ნაზი ბერიძე
(31.01.2023)

 ენმ-ის მხარდამჭერებმა საკვანძო გადაწყვეტილების მიღებისას პრაქტიკულად უკვე მეორედ მოახდინეს პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მინიშნებისა და პოზიციის იგნორირება. ორივე შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარის ელექტრონული ფორმით არჩევისას. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, შესაძლოა ეს ის შემთხვევაა, როდესაც პარტიის დამფუძნებელს უშუალოდ თავის გარემოცვასა და პარტიის აქტიურ მხარდამჭერებში უფრო ნაკლები ავტორიტეტი აქვს, ვიდრე ზოგადად თავის მომხრეებში.

2020 წლის დეკემბერში ენმ-ის თავმჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის სკანდალური გადადგომის შემდეგ, პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევა ონლაინ რეჟიმში გადაწყდა. ხმის მიცემა სოციალური ქსელით მოხდა. ერთმანეთს ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე უპირისპირდებოდნენ. სააკაშვილის ფავორიტი ვარშალომიძე იყო, თუმცა ნიკა მელიამ ოპონენტზე თითქმის ორჯერ მეტი ხმა (64%) მიიღო და გაიმარჯვა.

წელს 28-30 იანვარს ენმ-ში ასევე ელექტრონული წესით გაიმართა ახალი თავმჯდომარის არჩევნები. ხმის მიცემის პროცესის დაწყების წინა დღეს გერმანულ „შპიგელში" მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ანალიტიკოსებისა და თავად ენმ-ის მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეს ინტერვიუ შეიცავდა მინიშნებებს, რომ სააკაშვილი არ ემხრობოდა ენმ-ის თავმჯდომარედ არჩეულიყო ლევან ხაბეიშვილი, რომლის კანდიდატურასაც პარტიის სხვა ძველ ლიდერებთან ერთად ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ლობირებდა.

ამ ნაწილის აზრით, სააკაშვილის ასეთ პოზიციაზე მიანიშნებდა ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ექსპრეზიდენტი ნანობს, რომ თავის დროზე არ გადააყენა მერაბიშვილი შს მინისტრობიდან; და ასევე ის მონაკვეთი, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლა რუსეთის მიერ ჩანერგილმა აგენტებმა დაგეგმეს. საბოლოოდ თავად ვანო მერაბიშვილმა გააკეთა საგანგებო განცხადება, სადაც ენმ-ს წევრთა და პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი პრეზიდენტის სიტყვების არასწორად ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა.

რაც შეეხება არჩევნებს, იგი ხაბეიშვილმა პირველივე ტურში მოიგო 52%-ით.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაზე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილს პირდაპირი გზავნილები არ გაუკეთებია, თუ ვისთვის უნდა დაეჭირათ ან არ დაეჭირათ მხარი.

„მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ არ მოუწოდებია, რომ რომელიმე კანდიდატურისთვის მხარი უნდა დაეჭირათ. პირველ რიგში მისი მოწოდება იყო ერთობა. თუმცა, უარყოფითი ფაქტორებიც აქვს ამ არჩევნებს - „ნაცმოძრაობაში არსებობს" გარკვეული დაპირისპირება გარკვეულ ადამიანებს შორის, მათ მომხრეებს შორის. მეორე უარყოფითი ფაქტორი კი არის ის რომ ეს დაპირისპირება საზოგადოებისთვის შუქდებოდა, ერთგვარი შავი პიარის ტექნოლოგიები გამოიყენებოდა.

„რაც შეეეხება არჩევნების დადებით მხარეს, დადებითი არის ის, რომ ეს არ არის პარტია რომელიც ერთი ლიდერის, ბელადის ნება სურვილზეა დამოკიდებული, როგორც ეს „ქართულ ოცნებაშია", სადაც გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მხარდაჭერის დიდ ნაწილს იღებს სწორედ მიხეილ სააკაშვილის გამო", - აცხადებს ჩიტაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზოგ შემთხვევაში ლიდერს უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, ვიდრე მის უშუალო გარემოცვაში. საკაშვილთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია მას ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს აგონებს.

„ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში მას დაუპირისპირდა „მრგვალი მაგიდის" ერთი ნაწილი. ერთმა მასთან დაახალოებულმა საჯარო პირმა თქვა - როგორც შემოგიყვანე პარლამენტის შენობაში, ისე გაგიყვან აქედანო.

„ლიდერის გარშემო არსებულ ოპოზიციურ ელიტას, ჯგუფს არ აქვთ ხოლმე ის პატივისცემა ლიდერის მიმართ, როგორც ჩვეულებრივ საზოგადოებას. ხშირად შეიძლება მივიღოთ ისეთი სურათი, როდესაც ლიდერს უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების ფენებში, ვიდრე მის უშუალო გარემოცვაში. დღეს ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სააკაშვილის ქარიზმით მოხიბლულმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, სააკაშვილზე აქვთ ორიენტაცია, თუ მის პარტიაზე", - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

გარდა ამისა, მისივე შეფასებით, შესაძლოა ონლაინ რეჟიმში ჩატარებული არჩევნების შედეგები ზუსტად არ ასახავდეს ენმ-ის მხარდამჭერებში არსებულ განწყობას. ამის დასტურად მას „გირჩის" ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადება მოჰყავს.

„მე შემიძლია მივემხრო იაგო ხვიჩიას ინფორმაციას. მათ ჩააატარეს ექსპერიმენტი - პარტიის ორი წარმომადგენელი შევიდა სისტემაში და მისცა ხმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ასე ხმის მიცემა ბევრს შეეძლო. ესე იგი გაყალბება შეიძლებოდა როგორც სხვა პარტიების მხრიდან, ასევე თავისთავად აი ამ გაყოფაშიც", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე