ომის 338-ე დღე უკრაინაში - მძიმე ბრძოლები ისე გრძელდება. ღამის განმავლობაში რუსული ძალების მიერ უპილოტო დრონების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 და დაიჭრა 13 ადამიანი. შეტევისას, კიევში 5 საცხოვრებელი კორპუსი და 7 სხვა ობიექტი დაზიანდა. დაიბომბა ხერსონის ოლქი - გარდაიცვალა 1 და დაიჭრა 4 ადამიანი. ზაპოროჟიეს ოლქში ღამით იერიში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. დაიღუპა 3 და დაიჭრა 7 ადამიანი. ორი ადამიანი გარდაიცვალა და 1 დაიჭრა რუსული არტილერიის შეტევისას დონეცკის ოლქშიც. ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს საზღვართან ახლოს მდებარე ჩერნიგოვის ოლქის დასახლებები.
მტერი ზეწოლას აძლიერებს ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებებზე. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამზე” წერს, მტერი ცდილობს თავდაცვის ხაზების გარღვევას.
„გრძელდება მძიმე ბრძოლები. მტერი ბრძოლაში რთავს პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას, ცდილობს ჩვენი დაცვის გარღვევას, განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს. ბრძოლების ინტენსიურობა იზრდება. ახლა დონბასში მათი მებრძოლებისა და შეიარაღების რაოდენობაში უპირატესობის წინააღმდეგ ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის პროფესინალიზმსა და მებრძოლების სიმამაცეში უპირატესობაა”, - წერს მალიარი.
რაც შეეხება უკრაინაზე ბელარუსიიდან თავდასხმას, „ბელარუსში ავიაციის მანევრები ფსიქოლოგიური ფაქტორია, განსაკუთრებული საშიშროება ჯერ არ არსებობს“, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბელარუსში ერთიანი არმიის შექმნის მიზნით განლაგებულია რუსეთის საავიაციო დაჯგუფება, რომელიც გაერთიანებული ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშავებს.
„მათი მანევრები გასათვალისწინებელია. კერძოდ, გუშინდელი საჰაერო განგაშები სწორედ ბელარუსის ტერიტორიაზე მტრის ავიაციის აქტივობებს უკავშირდება”, - აღნიშნა იგნატმა. მისი თქმით, „ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, განსაკუთრებული საფრთხე ამ მიმართულებით ამ დაჯგუფებას არ გააჩნია“.
მან აღნიშნა, რომ „შაჰიდების” და ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარტნიორების მიერ მოწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემები. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დასავლური ტიპის თვითმფრინავების გადაცემაც. „...მაგალითად, F-16 გამანადგურებლები. დღევანდელ პირობებში ასეთი თვითმფრინავი ყველაზე მოსახერხებელი იქნებოდა. ასეთი თვითმფრინავები შესაძლოა, როგორც საჰაერო თავდაცვის ნაწილი, ასევე ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციისთვის მიზნით მტრის წინააღმდეგ დარტყმების მისაყენებელი ძალა გამხდარიყვნენ”, - განაცხადა იგნატმა.
„რუსული აგრესიის შეჩერება მხოლოდ ადეკვატური იარაღით შეიძლება, ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც უკრაინისთვის ომის შედეგად მიყენებულ ზიანს, რუსული აქტივების ხარჯზე აანაზღაურებს.
„დღეს ჩვენ გავუძელით ტერორისტების მორიგ სარაკეტო დარტყმას. შეტევა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ჩვენ პარტნიორებთან ვსაუბრობდით. რუსული აგრესიის შეჩერება მხოლოდ ადეკვატური იარაღით შეიძლება. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. თითოეული რუსული რაკეტა ჩვენს ქალაქებში, ყოველი ირანული დრონი, არის არგუმენტი იმისა თუ რატომ გვჭირდება მეტი იარაღი. ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს. ყველას მადლობელი ვარ მსოფლიოში, ვინც ჩვენთან ერთად ებრძვის ტერორს. ვინც აჩქარებს უკრაინისთვის საჭირო თავდაცვითი ტექნიკის მიწოდებას და მზად არის ტერორისტულ სახელმწიფოზე სანქციების ზეწოლისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ის პუტინთან მოლაპარაკებას არ აპირებს. კითხვაზე, შეუწყობს თუ არა პუტინთან პირისპირ შეხვედრა მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას ხელს, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩემთვის საინტერესო არ არის".
„არ ვარ დაინტერესებული შეხვედრით, საუბრით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან „ნორმანდიულ ფორმატში“, ეს იყო სრულმასშტაბიან შემოჭრამდე. ვნახე ადამიანი, რომელიც ერთს ამბობდა და შემდეგ მეორეს აკეთებდა. ვერ ვხვდები - მისი გადაწყვეტილებებია თუ ვინმე სხვისი? მერე რა, რომ შევხვდეთ, ხელი ჩამოვართვათ? არ არის საინტერესო. ვესაუბროთ? ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის ის ახლა? სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ის დიდ ომს აწარმოებს. ფიქრობს, კარგი, ახლა უკრაინაში არ გამოდის, მაგრამ დაველოდებით, მსოფლიო არ დარჩება ერთიანი, ისინი დაიღლებიან და მე კიდევ უფრო შორს წავალ. უკრაინის შემდეგ იქნება შემდგომი ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები, თუ ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. ვფიქრობ, მოვახერხებთ, მივიღებთ მხარდაჭერას და გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე