდობო მოლაპარაკებების უმცირესი შანსიც კი, ამასაც მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ამის ნიშნები თავად რუსეთიდან არ მოდის. ომის დასასრული სრულად რუსეთის ხელშია. ამას დასჭირდება პრეზიდენტ პუტინის მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება - გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და ომი დასრულებულია",- განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის ნატოში გაწევრიანების ორი სავარაუდო სცენარი არსებობს. უკეთესი სცენარის შემთხვევაში, პროცესი დაჩქარდება, თუმცა, პროცედურები ყველა ვარიანტში გასავლელი ექნება, რაც უმეტეს შემთხვევაში დროს მოითხოვს.

„უკრაინის ნატოში გაწევრიანება ეს ადვილი საქმე არაა, იმიტომ, რომ ალიანსის ფარგლებში ამა თუ იმ ქვეყნისთვის თუნდაც მაპის მინიჭება-არმინიჭებისა და გაწევრიანების საკითხებზე გადაწყვეტილებას ჩრდილოატლანტიკური საბჭო იღებს, ანუ ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება კონსენსიუსის საფუძველზე უნდა მიიღოს. 30 ქვეყნის თანხმობა უნდა იყოს.

„ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჯერჯერობით ერთიანობა და თანხმობა არაა, ერთია, რომ ყველა ქვეყანა რუსეთთან ომში კიევს მხარს უჭერს, მაგრამ ნატოში მიღებაზე თავს იკავებენ.

„დღეს ომში მყოფი უკრაინა ნატოში რომ მიიღონ, ნატოს ყველა წევრი ვალდებული იქნება, რომ ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის საფუძველზე დახმარება აღმოუჩინონ, მათ შორის სამხედრო, პირდაპირ ჯარებით დაეხმარონ. დღეს ნატო უკრაინას ირიბ დახმარებას კი უწევს, მაგრამ პირდაპირი ჯარების გაგზავნა არ ხდება.

„რაც შეეხება ომის მერე ნატოში გაწევრიანებას, აქ ორი სავარაუდო სცენარია: პირველი, თუ უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა და გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, გაწევრიანება უფრო ადვილი იქნება და რუსეთიდან მომავალი საფრთხე მნიშვნელოვანწილად განეიტრალებული იქნება და ასეთი სცენარი უფრო რეალისტურად გამოიყურება, ოღონდ გაწევრიანება მაინც პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული.

„აქ მხოლოდ სამხედრო ფაქტორები არაა, 1995 წელს, როცა ცივი ომი დასრულდა, ნატოში მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი „კვლევა გაფართოვების შესახებ" მიიღეს, აქ რამდენიმე საკითხია და სხვათა შორის პირველი მოთხოვნა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურია, რომ ქვეყანა დემოკრატიული უნდა იყოს. ეს პირველ რიგში დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და რეფორმები საჭიროა.

„სამხედრო საკითხებში საუბარია, რომ ნატოს სტანდარტებთან თავსებადი უნდა იყოს, თუმცა, ამ საკითხში უკრაინას შედარებით კარგად აქვს საქმე, რადგან მიმდინარე ომში ნატოს სტანდარტების იარაღს იყენებენ.

„ჩამონათვალში ასევე ეკონომიკური საკითხიცაა, რომ ქვეყანას უნდა შეეძლოს, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ყველა ვარიანტში თუ ტეროიტორიული პრობლემები მოაგვარა, უკრაინის ნატოში გაწვერიანება უფრო გაიოლდება, თუმცა, პროცედურები აუცილებლად ექნება გასავლელი, როგორც შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაშია.

„მაგალითად, თურქეთის გამო, ჯერჯერობით ვერცერთი ვერ გაწევრიანდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა სტაბილურია, როგორც ეკონომიკურად, ისე თავდაცვისა და დემოკრატიის თვალსაზრისით. სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს, მაგრამ თურქეთი აფერხებს, იგივე იყო ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებისშემთხვევაში, როცა საბერძნეთი ბლოკავდა.

„რუსეთის დამარცხება ერთის მხრივ უკრაინას საშუალებას მისცემს, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღანდგინოს, ხოლო მეორეს მხრივ ნატოში გაწევრიანება დააჩქაროს" - განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ საომარი მოქმედებები მეორე, არასასურველი სცენარით დასრულდა და ყირიმის საკითხი ისევ ღიად დარჩა, ნატოში გაწევრიანების საკითხი შეფერხდება და გაიწელება.

„ამ შემთხვევაში ნატოში გაწევრიანება სამწუხაროდ შორეულ პერსპექტივად დარჩება,რადგან „კვლევა გაფართოვების შესახებ" დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ტერიტორიული მთლიანობის აღგენაა. თუ ეს ვერ მოხერხდა, ნატო ამჯობინებს, რომ უკრაინას მხოლოდ იარაღით დაეხმაროს, მაგრამ კონსენსუსი ისევ არ იქნება",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე