ბაჩანა ტყემალაძე
(31.01.2023)

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადება ირანსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია და შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ირანის პოზიციაზე მოახდინოს გავლენა. ამის შესახებ ირანული მედია წერს.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ირანის სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას. თავად ირანში მიიჩნევენ, რომ თავდასხმა მემარცხენე რადიკალებმა განახორციელეს ისრაელის მხარდაჭერით. პოდოლიაკის განცხადებიდან კი გამომდინარეობს, რომ ეს თავდასხმა შესაძლოა უკრაინას უკავშირდებოდეს.

„ომის ლოგიკა ულმობელი და გამანადგურებელია. ის მკაცრად აზღვევინებს მის ავტორებსა და თანამზრახველებს. პანიკა რუსეთის ფედერაციაში, დაუსრულებელი მობილიზაცია, 1000 კილომეტრზე გადაჭიმული სანგრები, საჰაერო თავდაცვა მოსკოვში. აფეთქების ღამე ირანში - დრონებისა და რაკეტების წარმოება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. უკრაინამ გაგაფრთხილათ", - წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე".

უკრაინელი პოლიტიკოსის ამ სკანდალურ განცხადებას ირანში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკრაინის ელჩი განმარტებისათვის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა კი ანონიმურობის პირობით ირანულ გამოცემა „ნურ ნიუსს" განუცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება არ გააბათილებს მიხაილო პოდოლიაკის ირანისადმი მტრულ განცხადებს, ირანს ამაზე შესაბამისი რეაქცია ექნება.

„მაშინ, როდესაც უკრაინის მთავრობა ირანს რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს და ცრუ განცხადებებს ავრცელებს დასავლელი პარტნიორების წასაქეზებლად, მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს მტკიცებულების სახით ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა. კატარში, ორი ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო ექსპერტებს შორის გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე, უკრაინულმა მხარემ არ წარმოადგინა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ირანი რუსეთს სამხედრო აღჭურვილობას აძლევს. შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ დოკუმენტებს შემდეგ სხდომაზე წარმოადგენენ.

რუსეთ-უკრაინის ომში ირანს პრინციპული პოზიცია უჭირავს და მიესალმება, თუ სამხედრო კონფლიქტი დიალოგის გზით მოგვარდება, მაგრამ უკრაინის მხრიდან ირანის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ხაზგასმა შეიძლება გახდესს რუსეთ-უკრაინის ომში ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან პოზიციების ცვლილების, კიევის მთავრობის ქცევების შესაბამისი ახალი მიდგომის დანერგვის საფუძველი", - განაცხადა ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის განცხადება სკანდალს იწვევს. წლის დასაწყისში თავისი განცხადების გამო თანამდებობის დატოვება მოუწია პოდოლიაკის კოლეგა ოლექსი არესტოვიჩს. 2023 წლის 16 იანვარს ცნობილ ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსული რაკეტა, რომელიც ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სულაც არ იყო რუსების მიერ გამიზნულად მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ ნასროლი და ის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მალევე საპასუხო განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალები ამ ტიპის რაკეტას რაკეტას ფიზიკურად ვერ ჩამოაგდებდნენ. საბოლოოდ, არესტოვიჩმა ამ განცხადების გამო თანამდებობიდან გადადგა.

აღსანიშნავია, რომ პოდოლიაკიც და არესტოვიჩიც პერიოდულად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე