ელზა პაპოშვილი
(29.01.2023)

ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემა ორშაბათს დილის 10 საათზე დასრულდება და შედეგები შუადღისთვის ოფიციალურად გამოცხადდება. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, მთავარი მოვლენები სწორედ ამის შემდეგაა მოსალოდნელი - თუ რომელიმე მხარემ არჩვნების შედეგები არ აღიარა, ამან შესაძლოა პარტიის ორ ან მეტ ნაწილად დაშლა გამოიწვიოს. თუმცა, ენმ-ში არ გამორიცხავენ, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის გამართვა გახდეს საჭირო.

ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი მუმლაძეს  და ნონა მამულაშვილს - პარტიის თავმჯდომარეობა ოთხ კანდიდატს სურს. არჩევნები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით ტარდება. ხმის მისაცემად პარტიის 50 000-მდე მხარდამჭერი დარეგისტრირდა, თუმცა 124 ადამიანი გაიფილტრა. ენმ-ის წარმომაგდნელთა ცნობით, ხმის მისაცემად სხვა პარტიების წარმომადგენელი რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსიც იყო დარეგისტრირებული და ისინი სიიდან ამოიღეს, თუმცა მათ ვინაობას არ ასაჯაროებენ.

ხმის მიცემა შაბათს დილის 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო პროცესი 40 წუთით შეფერხდა. მეორე ტური კი იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მიღება. ასეთ შემთხვევაში, თავმჯდომარეობისათვის ბრძოლას მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გააგრძელებს.

„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ყველაფერი სწორედ 30 იანვრის მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. მათი აზრით, თუ დამარცხებულმა გამარჯვებულს არ მიულოცა და არჩევნების  ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დადგა, მაშინ პარტიას რამდენიმე ნაწილად დაშლა ელის. ისინ არც იმას გამორიცხავენ, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო, თუმცა დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ გამარჯვებული პირველივე ტურში გამოიკვეთება.

რაც შეეხება კანდიდატთა შანსებს, მათი შეფასებით, მთავარი ბრძოლა მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორისაა მოსალოდნელი, რომელსაც ენმ-ს ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი და სერიოზული ფინანსური რესურსი უმაგრებს ზურგს.

არჩევნები ბლოკჩეინით - როგორ ხდება რეგისტრაცია, შემოწმება, კენჭისყრა 

კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 13 იანვარს 16:00 საათზე დაიწყო და 26 იანვრის 10:00 სთ-მდე გაგრძელდა. კენჭისყრა ფარულია. პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ენმ-ის მხარდამჭერებს18 წლის ასაკიდან. მანამდე კი მათ ვინაობას სპეციალური კომისია საფუძვლიანად ამოწმებდა. 

არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ენმ-ის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული სპეციალური ბმულით გადიოდნენ რეგისტრაციას. ამის შედეგად მოხდა ამომრჩევლების ბაზის შედგენა პირდაპირ ბლოკჩეინის პლატფორმაზე. 

ენმ-ში ამბობენ, რომ პროცესში კონტრაქტორად ამერიკული კომპანია Voatz-ი შეარჩიეს.  მათი განცხადებით, ბლოკჩეინი მონაცემთა ბაზის დაცული სისტემაა. მონაცემები ინახება არა ერთ კომპიუტერში, არამედ ის ხელმისაწვდომია ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერისთვის. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ყველაზე ცნობილი მაგალითი ბიტკოინების ელექტრონულ ვალუტას უკავშირდება. დაცულობის ხაზგასასმელად, სპეციალისტები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ სისტემა აღრიცხავს ყველა მოქმედებას, რომელიც ხორციელდება ამა თუ იმ კომპიუტერიდან. შესაბამისად, შეუძლებელია მანიპულირება და მონაცემების გაყალბება.

პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად კი, ფეისბუკი ამ პროცესის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი ქონა აუცილებელია. სისტემა ამოწმებს რელურია თუ არა ეს ადამიანი, რათა გამოირიცხოს ე.წ. ბოტების და ტროლების ჩართულობა არჩევნებში. 

ფეისბუკზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები და პოსტები, ასევე გამოყენებული იყო დარეგისტრირებული პირების იდენტიფიცირებისთვის, რეგისტრირებულთა სიის შემოწმების პროცესში. 

აღსანიშნავია, რომ არჩევნებისას სისტემა ხმებს თავად ითვლის.

დაპირისპირება და სკანდალები 

წინასაარჩევნო კამპანია მწვავე ბრალდებებისა და სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა, რომელშიც ორი მთავარი კანდიდატი - ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იყვნენ ჩართული.

პირველი სკანდალი ნიკ მელიას ფარული აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნება იყო, რომელიც პარტიის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა „იუთუბ“ არხზე ატვირთა. ჩანაწერში მელია, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს აგინებდა მესამე პირთან საუბარში. მელიას ფრთამ ამ ჩანაწერის გავრცელებაში ლევან ხაბეიშვილი და მის უკან მდგომი ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა. 

ამის შემდეგ გავრცელდა ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას ფარული ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება სარისკოა და არავინ იცის რუსეთს ამაზე რა რეაქცია ექნება. 

ამის შემდეგ დავის ახალი მიზეზი გახდა პარტიის ლიდერებისთვის ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი დავით კეზარაშვილის მიერ ნაჩუქარი საჩუქრები ხდება. ასევე აღმოჩნდა, რომ პარტიის გენმდივანი კობა ნაყოფია, რომელზეც ნიკა მელია ამბობდა, რომ დავით კეზერაშვილი მის პარტიიდან გაშვებას სთხოვდა, კეზერაშვილს რამდენჯერმე შეხვდა.  ნაყოფია ამბობს, რომ კეზერაშვილს არჩევნების შემდეგ პარტიის ბედზე ესაუბრა. 

ყველაზე მწვავე სკანდალი კი უშუალოდ ხმის მიცემის დაწყების წინა დღეს გერმანულ „შპიგელში“ გამოქვეყნებულმა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუმ გამოიწვია. სააკაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ მას 2021 წელს უღალატეს და შესაძლოა მისი საქართველოში დაბრუნება რუსების მიერ ჩანერგილმა  აგენტებმა დაგეგმეს. ამას კი პარტიაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა. მელიას ფრთა ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა  ვანო მერაბიშვილი იგულისხმა. მერაბიშვილმა კი სოციალურ ქსელში განცხადება გაარცელა, რომ არჩევნების გამო მელიას მხარდამჭერები ყველაფერს კადრულობენ, სააკაშვილს ის არ უგულისხმია და ექსპრეზიდენტის ნათქვამის არასწორად ინტერპრეტირება ხდება. 

რა იქნება არჩევნების შემდეგ 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ენმ-ის თამვჯდომარის არჩევნები ამ ურთიერთდაპირისპირების ფონზე საცირკო სანახაობას დაემსგავსა და ეს პარტიის დაშლის დასაწყისია. 

„მუქარა, შანტაჟი, ჩანაწერების გამოქვეყნება - ესაა სააკაშვილის პარტიის რეალური სახე და დღის წესრიგი. იმას, რასაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში შეჩვეული იყვნენ, ახლა იმავეს ერთმანეთს უკეთებენ. 

„შესაძლოა, ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვოს, რადგან მის უკან დიდი  რესურსებია. თუმცა რა მოჰყვება მის გამარჯვებას შემდეგ, საკითხავი უკვე ეს არის. პარტია ორად კი არა, შესაძლოა რამდენიმე ნაწილად დაიყოს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ენმ-იდან გასულმა ჯგუფებმა გაამსხვილონ, ან სხვადასხვა პარტია შექმნან. სააკაშვილი ვითომ ამ სიტუაციაში არ ერევა, მაგრამ რეალურად ერევა და თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს. მისი დედის და ბიძის სიტყვა ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება. 

„ჯერ არ ერევიან, მაგრამ არ მგონია 30 იანვრის შემდეგაც  პროცესებისგან  დისტანცირებული იყვნენ. მათ პარტიის მართვაში რესურსები აქვთ. სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი ვხედავთ, რომ მუმლაძის გვერდით არის და არჩევნებში, როგორც ჩანს, გარკვეულ როლსაც შეასრულებს. სწორედ ეს მუმლაძეა, რომელმაც არჩევნების სხვადასხვა ვერსიები თქვა. 

„აქ ძალიან საინტერესო მომენტი ისაა, რომ რაც უფრო დაპირისპირებაში შევა ენმ-ში ხალხი ერთმანეთთან, ქვეყნისთვის და ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის მით უფრო  კარგი იქნება. ყველაფერი გამოაშკარავდება. არ აქვს მნიშვნელობა მელია გაიმრჯვებს თუ ხაბეიშვილი, ენმ-ის ეს სიტუაცია კიდევ უფრო შეუქცევადი გახდება. ამ სიბინძურეების და ტალახში გორაობის შემდეგ არ ველი, რომ ისინი ერთად პოლიტიკურ თანაცხოვრებას შეძლებენ. 

„არ მგონია, რომ მეორე ტური იქნება. ვფიქრობ, ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. თუმცა, არც ისაა გამორიცხული მისი ლეგიტიმურბა კითხვის ქვეშ დააყენონ. ამისთვის გარკვეული ნიადაგიც მზადდებოდა, ვნახოთ“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობის“ სხვადასხვა ჯგუფებმა საერთო ენა გამონახვა უნდა შეძლონ. სხვაგვარად პარტიას პრობლემები შეექმნება და ეს თავადაც კარგად იციან. ჩიტაძე სწორედ ამას უკავშირებს კობა ნაყოფიას და დავით კეზერაშვილის შეხვედრას, სადაც, სავარაუდოდ, მათ სწორედ ამ რისკებზე ისაუბრეს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ყველა მხარემ უნდა გამონახოს რესურსი, რათა პარტიის გადასარჩენად დათმობებზე წავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც პარტია, ასევე ორივე მხარე ძალიან დაზიანდება. 

„მე ვფიქრობ, რომ პარტიაში ორივე რადიკალურად დაპირისპირებული ჯგუფი უკვე აცნობიერებს, რომ ყველაზე გადამწყვეტი მომენტი არჩევნების შემდეგ დადგება, როცა დამარცხებულმა გამარჯვებულს უნდა მიულოცოს და არჩევნების შედეგები აღიაროს. ხოლო ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს, ყველას ერთად ზიანის მეტს არაფერს მოუტანთ. ხელი უნდა ჩამოართვან და ერთად პოლიტიკური თანამშრომლობა შეძლონ. ეს თუ არ მოხდა, მე საერთოდ პარტიის ბედი როგორ განვითარდება, ბუნდოვნად წარმომიდგენია. მითუმეტეს, რომ 2024 წლის არჩევნები ლამის კარზეა მომდგარი. 

„მიხეილ სააკაშვილის ადგილას მე ავდგებოდი და არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ მხარეს მივულოცავდი და დამარცხებულებსაც იგივეს მოვუწოდებდი. სხვაგვარად ამ პარტიის არსებობა რისკის ქვეშ დგება. ეს დაპირისპირება და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. 

„რა თქმა უნდა, ყველა პარტიაში ხდება მსგავსი რამ და როგორც ხაბეიშვილს, ასევე მელიას აქვს ის რესურსი, რომ პარტიის განვითარება შეძლონ. ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში ეს აღიარებული უნდა იქნას. ვფიქრობ, კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს სწორედ ამის გამო შეხვდა და მათ პარტიის  მომავალზე ისაუბრეს. ნაყოფიამ პირდაპირ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ მოვლენების განვითარებაზეა საფიქრალი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მეც ასე ვფიქრობ და ველი, რომ ამ აზრამდე ყველ ერთად მივალთ“, -ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე