ბაჩანა ტყემალაძე
(27.01.2023)

აფხაზეთის ოპოზიციამ ჩინოვნიკებს „ომი" გამოუცხადა, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების ნაწილნი არიან. ისინი ასლან ბჟანიას პირადი ზეწოლით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ჩინოვნიკებს სამსახურიდან არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ოპოზიციური ძალების საერთო კრებაზე, სოხუმის ყოფილმა მერმა, ახლა კი „აიდგილარას" ორგანიზაციის ლიდერმა, კან კვარჩიამ განაცხადა.

ოპოზიციის მიერ შედგენილ შავ სიაში მოხვდნენ ქონებისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე და ენერგეტიკული კომპანიის, „ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელობაც.

კონკრეტულად საქმე ეხება ქონების და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელ ბესლან კუბრავას, რომელსაც ოპოზიციის თქმით, რუსეთთან ორი ხელშეკრულება აქვს დადებული.

2010 წელს რუსეთმა აფხაზეთს 2 მილიარდი რუბლი, დაახლოებით 29.15 მილიონი აშშ დოლარი სესხის საახით გამოუყო, მაგრამ ეს თანხა აფხაზეთამდე არ მისულა, რადგან სარემონტო სამუშაოებს რუსული კომპანია ახორციელებდა.

მეტიც, კომპანია იმდენად უხარისხოდ აკეთებდა საქმეს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ უარი თქვა შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტის ხელმოწერაზე.

მეორე ხელშეკრულება, რომელზეც ოპოზოცია საუბრობს 2022 წლის იანვარში ბესლან კუბრავას მთავრობის დავალებით იქნა დადებული და ხელმოწერილი. აქ საუბარია რუსეთისთვის 186 ჰექტარი ფართობის ბიჭვინთაში ცნობილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემაზე.

ამ უკანასკნელზე, არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ ხელისუფლების მხარდამჭერებმაც აღნიშნეს, რომ შეთანხმების პუნქტები ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციას. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ შეთანხმების ტექსტში არასწორად იყო გაწერული რუსეთისთვის გადაცემული ტერიტორიის კოორდინატები.

დაშვებული „შეცდომის" გამო, რუსეთს გადაეცა არა მხოლოდ სახელმწიფო აგარაკის ტერიტორია, არამედ თავად ბიჭვინთის კურორტის უმტესი ნაწილი და მისკენ მიმავალი გზატკეცილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსკოვი აფხაზეთს სთავაზობს ხელშეკრულების რატიფიცირებას იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ხელი მოეწერა.

აფხაზეთის ოპოზიცია ბესლან კუბრავას გარდა ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელობის შეცვლასაც ითხოვს, რომელსაც აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტისმ სერგეი ბაღაფშის ვაჟი, ზურაბ ბაღაფში ხელმძღვანელობს.

„ჩერნომორენერგოს" იმ წვავე ენერგეტიკულ კრიზისში ადანაშაულებენ, რომელსაც აფხაზეთი დღემდე განიცდის. ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ასლან ბჟანიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან სამ მილიარდ კილოვატამდე გაიზარდა, რაც კრიპტოვალუტის მაინინგითაა განპირობებული.

აფხაზეთში მიმდინარე დაძაბულობაზე ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ ოპოზიციი პროტესტმა შედეგი რომც გამოიღოს, აფხაზეთის სავალალო რეალობა არ შეიცვლება.

„მე ვერ ვხედავ იმას, რომ სიტუაცია შეიცვლება, რადგან აფხაზური ოპოზიცია იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ადრე იყვნენ ხელისუფლებაში.

დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მრავალი პრობლემაა, მათ შორის ელექტროენერგიის, რომელიც ზურაბ ბაღაფშის გადაყენებით ვერ მოგვარდება და ეს მათაც კარგად იციან.

აფხაზეთმა 90-იანებში, ომის შემდეგ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ვეტერანები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რადგან ამ ადამიანების თითქმის სრულმა უმრავლესობამ კრიპტო მაინინგი დაიწყო, რამაც დენის დეფიციტი შექმნა. ამას ემატება ისიც, რომ ენრგურჰესიდან წასული ელექტროენერგიის 60 პროცენტი ძალიან ძველი გაყვანილობის გამო ძაბვას კარგავს და საბოლოოდ მათ საკუთარი ტელეფონების დატენვაც კი არ შეუძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთში არ არის გაზი და მოსახლეობას დენზე გათბობა უწევს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთი მოჯადოვებულ წრეზე დადის, რომელიც არ იხსნება", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე