ელზა პაპოშვილი
(30.01.2023)

უკრაინაში ღამის განმავლობაში იბომბებოდა დონეცკი და ხერსონი, არიან დაღუპულები და დაშავებულები. კონსტანტინოვკაში სახლებზე მიტანილი იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. მძიმე არტილერიით დაიბომბა დნიპროპეტროვსკი.  1 დაღუპული და 3 დაშავებული - ასეთია ხარკოვზე გვიან ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგი. რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქზე "S-300" ტიპის რაკეტით მიიტანეს.

გუბერნატორის ინფორმაციით, სამიზნე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ოთხსართულიანი შენობა იყო. გუშინ, დღის ბოლოს, ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ორ დასახლებას გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქს უტევენ, ასევე ცდილობენ ლიმანსკის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით წინსვლას.   

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის შეფასებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, კვლავ განიხილავს მოქალაქეების გამოძახებას მორიგი რაუნდისთვის.

კერძოდ, უწყება მედიაში 22 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ რუსი მესაზღვრეები არ აძლევდნენ შესაძლებლობას ყირგიზ მიგრანტ მუშაკებს დაეტოვებინათ რუსეთი და კაცებს ეუბნებოდნენ, რომ მათი სახელები მობილიზაციის სიებში იყო. გარდა ამისა, 23 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა თქვა, რომ განკარგულება "ნაწილობრივი მობილიზაციის" შესახებ კვლავ ძალაში რჩება. 

დაზვერვის თქმით, რუსეთის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, ეძებს გზებს, რათა დააკმაყოფილოს იმ პერსონალის დიდი რაოდენობა, რომელიც საჭიროა უკრაინაში მომავალი ძირითადი შეტევისთვის. ამავდროულად ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა უთანხმოება.  

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ესაჭიროება შორი დისტანციის რაკეტები, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა ფრონტის ხაზიდან დაშორებული წერტილებიდან მიიტანოს იერიში უკრაინულ ქალაქებზე.

„რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ჩვენს ქალაქ კოსტანტინივკაზე დონეცკის ოლქში. დაარტყეს საცხოვრებელ ტერიტორიას. ამ დროისთვის დაზარალებულთა სიაში 17 გვარია. 14 დაშავდა. 3 გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. რუსული რაკეტები 4 საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა კოსტიანტინივკაში. 

„მსგავსი დაბომბვები სამწუხაროდ ყოველდღიურობა გახდა. დონბასი, ხარკოვის ოლქი, ქვეყნის სამხრეთი. შესაძლებელი იქნებოდა ამ რუსული ტერორის შეჩერება, თუ შევძლებდით ჩვენი სამხედროების შესაბამისი სარაკეტო შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. უკრაინას ესაჭიროება შორი დისტანციის რაკეტები - რათა ოკუპანტებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, განათავსონ რაკეტების გამშვები დანადგარები ფრონტის ხაზიდან შორს და გაანადგურონ უკრაინული ქალაქები.

მადლობა ყველას მსოფლიოში - პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებსა და უბრალო ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ამტკიცებენ, რომ რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღის მიწოდებაზე ტაბუ არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარტნიორებმა დააჩქარონ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მარაგის მიწოდება," - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი ამბობს რომ გასულ დღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 4 იერიში მიიტანეს ოკუპანტების კონცენტრაციის წერტილებზე.

"მტრის განზრახვა უცვლელია - გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. იერიშები მიაქვს სამოქალაქო ობიექტებსა და სახლებზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს დონეცკისა და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. 

„უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩება საჰაერო დარტყმების საფრთხე. მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები. გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 4-ჯერ მიიტანეს იერიში ოკუპანტების კონცენტრაციის უბნებზე, დაარტყეს 2 საკონტროლო პუნქტს, მტრის საჰაერო თავდაცვის 2 პოზიციას და საბრძოლო მასალის საწყობს," - თქვა სტუპუნმა.  

საქართველოს გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი და „ჯეოქეისის“ მკვლევარი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ უკრაინა რუსებს მეორე თაობის ომში არ უნდა აჰყვეს. მისი თქმით, პოზიციურ თავდაცვაზე ბევრი ძალა არ უნდა დახარჯოს. რაც შეეხება, ფრონტზე ამჟამად არსებულ თანაფარდობას ტანკების მხრივ, გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დაახლოებით, 2:1-თან შეფარდებაა რუსების სასარგებლოდ ტანკების რაოდენობით, მაგრამ ზოგადად 12 000 ტანკი ჰყავს რუსეთს.   

„ძალიან უნდათ, რომ უკრაინამ ევროპის და ამერიკის დახმარებაა დაქსაქსოს, თუნდაც ბახმუტის მიმართულებაზე გაფლანგონ. ეს სამხედრო თვალსააზრისით, არაფრის მომცემი რაიონებია. ამ ტანკების გარეშეც შეუძლიათ ამოცანის შესრულება. 

„ძალიან ძნელია ადამიანი სანგრიდან ამოიყვანო და კონტრტშეტევაზე წაიყვანო, რომელიც გადაღლილია, ამიტომ კონტრშეტევას ახორციელებს დასვენებული, მეორე ეშელონი ან რეზერვი, ის ხალხი, რომელიც არის დასვენებული, რომელიც ბრძოლით არ არის გადაღლილი, ე.წ. „ახალი სისხლი“ ამიტომ აქ გადამწყვეტი მნიშვენლობა მხოლოდ ტანკები მიღებას არა აქვს. ჯარის გაწვრთნა და მისი მომზადებაა საჭირო. ამიტომ მოლოდინის შექმნა იმაზე, რომ ტანკების მიღების შემდეგ უკრინელები ესევე კონტრშერევაზე გადავლენ და ბრძოლას მოიგებენ, მცდარია“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე თქმით, ცოტა ხანში უკრაინის მხრიდან ავიაგამანადგურებლების საჭიროებაზეც დაიწყება საუბარი. გენერალი ამბობს, რომ უკრაინელებს დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება სჭირდება. მხოლოდ ასეთი პოზიციური ომი არაფრის მომცემია არცერთი მხარისთვის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე