ნაზი ბერიძე
(28.01.2023)

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს მიანიშნა, თუ რომელ კანდიდატს არ უნდა მისცენ ხმა, თუმცა ამ კანდიდატის უკან მდგომ ჯგუფს სერიოზული ფინანსური რესურსები აქვს და ამან შესაძლოა სააკაშვილის პოზიცია გადაწონოს - ამის შესახებ „რეზონანსს“ ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

შაბათს დილის 10 საათიდან ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ორშაბათს დილის 10 საათზე დასრულდება. პარტიის ლიდერობისათვის 4 კანდიდატი იბრძვის: მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე

პარასკევს საღმოს გერმანულ „შპიგელში“ გამოქვეყნებულმა ექსპრეზიდენტის ინტერვიუმ კი საზოგადოებაში და განსაკუთრებით თავად ენმ-ში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი, მის პატიმრობაში კრემლის ჩართულობასა და როლზე საუბრობს. მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი პატიმრობა და ფიზიკური განადგურება სწორედ პუტინის პირადი ბრძანებაა. ასევე აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში მისი ჩამოსვლა დაგეგმეს, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ. გარდა ამისა, ნანობს თავისი მმართველობის ხარვეზებსა და მანკიერებებზე და ერთ-ერთ დიდ შეცდომად იმას მიიჩნევს, რომ გიგრგვლიანი გახმაურებული საქმის შემდეგ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

ენმ-ის მხარდამჭერთა ნაწილმა მიიჩნია, რომ „რუსეთის ჩანერგი აგენტებს“ შორის ექსპრეზიდენტი სწორედ ვანო მერაბიშვილს გულისხმობს, რასაც პარტიის წევრთა მხრიდან სხვადასხვა განცხადებები მოჰყვა. განცხადება გააკეთა თავად მერაბიშვილმაც და თავისი ოპონენტები სააკაშვილის სიტყვების არასწორად ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა.

„რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.

სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო“, - წერს მერაბიშვილი.

რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილის განცხადება რუსეთის აგენტებთან დაკავშირებით ეჭვს იწვევს.

„არ მგონია საქართველოში სააკაშვილი ვინმემ არაჟნის კოლოფივით ჩამოიყვანა. სააკაშვილს ზოგადად უყვარს გადაბრალება. არსებობს  ვარიანტის მეორე ვარაუდი - დავუშვათ აგენტებმა უთხრეს, რომ უნდა ჩამოსულიყო, ჩამოუთვალეს მიზეზები, თუ რისთვის და მან კი შეასრულა, ეს არ არის ჩამოყვანა, ეს დათანხმებაა. მაგრამ არც ერთი მგონია სწორი და არც მეორე. იმიტომ, რომ სააკაშვილი ადრე ამბობდა პუტინის ტყვე ვარო,  ახლა კა გაიძახის, რომ პურტინის ნათქვამს გამოვყევი საქართველოშიო... 

„რა დროს მიშას გასამართლება აწუხებს პუტინს? მერე როდის იყო პუტინი გასამართლების  სცენარს ფიქრობდა? პუტინმა ვისი მოშორებაც უნდოდა, ადვილად მოიშორა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში“, - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა სააკაშვილი რუსეთის აგენტებში  მერაბიშვილს, ანალიტიკოსს ორაზროვანი პასუხი აქვს.

„შეიძლება გულისხმობდა აგენტებში მერაბიშვილს. აგენტობის დასამტკიცებლად ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა გქონდეს, რომ აგენტი სპეცსამსახურთან თანამშრობლობს. გამორიცხული არ არის ასეთი დოკუმენტი არ არსებობდეს, მაგრამ ადამიანი აკეთებდეს იმას, რაც სხვა სახელმწიფოს ინტერსებშია“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

საყვარელიძის აზრით, სააკაშვილის ეს ინტერვიუ იყო მინიშნება მისი მომხრეებისადმი, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მხარი არ დაუჭირონ მერაბიშვილთან დაკავშირებულ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს და ამან შესაძლოა არჩევნების შედეგებზეც იქონიოს გავლენა.

„სააკაშვილს საერთოდ დიდი გავლენა აქვს „ნაციონალების“ ხმების გადასვლა-გადმოსვლაში, რადგან ამ პარტიის მხარდაჭერების ძირითადი ბირთვი სწორედ მისი თაყვანისმცემლები არიან. სააკაშვილს ღიად არ უთქვამს, მაგრამ კრიტიკული რეპლიკები ჰქონდა მერაბიშვილისა და იმ ჯგუფის  მიმართ, ვისთანაც არის მერაბიშვილი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ასე მიანიშნა, რომ მისმა თაყვანისმცემლებმა არ დაუჭირონ მხარი ხაბეიშვილის გუნდს, მაგრამ ამ ჯგუფს აქვს ფული და იგი ანათებს“, -აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე