ბაჩანა ტყემალაძე
(01.02.2023)

პოლონური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა ერთმანეთს პოლონეთში შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტიპის მოლაპარაკებების ფორმატს ახლა ორივე მხარე განიხილავს.

თუ შეხვედრა პოლონეთში შედგება, ზელენსკი ბაიდენს 10 პუნქტიან მშვიდობის გეგმას და სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის იდეას წარუდგენს.

ქვეყნის ლიდერებმა ასევე შეიძლება განიხილონ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის თემაც, მაგრამ ჯერჯერობით, პრეზიდენტების პოლონეთში შეხვედრის შესაძლებლობას არც ერთი მხარე არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და გერმანიამ უკრაინას საკმაოდ ძვირადღირებული მძიმე ტექნიკა, მათ შროსი ტანკები გადასცეს და ამჟამად შეერთებული შტატები 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს როგორც რაკეტებს, ისე სხვა ტიპის საბრძოლო მასალასა და იარაღს.

დახმარების შესახებ დეტალები აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით ამ კვირაში გახდება ცნობილი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ პაკეტში აგრეთვე შევა საჰაერო თავდაცვის სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღები.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიისა და აშშ-სგან ტანკების მიღების შემდგომ აქტიურად ითხოვდა მოიერიშე თვითმფრინავებს დასავლელი მეზობლებისგან, მაგრამ ოლაფ შოლცის და ჯო ბაიდენის თქმით, ისინი უკრაინას თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან.

ექსპერტებთა აზრით, პოლონეთში გამართული შეხვედრა უკრაინისთვის დახმარების ეფექტურობის გაზრდას შეეხება.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ თუ შეხვედრა შედგება, ვოლოდიმირ ზელენსკი მაქსიმალურად შეეცდება ჯო ბაიდენის დარწმუნებას იმაში, რომ ტანკების გადაცემა დააჩქაროს და ამასთან, უკრაინას ტანკებთან ერთად მოიერიშე თვითმფრინავებიც გადასცეს.

„დღევანდელი დღის წესრიგიდან გამომდინარე, რამდენიმე საკითხი დგას, რომელიც უკრაინას რუსეთთან ომში ძალიან აწუხებს. პირველ რიგში, საუბარი იქნება ტანკების გადაცემის დაჩქარებასა და მოიერიშე თვითმფრინავებზე.

„მოგეხსენებათ, რომ აშშ „აბრამსის" ტიპის ტანკების გადაცემას ივნისში აპირებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჯარისკაცთა მომზადებისა და ტრენინგების პერიოდს, ისინი აღნიშნულ ტექნიკას წლის ბოლომდე ვერ გამოიყენებენ, რაც უკრაინას თავისთავად არ აწყობს.

„ტანკებისა და თვითმფრინავების გარდა, ჩემი აზრით, შეხვედრაზე საუბარი შეიძლება იყოს უკრაინაში არსებულ კორუფციაზე, რომლის გამოც „ბაირაქტარმა" უკრაინაში საკუთარი ქსელის გახსნაზე უარი თქვა, რაც კორუფციული შეთავაზებებთანაა დაკავშირებული. თავად ზელენსკიმაც დაიწყო ანტიკორუფციული პოლიტიკის ამუშავება.

„ჯო ბაიდენი ისედაც აპირებდა ევროპული ტურის გამართვას, რადგან უკრაინა-რუსეთის გარდა საკმაოდ ბევრი პრობლემები დაგროვდა რეგიონში. მაგალითად შვედეთისა და თურქეთის დაძაბული ურთიერთობები ნატოს კონტექსტში, ჩინეთის გავლენის გაზრდა ევროპის კონტინენტზე, ირანის პრობლემა, რომელიც შეიძლება ევროპასაც შეეხოს და ა.შ." - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე