თამთა ჩაჩანიძე
(27.01.2023)

ლეგენდარული პოლკი „აზოვი", რომელიც მარიუპოლს კვირეების განმავლობაში მედგრად იცავდა და დიდი დანაკარგი განიცადა, ბახმუტის დასაცავად გადაისროლეს და უკვე ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებული ძალების სტატუსით იბრძვის. როგორც სამხედრო საქმის სპეციალისტები მანამდე აცხადებდნენ, უკრაინას კრიტიკული გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა - ან ბახმუტის დასაცავად დამატებით ძალებს გაგზავნიდნენ, ან ევაკუაციას გამოაცხადებდნენ. ახლა კი ამბობენ, რომ „აზოვის" მებრძოლები ქალაქის დაცვაში მნიშნელოვან როლს შეასრულებენ.

„აზოვის" პოლკი ბრიგადამდე იზრდება და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს როგორც მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა უერთდება.

„აზოვი" ფართოვდება და განმათავისუფლებელ ომში სულ უფრო დიდ ძალას იძენს. ამიერიდან ჩვენ მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა ვართ უკრაინის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში...ახალი ბრიგადული დროშები უკვე იპყრობენ ფრონტს ყველაზე ცხელი, ბახმუტის მიმათულებით", - ნათქვამია „აზოვის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

განახლებულ ბრიგადაში აღნიშნეს, რომ რაოდენობრივად მუდამ იზრდებიან, იღებენ და წვრთნიან ახალ მაღალმოტივირებულ მებრძოლებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში აზოვური ქვედანაყოფის ევოლუცია მომავალშიც გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა სერგი ჩერევატიმ აღნიშნა, რომ უგლედართან რუსული ჯარები ცდილობენ, უკრაინის თავდაცვითი ხაზი გაარღვიონ, რათა წინ წავიდნენ და უმათთვის მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიონ, თუმცა უკრაინის ჯარი რუსების შემტევ პოტენციალს თანდათან ამცირებს.

„ბახმუტის, ავდეევკის და უგლედარის მიმართულებით ისინი მუდმივად მიმართავენ თავდასხმებს. უკრაინის შიარაღებუილი ძალების ამოცანაა, რომ მტერმა თავდაცვა არ გაარღვიოს, რესურსი ამოწუროს და შეტევითი პოტენციალი შეუმციროს," - განმარტა მან.

ჩერევატი დასძენს, რომ სოლედარის აღების შემდეგ ოკუპანტებმა გეზი ბახმუტისკენ მთელი ძალებით აიღეს, თუმცა ამ მიმართულებით მტერი განიცდის კოლოსალურ დანაკარგებს ცოცხალი ძალითა და ტექნიკით.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში მათ 322 თავდასხმა განახორციელეს, იყო 58 შეტაკება. მოკლულია 109 რუსი, 188 დაჭრილია. ასევე დაკარგეს ოთხი ტანკი, სამი ქვეითი საბრძოლო მანქანა, სამი ქვემეხი და სამი „ორლან-10" თვითმფრინავი ამ მიმართულებით", - განაცხადა მან.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ მომავალი კონტრშეტევისთვის „აზოვი" მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„კარგად გამოიკვეთა ვარაუდი, რომ ბახმუტისათვის ბრძოლა მხოლოდ ქალაქის შიგნით პირდაპირი არ იქნება - რუსები პრაქტიკულად ქალაქისაკენ მიმავალი ყველა მთავარი არტერიის გადაკეტვას ცდილობენ, რასთან ერთადაც ქალაქზე აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ახორციელებენ დაწოლას. ძალიან აქტიურია უკრაინული არტილერია, რაც რუსების რიგებში დიდ მსხვერპლს იწვევს. მუშაობენ უკრაინული დრონებიც. ქალაქის დასაცავად გადასროლილია „აზოვის" ნაწილიც. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოფიციალურად, პოლკი „აზოვი" ბრიგადად იქნა გადაკეთებული. მისი მასშტაბები გაიზარდა, ხოლო აღჭურვილობა უახლესი ტექნოლოგიით შეივსო. მომავალი კონტრშეტევისათვის „აზოვი" მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - წერს გიორგი კობერიძე ფეისბუქზე.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული პოლკი „აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობა აკრძალა. დონეცკის დე ფაქტო მთავრობის ე.წ. მრჩეველი იან გაგინი ბახმუტისთვის ბრძოლაში „აზოველების" შესვლით აღშფოთებულია.

„ახალი ქვედანაყოფი, რომელშიც აზოველებიც შედიან, „აზოვსტალიდან" ყველა გადარჩენილს მოიცავს, გეგმავენ, რომ ისინი არტემოვსკში (ბახმუტში) გადაიყვანონ, სადაც ბრძოლა ძალიან რთულია და ამ შენაერთით უკრაინა შეეცდება, რომ პოზიციები დაიბრუნოს, მაგრამ შემოდგომის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით სამხედრო ოპერაციებში ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ. როგორც ჩანს, უკრაინის რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ის „აზოველებიც" გავანადგუროთ, რომლებიც მარიუპოლში ვერ დავასრულეთ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წინასწარი დაკავების ცენტრები მზად არიან მიიღონ უკრაინელი სამხედრო ტყვეების ახალი პარტიები",-განაცხადა დე ფაქტო მთავრობის ე.წ. მრჩეველმა იან გაგინმა რუსულ „ტასს"-თან ინტერვიუში.

„აზოველების" წყალობით ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალი ფაქტიურად აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა, მებრძლებმა 82 დღიანი ჯოჯოხეთური ბრძოლა გამოიარეს. უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადის, საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის, მესაზღვრეების, პოლიციის, ტერიტორიული თავდაცვის და მოხალისეების იმ მებრძოლებს, რომლებმაც ბოლომდე გმირულად იბრძოლეს და მათ მეთაურებს მიეცათ ბრძანება, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადასარჩენად ემოქმედათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე