ელზა პაპოშვილი
(31.01.2023)

ხაბეიშვილი „ჯარს“ ქმნის, მელიას მომხრეები კი პოსტებს ტოვებენ. ახლა ყველას აინტერესებს როდის შესრულდება ხაბეიშვილის დაპირებები, პირველ რიგში პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. მთავარი, რასაც მხარდამჭერები ენმ-ის ახლადარჩეული თავმჯდომარისგან მოელიან, მაქსიმალური აქტიურობა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გამოხსნაა. 

ხაბეიშვილი 12-პუნქტიანი გეგმით იწყებს ბრძოლას. მისი ამოცანაა გააძლიეროს პარტია და „შექმნას ჯარი ფრონტზე გასასვლელად“. ანალიტიკოსები ს აზრით კი, თუ ლევან ხაბეიშვილს ჰგონია, რომ იმ რაოდენობის ხალხით, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, სააკაშვილის დახსნას შეძლებს, ცდება. 

თუმცა, ანალიტიკოსთან მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ენმ-ს ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით კვლავ აქვს ქუჩახი ხელისუფლებისათვის დისკომფორტის შექმნის რესურსი, რის შედეგიც შესაძლოა სააკაშვილის გათავისუფლება გახდეს.

ახალი თავმჯდომარის გეგმა და „ოცნების“ გამოხმაურება 

„ჯერ ერთი, აქტიურობაა საჭირო... კონკრეტული პასუხი, რომ მე გასაღები მიჭირავს და გასაღებს გადავატრიალებ და გამოვიყვან, ეგ იქნება ტყუილი“, - თქვა ხაბეიშვილმა ორიოდე დღის წინ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში. 

ასევე  დაამატა, რომ „კლინიკაში შევარდნასთან“ დაკავშირებით განცხადება გაკეთდა „უტრირებულად და მერე გამოიყენეს“, თუმცა ის არ უარყოფს მზადყოფნას - „ფიზიკურად შევიდე ბრძოლაში და ეს უნახავს ხალხს, მათ შორის საკრებულოში“,  

„შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი“, - ასეთია პირველი პუნქტი ენმ-ის ახლად არჩეული თავმჯდომარის 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმიდან, რომელიც მან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც წარადგინა.

„ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ აქ „რევოლუციური კომიტეტების“ შექმნაზეა საუბარი. როგორცპარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, კეზერაშვილი შეარჩიეს რევოლუციური გეგმის აღმსრულებლად, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, ხოლო კეზერაშვილმა თავის წარმომადგენლად ხაბეიშვილი შეარჩია.

„ფაქტობრივად, თვალყურს ვადევნებთ პროცესს, როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია კეზერაშვილს თავის დაქვემდებარებაში, ხაბეიშვილი შეარჩია როგორც თავისი წარმომადგენელი, წინ წამოსწია და მხარი დაუჭირა. არ ვიცი, როგორ ჩატარდა არჩევნები, ამის შეფასებას ნუ დამაწყებინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით. საუბარია იმაზე, თუ როგორ მოხდეს დესტაბილიზაცია. 

კეზერაშვილი შეარჩიეს საუკეთესო აღმსრულებლად ამ რევოლუციური გეგმის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს მომავალი. რეალურად, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ 50 ათასი „ნაცის“ ფარგლებში 4 კანდიდატი იქნა შერჩეული და ამ 50 ათასი ადამიანის, ამომრჩევლის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კეზერაშვილი, უფრო სწორად ხაბეიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში გაერთიანებას, ერთ დროს პოლიტიკურ გაერთიანებას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.  

რეალურია თუ არა ხაბეიშვილის დაპირება 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დაპირება მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან ფიზიკურად გამოხსნის შესახებ არარეალურია, რადგან ამ ყველაფრისთვის მაშინ ენმ-მ ქვეყნაში დესტაბილიზაცია უნდა დაიწყოს. როგორც საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში 50 000-მდე მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა, ეს კი პარტიის მხარდამჭერთა 2%-ია. შესაბამისად გამოდის, რომ „ნაიცონალების“ რეიტინგი კატასტროფულადაა დავარდნილი და ხაბეიშვილის მიზნები არარეალურია. 

„თუ ამ ხალხს ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა და ამაზე წავლენ, მაშინ ხალხის დიდი რაოდენობა სჭირდებათ. ერთადერთი გამოსავალი მაშინ ისაა, თუ ამ ხალხის შეიარაღებას მოახდენენ. იარაღიანი დესტაბილიზაციისთვის ცოტა ადამიანიც საკმარისია. 

„არჩევნებში რა რაოდენობის ადამიანმაც მონაწილეობა მიიღო, ეს მათი მხარდამჭერების მხოლოდ 2%-ია. ამიტომ, თუ პარტიას მხოლოდ ეს რაოდენობის ადამიანი თუნდაც აქციაზე გაჰყვება, მაშინ მიზნები სრულიად სხვა უნდა იყოს. ამიტომ ამ ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი. 

„მელიას სწორი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული და ბოლო დროს როგორც პოლიტიკოსი გაიზარდა. ის კარგად მიხვდა, რომ რადიკალიზმი პარტიას მხადამჭერების რაოდენობას უმცირებდა. ამიტომ მას  ორიენტაცია მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდაზე ჰქონდა. „ნაციონალების“ რადიკალურ ფრთას კი, როგორც ჩანს, ორიენტაცია აქვს იმ მხარდამჭერებზე, ვინც მას ჰყავს. ამჟამად ეს არის 50 ათასი კაცი.

რაც შეეხება სააკაშვილის პოზიციას, ის სანამ მიხვდება, რომ მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა მოატყუეს და მათი დაპირება ციხიდან გამოხსნის შესახებ ფუჭია, მანამდე ხმას არ ამოიღებს. მელიას შემთხვევაშიც ასე მოხდა, არ უნდოდა მისი გამარჯება, მაგრამ გამარჯვების შემდგე მიულოცა. იგივე ქნა ახლაც და ის ჯერ დინების წინააღმდეგ არ წავა, თუმცა ამ პარტიის განვითარების მომავალი უკვე ბუნდოვანია“, -ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას და იმ ფაქტს, რომ „ოცნება“ მერაბიშვილის და კეზერაშვილის ფიგურას 2024 წლის არჩევნებისთვის აქტიურად გამოიყენებს, საყვარელიძე ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ამ ორ ოდიოზურ ფიგურას ხელისუფლებისთვის ე.წ. საფრთხობელის როლის შესრულება ძალიან კარგად შეუძლია. მითუმეტეს, თუკი პროცესების რადიკალიზება მოხდება. ადრე ხელისუფლებას საფრთხობელად თუ სააკაშვილი ჰყავდა, ახლა მას კეზერაშვილითა და მერაბიშვილით ჩაანაცვლებს. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ლევან ხაბეიშვილი შეძლებს და პარტიაში ყველა მხარეს გააერთიანებს. რაც შეეხება სააკაშვილის დახსნას და აქციებს, ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პარტიას ამის რესურსი ნამდვილად აქვს და თუ ქვეყანაში მასობრივი აქციები დაიწყება, ხელისუფლება იძულებული გახდება ამ ნაბიჯზე წავიდეს.   

„ლევან ხაბეიშვილმაც და ნიკა მელიამაც ძალიან სწორი  გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა და დამარცხებულმა პარტია არ დატოვა. ამიტომ მგონია, რომ ერთიანი ძალებით გარკვეულ აქტიურობას შეძლებენ. ორივე მხარე შეეცდება, რომ სააკაშვილი დაიხსნან. შესაძლოა ეს შიდა პატიმრობაც იყოს. 

დახსნაში აქ ნაგულისხმევია არა დესტაბილიზაცია და არეულობა, არამედ მშვიდბიანი აქციები, რომელიც  პერმანენტულ სახეს მიიღებს. ჩვენ ვიცით, რომ როცა ხელისუფლებას ქუჩაში დისკომფორტი ექმნება, ის იძულებული ხდება მსგავსი გადაწყვეეტილება მიიღოს. ხელისუფლების პროგნოზი და მოლოდინი, რომ პარტია დაიშლებოდა და ა.შ., არ გამართლდა. მგონია, რომ ხაბეიშვილი მერძოლი ადამიანია, რომელიც პარტიაში უფრო მეტ ენერგიულობას შეიტანს და სააკაშვილის თემის ირგვლივაც მეტად აქტიურები გახდებიან. 

ამიტომ არ ვიფიქრობ, რომ ხაბეიშვილის ნათქვამი პირდაპირ უნდა გავიგოთ - ვითომ ვინმე სადმე შავარდნას აპირებს. ეს იქნება ქვეყნის შიგნით დაწყებული სერიოზული აქტიურობა, რომლითაც ხელისუფლება იძულებული გახდება სააკაშვილი გაათავისუფლოს“,-აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე