კრემლმა 3+3 ფორმატზე თემა კვლავ წამოსწია, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, მოსკოვის მიზანია „ხელი შეუწყოს 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას", აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვაზე თავის დროზე ოფიციალურმა თბილისმა უარი თქვა, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დროდადრო ამ საკითხის გააქტიურება და თანაც ხაზგასმა ექვს ქვეყანაზე, რაშიც ჯიუტად საქართველოსაც მოიაზრებენ, ნიშნავს იმას, რომ პუტინის რუსეთი რეგიონზე გავლენას კარგავს და ხავსს ეჭიდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა გააგრძელოს „კონსტრუქციული ურთიერთქმედება სამხრეთ კავკასიაში".
„ერთგული ვრჩებით არსებული და განვითარებადი მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატების მიმართ. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანასწორუფლებიან დიალოგის საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთს შორის", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთის მიზანია ხელი შეუწყოს 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას, რომელსაც სასარგებლო და დროულ პლატფორმად მიიჩნევენ.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი). ეს პლატფორმა, სადაც იგეგმება რეგიონული მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ საკითხებზე ფოკუსირება, მიგვაჩნია სასარგებლოდ და დროულად", - აღნიშნა ლავროვმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენები საგრძნობლად სუსტდება და ახლა მოსკოვი ცდილობს, რომ რაღაც ინიციატივებს მოეჭიდოს.
„რუსეთს უნდა, რომ რეგიონში როგორმე დარჩეს და რაღაც ფუქნცია ჰქონდეს (ასე მეჩვენება), ამიტომ ამისთანა ინიციატივები მისგან სულ იქნება შემოთავაზებული იმისთვის, რომ რეგიონში „პოზიტიური" იმიჯი შეიძინოს.
„რუსეთი რეგიონზე გავლენებს რა თქმა უნდა კარგავს, უკრაინის მოვლენების შემდეგ, მისი, როგორც მშვიდობისმოყვარის და სტაბილურობის ხელშემწყობის როლის შესრულებაზე ლაპარაკი უბრალოდ არასერიოზულია. თავადაც ხედავს, რომ ამგვარი ტენდენციაა და სურს, რომ როგორმე აქედან თავი დააღწიოს, ასეთი წინადადება სწორედ ამის საფუძველია", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
თსუ-ს პროფესორი და ანალიტისკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" არგაღიზიანების პოლიტიკის ფონზე, რუსეთს ჰგონია, რომ ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ საქართველო ასეთი ტიპის ფორმატებში შეითრიოს. მისი თქმით, უკრაინის ომის ფონზე კრემლი რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენებს კარგავს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ეს აღადგინოს.
„ეს იმ საგარეო პოლიტიკითაა გამოწვეული, რომელსაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება მიმართავს. მითუმეტეს იმ დათმობითი თუ არგაღიზიანების პოლიტიკის ფონზე, რაც რუსეთთან აქვს.
„ლავროვის ბოლო გამონათქვამები გვახსოვს, რომ თითქოს საქართველო დასავლეთს მედგარ წინააღმდეგობას უწევს. ეს კი რუსეთს რაღაცნაირად აგულიანებს და ჰგონია, რომ ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ საქართველო რეგიონალურ პროექტებში შეიტყუოს, სადაც არც ევროკავშირი, არც აშშ და არც სხვა დასავლელი პარტრნიორები არ მონაწილეობენ.
„რუსეთს ჰგონია, რომ ახლა ზუსტად ის სიტუაციაა, როცა შეუძლია, რომ საქართველოს ამ ორგანიზაციაში ჩართულობის იმედი ჰქონდეს და შემდეგ თავისი რეგიონალური დღის წესრიგი გაატაროს.
„რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან დაბალ დონეზე დაეცა, ამას ემატება ის, რომ მისი საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება, ასევე, პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი გავლენა ძალიან შემცირდა და ამ ომის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდება.
„კავკასიაში ამის მაგალითია ის, რომ მისი ოფიციალური მოკავშირე, „ოდკბ"-ს და თითქმის ყველა რუსული გაერთიანების წევრი სომხეთიც კი უკმაყოფილოა მისი მოკავშირის ქცევით, ევროკავშირის მისიის მოწვევა ამის კარგი მაგალითია.
„უკვე იმასაც კი ფიქრობენ, რომ სომხეთი შეცვლის თუ არა თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს, შესაძლოა ეს უცებ არ მოხდეს, თუმცა, საუბრებია. ამას ემატება ის, რომ აზერბაიჯანმა, რომელმაც ომი მოიგო, თურქეთთან ახლო კავშირები აქვს და ანკარის ძლიერი ზეგავლენის ქვეშაა, აქაც რუსეთის პოზიციები მოისუსტებს. ამას ემატება საქართველო, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გავლენა დაკარგა, რომლის აღგენას პრორუსული ჯგუფების გააქტიურებით და რაღაცეებით ახლა ცდილობს," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
აღსანიშნავია, რომ სომხეთში ევროკავშირის ახალი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია განლაგდება, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისია შექმნას. მისიის მიზანია სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობა, ადგილზე ნდობის განვითარება და ხელსაყრელი პირობების შექმნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევისთვის.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადამ, რომ სომხეთში ევროკავშირის მისიის დაარსებით იწყება ახალი ეტაპი ევროკავშირის საქმიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი სახელმწიფოს პლატფორმის შექმნის იდეა. რაშიც იგულისხმება თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო,სომხეთი, რუსეთი და ირანი.
მოსკოვის მტკიცებით, პლატფორმის მიზანი არის „რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე