თამთა ჩაჩანიძე
(31.01.2023)

ოპოზიცური პარტიების ნაწილმა უკვე დააფიქსირა თავის პოზიცია ითანამშრომლებენ თუ არა ახალ ენმ-სთან. მაგალითად, „ლელოს" მიაჩნია, რომ პარტია წარსულში დაბრუნდა და თანამშრომლობის მიზანსაც ვერ ხედავს, „სტრატეგია აღმაშენებელი" კი პირიქით მიიჩნევს, რომ საერთო ენას იპოვის და ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ აქვს.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, იმ პარტიებსა თუ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც ამბობს, რომ ენმ-სთან ითანამშრომლებს, 2024 წლის არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა სურთ და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ხაბეიშვილის უკან ენმ-ის რომელი ძველი ლიდერი იდგება.

მისივე თქმით, „ლელოს" გადაწყვეტილება სწორია და თანამშრომლობაზე საუბრები ნაადრევია. პარტიებს მინიმუმ სექტემბრამდე მაინც აქვთ დრო გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ამ პერიოდში ცვლილებები მოსალოდნელია თავად ენმ-შიც.

„ლელოს" წევრმა პარლამენტარმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" გაიმარჯვა წარსულმა და პარტიასთან, რომელიც წარსულში ბრუნდება, „ლელო" თანამშრომლობის მიზანს ვერ ხედავს.

„სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში," გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა და მომავლის ხედვებმა. „ლელო" ორიენტირებულია მომავალზე, საქართველოს დასავლურ, უსაფრთხო მომავალზე და შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას. პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ.

„რაც შეეხება იმას, თუ მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, თუ დავინახავთ რაიმე რადიკალურ ცვლილებას და მომავალზე ორიენტირებას, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებს და რესურსებს ახლა ნამდვილად არ ვხედავ პარტიასთან, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა გაიმარჯვა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

განსხვავებულად ფიქრობს „სტრატეგია აღმაშენებელის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

„არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების" ჩამოშორების საკითხზე შეთანხმება. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა" ამ ღირებულებების ერთგულია და საერთო ენას ბევრ საკითხზე ვიპოვით", -ამბობს მანჯგალაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შემოდგომით ოპოზიზიციაში გადაჯგუფებები მოხდება და მანამდე რაიმე თანამშრომრომლობაზე საუბარი ნაადრევი და წამგებიანია.

„ენმ-ის რეპრესიული წარსული ძირითადად სწორედ მერაბიშვილთან ასოცირდება, კორუფციული წარსული კი კეზერაშვილთან. აქ პრობლემა ისაა, რომ ვინც თანამშრომლობს, მათ უბრალოდ გარანტირებულად 5%-იანი ბარიერის გადალახვა უნდათ. მერაბიშვილი კი არა, ადეიშვილიც და სხვაც რომ დაემატოს, ენმ-5%-იან ბარიერს აუცილებლად გადალახავს და მიტომაც, თუ გინდა, რომ გარანტია გქონდეს, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდები, მაშინ ამ ნაბიჯზე (თანამშრომლოობაზე) მიდიხარ.

„ის ხალხი, ვინც დღეს იძახის, რომ ენმ-სთან თანამშრომლობას ვაპირებო, ძალიან ჩქარობენ და საჩქარო ნამდვილად არ აქვთ. ამ ყველაფერს დრო უნდა, ამ პერიოდში კი გამოჩნდება როგორ და რა იქნება. ეს დრო კი ყველა პოლიტიკურ ძალას მინიმუმ სექტემბრამდე აქვს. შემოდგომაზე გადაჯგუფებები უნდა მოხდეს, გადაჯგუფებები თავად ენმ-შიც იქნება.

„მეორეც, საკითხავია დასჭირდება კი, ან რას შემატებს ენმ-ს თავად ამ პარტიებთან გაერთიანება? აბსოლუტურად არაფერს, ერთი მანდატის რაოდენობის ხმებსაც ვერ მოიტანენ. ამიტომ „ნაცმოძრაობისთის" ეს თანამშრომლობა წამგებიანი იქნება და კაცმა არ იცის თავად პარტია ამ თანამშრომლობაზე წავა თუ არა.

„თუ წინასაარჩევნოდ მთლიანად ოპოზიცია ერთიანდება, ეს სხვა ფაქტორია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს გაერთიანება ვერ და არ შედგება, პარტიების ნაწილთან თანამშრომლობა ენმ-ს ელექტორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერს არ მოუტანს.

„ლელოსთვის", როგორც ჩანს, მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან თანამშრომლობა კატეგორიულად მიუღებელია და ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. თუ მიმტკიცებ, რომ ქვეყანას გადავარჩენო და თან იმას „ჩალიჩობ", რომ 5%-იანი ბარიერის პრობლემა გაქვს, პარლამენტს მიღმა არ დარჩე და 1-2 მანდატი აიღო, ეს ლოგიკური არაა. რამდენიც არ უნდა ათეთრო, ეს ის ყორანია, რომელიც არ გათეთრდება", - განაცხადა ძაბირაძემ.

ენმ-ს თავად ამ პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და „ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილიც აკრიტიკებს. იგი „პალიტრანიუსთან" ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა" შიდაპარტიული არჩევნებით წარსულში დაბრუნდა და სიახლეს ვერ ხედავს, „რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება".

„მე გამოვრიცხავ, ფაქტობრივად ნულია იმის შანსი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ფორმით და ამ შემადგენლობით გაზარდოს საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობა. პირიქით, ვვარაუდობ, რომ შეიძლება რაღაც ნაწილი დაკარგოს", აცხადებს სამადაშვილი.

ძაბირაძემ სალომე სამადაშვილის ამ განცხადებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მოცემულობით ენმ-ს ის შანსი არ აქვს, რომ ელექტორალური ბაზა გაზარდოს.

„მე არ ვიცი სამადაშვილი ჩაკეტვაში რას გულისხმობს, მაგრამ ელექტორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩაიკეტება. არანაირი შანსი, რომ მან ელექტორალური ბაზა გაზარდოს, უბრალოდ არ აქვს. ოპოზიციურმა ფლანგმა სასწაული შეცდომები უნდა დაუშვას, რომ ენმ-ს ამომრჩეველთა რიცხვი გაიზარდოს", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე