თამთა ჩაჩანიძე
(01.02.2023)

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უკრაინისთვის გარკვეული ტიპის იარაღის გადაცემაზე ჯერ კიდევ თავს იკავებს, ნატოს წევრი ლიეტუვა კი მოუწოდებს, რომ ალიანსმა „წითელი ხაზების" გავლება შეწყვიტოს და კიევს გადასცეს ის, რაც სჭირდება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, სამხედრო დახმარებაში „ეფ-16" გამანადგურებელი თვითმფრინავების გარდა, მაღალი სიზუსტის შორსმსროლელი რაკეტები იგულისხმება, რომლის მეშვეობით უკრაინას შეუძლია, რუსეთის სიღრმეში კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილებს დაარტყას.

მათი განმარტებით, ნატო თავს რამდენიმე მიზეზის გამო იკავებს, მათ შორის სიტუაციის ესკალაციის საფრთხისა და იმის გამო, რომ ალიანსში ერთიანი პოზიცია არაა და წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებებში სკეპტიციზმი იგრძნობა. თუმცა დასძენენ, რომ არაა გამორიცხული, რომ ნატომ პოზიცია შეცვალოს.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ ნატო-მ უნდა შეწყვიტოს „წითელი ხაზების" გავლება და გადასცეს უკრაინას იარაღი, რომელიც მას სჭირდება. ამის შესახებ მან ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„მე ვნახე ბევრი წითელი ხაზი, რომელიც გავლებულ იქნა. ხანდახან მექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს „წითელი ხაზები" გავლებულია არა ჩვენ მიერ, დასავლეთის დემოკრატიების მიერ, არამედ რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ ხაზების გავლებას დაშინებისა და მუქარის გზით ცდილობს. ის ცდილობს ეს ხაზები თავს მოგვახვიოს", - განაცხადა ნაუსედამ.

მისივე განმარტებით, უკრაინასთან მიმართებით, რამდენიმე „წითელ ხაზზე" გადაბიჯება უკვე მოხდა.

„მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ტანკებზე. კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის ერთ დროს ასევე იყო ტაბუ. მე ეს კარგად მახსოვს. როდესაც ომი დაიწყო, გერმანიამ თავიდან კატეგორიულად განაცხადა, რომ უკრაინაში მხოლოდ ჯავშანჟილეტებს და ჩაფხუტებს გაგზავნიდა, მაგრამ არა იარაღს, მაგრამ ამ „წითელ ხაზზე" გადაბიჯებაც საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კიდევ ერთ ხაზის გადალახვა მალე შესაძლებელი გახდება და უკრაინას დაუკმაყოფილდება თხოვნა ავიაგამანადგურებლებისა და შორი რადიუსის რაკეტების გადაცემის შესახებ.

ამასთან „როიტერსისგან" ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში, შესაძლოა, შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები შევიდეს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე , სავარაუდოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. ახალი პაკეტი „პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების დამხმარე აღჭურვილობას, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალასა და „ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მოცავს.

წყაროს ცნობით, საუბარია სახმელეთო ბაზირების მცირე დიამეტრის ბომბის (GLSDB) შეძენაზე, რომლის დიაპაზონი 150 კმ-ია.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინა „ეფ-16"-ის გარდა შორმსროლელ მაღალი სიზუსტის რაკეტებს ითოვს და ნატოს თავშეკავების ერთ-ერთი მიზეზიც ეს შეიძლება იყოს, რადგან ამით კიევს საშუალება მიეცემა, რომ რუსეთს სიღრმეში დაარტყას.

„უკრაინა ნატოსგან „ეფ-16"-ების გარდა რასაც ითხოვს, ესენია შორსმსროლელი მაღალი სიზუსტის რაკეტები „ატაკემსი", რომელთა რადიუსი 160-დან დაახლოებით 250 კმ-ის მანძილზე და ასევე მძიმე ტანკები. როგორც ჩანს, მძიმე ტანკების გადაცემა დროუალდ მოითხოვეს, რადგან პენტაგონმა თქვა, რომ უკრაინა ამერიკულ „აბრამსებს" ამ წლის ბოლოს მიიღებსო.

„შორმსროლელი რაკეტები, ეს ის იარაღია, რომლითაც შეიძლება უკრაინამ რუსეთის სიღრმეში დაარტყას. დაარტყას იმ ობიექტებს, რომლითაც შეიძლება რუსეთმა უკრაინაზე სავარაუდო შეტევა დაიწყოს - ბელგოროდი-კურსკის რაიონები და ასევე ზურგისა და მომარაგების ობიექტებს, რომლებიც რუსეთის სიღრმეშია.

„ამერიკელები „აბრამსების" გადაცემაზეც იყვნენ წინააღმდეგები, მაგრამ მერე დათანხმდნენ და არა გამორიცხული, რომ ამ იარაღზეც შეცვალონ პოზიცია, მათი გადაწყვეტილებები ცოტა არაპროგნოზირებადია ხოლმე"- განაცხადა მაისაიამ.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" იმ შესაძლო მიზეზებს ასახელებს, რომლის გამოც ნატო გარკვეული სახეობის იარაღის კიევისთვის გადაცემისგან თავს იკავებს. ამასთან კაკაჩია გვეუბნება, რომ არაა გამორიცხული, რომ ალიანსმა პოზიცია შეცვალოს.

„ამ თავშეკავებას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი ისაა, რომ დახმარებამ ჯაჭვური რეაქცია არ გამოიწვიოს, არ შეუქმნან შთაბეჭდილება პუტინს, რომ ის კუთხეში მიმწყვდეულია და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იფიქროს.

„მეორე მიზეზი შესაძლოა იყოს თავად კოალიციის წევრებს შორის გარკვეული განსხვავებები, რადგან ყველა წევრი ამ დახმარებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება. მესამე მიზეზი ხარჯებია, მილიარდობით დოლრაზეა საუბარი, აშკარად ჩანს, რომ ამ ომს ბოლო არ უჩანს, და ბევრი ფიქრობს, რომ ეს სადამდე შეიძლება გაგრძელდეს.

„ეს სკეპტიციზმი, ასევე ერთიანი ხედვებისა და კოორდინაციის ნაკლებობა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ნატო კონსენსუსით მოქმედებს, ამასთან ისიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თანამდეროვე ნატოს სტანდარტების იარაღის გამოყენებას უკრაინელების მომზადება სჭირდება.

„ტანკების მიწოდება, ეს მხოლოდ გადაცემას არ ნიშნავს, ამას ნაწილები უნდა, რომელიც ფუჭდება, ასევე ლოჯისტიკური მხარდაჭრაა საჭირო. კომპლექსური პროცესია. ვიღაცეები მხოლოდ ტანკს ხედავენ, მაგრამ მის უკან ათასი რამ დგას",- განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე საბოლოო ჯამში რამდენად შეიძლება დათანხმდეს ნატო იმ იარაღის მიწოდებაზე, რაზეც ახლა თავს იკავებს, კაკაჩიამ განაცხადა:

„თანდათანობით ეს უნდა მოხდეს, რადგან სხვა გზას ჩვენ ვერ ვხედავთ. თუ გვინდა, რომ ომი დასრულდეს, მანდ სხვა გზა არ არსებობს. თავადაც იციან რუსეთის გამარჯება რას ნიშნავს, ეს უკვე წარმოუდგენელია.

„თუ უნდათ, რომ ეს იმი დასრულდეს, უკრაინას უნდა მიეწოდოს იგივცე თვითმფრინავები, რომელსაც ითხოვენ და ზოგადად უნდა უზრუნველჰყონ, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯკვებით დასრულდეს. ეს სცენარი სხვა ვარიანტს უკვე არ ტოვებს, შუალედური ვარიანტის შანსი თანდათან მცირდება",-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე