ელზა პაპოშვილი
(27.01.2023)

არჩევნებამდე რამდენიმე საათი ადრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიტუაცია ისევ აირია. ლევან ხაბეიშვილი, როგორც ჩანს, არჩევნების დასრულებასაც არ ელოდება და თავი გამარჯვებულად უკვე გმოაცხადა. ხაბეიშვილმა თავმჯდომარეობის შემთხვევაში ენმ-ის განვითარების 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ნიკა მელიას ფრთა კი ხაბეიშვილის განცახდებას კომიქსების ფრიალს უწოდებს და მელიას შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ. ისინი მოქმედი თავმჯდომარის პირველივე ტურში გამარჯვებას პროგნოზირებენ. 

გამარჯევბაში კი 4-ივე კანდიდატი დარწმუნებულია. თუმცა დაპირისპირება ამით არ სრულდება და ახლა მელიას გიორგი მუმლაძე, რომელიც ასევე კანდიდატია,  გიორგი გახარიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილის გუნდი 60%-იან გამარჯვებას ვარაუდობს პირველივე ტურში. ხაბეიშვილი კი  აღნიშნავს, რომ  12-პუნქტიანი გეგმის შესრულება გამარჯვებისთანავე დაიწყება.

„მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა. ჩვენ ამას დავიწყებთ გამარჯვებისთანავე და ეს იქნება უკვე 30 რიცხვიდან. „ნაციონალური მოძრაობიდან“ – „ნაციონალურ მოძრაობამდე“. პირველი ნაბიჯი, რასაც გადავდგამ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი. კონსულტაციების შედეგად, ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება პროცესში და გამოიყენებს როგორც საშინაო, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რესურსს, როგორც საგარეოს, ასევე ფინანსურსს.

ამასთან, პარტიაში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდება და იქნება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია. გენერალურ მდივანთან ჩამოყალიბდება სრულფასოვანი სტრუქტურა და მაქვს პატივი, ამ თანამდებობაზე კვლავ შემოგთავაზოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი პეტრე ცისკარიშვილი. უახლოეს დღეებში, როგორც კი გავიმარჯვებთ არჩევნებში, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, როგორ დავაკომპლექტებთ ამ სამდივნოს, რომელიც მთავარ ბრძოლაში შევა რუს ოლიგარქთან. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უკავშირდება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლება-გაძლიერებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თბილისის პარტიული ორგანიზაცია. ამიტომ რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მათ აირჩევს საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციები. ჩვენ დავდებთ დედაქალაქის განვითარების ახლებურ გეგმას და არა ისეთს, როგორსაც გვთავაზობს კალაძე და მერია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მელიას გუნდის წევრი ბაჩო დოლიძე თავისი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

„არავინ, არსად წასვლას ნამდვილად არ აპირებს. გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს 60-70%-ზე, ცოტა ირონიულია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ხმის მიცემის პროცესი არის აბსოლუტურად ფარული. შესაბამისად, ვინ, ვის მისცემს ხმას, ეს არ ჩანს. მანიპულირება, რომ თურმე წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება რამის პროგნოზირება, არის აბსურდი. აღნიშნული კომიქსები უკვე მინახავს. შესაბამისად, ახლა მთავარია ყველამ ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ, რომ აქტიურად მისცენ ხმა 28-29 იანვარს. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავინ არავის გაგდებას არ აპირებს, საიდან წარმოიშვა ეს აზრი, წარმოუდგენელია, ყველას აქვს თავისი ბიოგრაფია ამ პარტიაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ. არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც კულისების უკან მართავენ პროცესებს. ერთ-ერთი მათგანი და ნათელი მაგალითია ბატონი ვანო მერაბიშვილი ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა დოლიძემ.   

„ნაციონალური მოძრაობა“ წაგებულ ომშია შესული - ვერც ხაბეიშვილის და ვერ მელიას გამარჯვების შემთხვევაში პარტიის განვითარების შესაძლებლობა ვერ იქნება - ამის შესახებ „ხალხის ძალის” ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის” ყველა ფლანგის ლიდერი აღიარებს, რომ ეს ე.წ. პოლიტიკური ძალა წაგებულ ომშია შესული. წაგებული ომი ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად დაშლილია - რამდენ მიმართულებად დაიშლება, ვინ გაიმარჯვებს და შემდეგ ეს გამარჯვებული რას გააკეთებს, ან დამარცხებული კანდიდატი ცალკე პარტიას შექმნის თუ არა, ეს დეტალები შინაარსობრივად დიდი ინტერესის მქონე არაა. მოხდება ის, რასაც ვამბობდით - ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დომინანტი პარტია, რომელიც ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ნორმალურ წამოწყებას შთანთქავდა, აღარ იქნება. ამის დასაწყისი იქნება 28-30 იანვარი. ვინც არ უნდა მოიგოს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის” მინიმუმ რამდენიმე ნაწილად გაყოფა, რაც ოპოზიციისთვის კარგია. თუ ხაბეიშვილი მოიგებს, ყველამ იცის, რომ მის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი დგას, ეს ორი ადამიანი კი ძალიან ბევრისთვის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისთვისაც, მიუღებელია. თუ მელია გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ როგორც თავადვე აღიარებენ ხაბეიშვილის მომხრეები, ეს არ არის მიშას პარტია, რომელიც იყო თავის დროზე და დიდი განხეთქილება მოხდება. დანარჩენ კანდიდატებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, დიდი შანსი არ აქვთ. ვერც ხაბეიშვილის და ვერც მელიას გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ განვითარების შესაძლებლობა ვერ იქნება. უბრალოდ, ბრძოლა მიდის იმაზე, ვინ გამოიყენებს 5 ნომერს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.   

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის პარტიის შიგნით არსებულ სიტუაციას ასე ზუსტად არ იცნობს და რთულია კონსპირაციულ თეორიებში შესვლა. თუმცა ანალიტიკოსი აცახდებს, რომ ფაქტია ნაყოფიას და  კეზერაშვილის შეხვედრა შედგა და ამას არცერთი მხარე არ უარყოფს. თუმცა მას მიაჩნია, რომ ამ შეხვედრის მიზეზი გამოსავლის ძიებაა. შესაძლოა  ორივე მხარე ურთიერთ შეხების წერტილებს ეძებს. 

„ახლა პარტიაში იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ არ გამოვრიცხავ კობა ნაყოფიას და კეზერაშვილის შეხვედრის მიზანი პარტიის  გადარჩენაც კი იყოს. შესაძლოა ცდილობენ, რომ ენმ-ი ნაწილებად არ დაიშალოს და რაღაცა საერთო  ენა გამონახოს. კეზერაშვილი არც პარტიის წევრია და არც ოფიცილური ფიგურა. ის არის პარტიის მდიდარი გულშემატკივარი. მასთან პარტიის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის შეხვედრა იმას ემსახურება, რომ ამ ორ ბანაკად დაყოფილ ჯგუფს შორის დაძაბულობა განიმუხტოს. შესაძლოა  სხვა საკითხების განხილვაც მოხდა. ჩვენ ხომ ამის შესახებ ზუსტად ვერ ვისაუბრებთ. 

რაც შეეხება ამ ჯგუფებს შორის არსებულ ძალთა თანაფარდობას, რთულია წინასწარ საუბარი იმაზე, ვის მხარეს უფორ მეტი შანსებია. მომხრეები ორივე მხარეს ჰყავს. აქ ალბათ გარკვეულ როლს ის ფაქტორი იმუშავებს,  ვის უფრო მეტი ფინანსური და ორგანიზაციური რესურსი უმაგრებს ზურგს. მელიას  მხარეს 50 რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა. მათ, რა თქმა უნდა, ადგილზე თავის აქტივისტები ჰყავთ. თუმცა ხაბეიშვილის მხარეს კეზერაშვილის  ფული და მერაბიშვილის გავლენებია. თუმცა ბოლო პერიოდში მელიამ თავისი  კავშირებიც გააქტიურა და საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა გამართა. ვფიქრობ შანსები 50/50-ზეა“, - ამბობს ანჯაფარიძე.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე