თამთა ჩაჩანიძე
(27.01.2023)

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე საკუთარ პარტიას ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან კოალიციაში ადანაშაულებს, რაც, მისი თქმით, პარტიისთვის „კატასტროფა იყო". როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, გიორგი მუმლაძემ, რომელიც მწვავე ოპოზიციონერია, ფაქტიურად „ქართული ოცნების" ის განცხადება დაადასტურა, რომელსაც ცოტა ხნის წინ გახარიამ და ენმ-მ „ოცნების" ფანტაზია უწოდეს.

„ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის" ფლანგიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყოფილი პრემიერი, „ქართული ოცნების" გუნდის მოღალატე გიორგი გახარია ნაც-ოპოზიციის ფლანგზეა. ის და მისი თანამზრახველები ამას კატეგორიულად უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ეს „ოცნების" ფანტაზია იყო, მაგრამ რეალობაში ჩვენ არაერთი ფაქტი ვნახეთ, როცა სააკაშვილის ღალატის პარტიასთან მისი კავშირები დადასტურდა.

„ამჯერად გიორგი მუმლაძე, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი და ძალიან მწვავე ოპოზიციონერია, ისიც კი ადასტურებს, რომ გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის ერთგვარი კოალიციური შეთანხმება იყო. ამას არა მხოლოდ მუმლაძის ნათქვამი, არამედ საქართველოს მასშტაბით ცალკეულ საკრებულოებში გახარიას პარტიის წევრების კოალიცია ადასტურებს. ამას ასევე ადასტურებს ის უმთავრესი ფაქტი, როდესაც გახარია იმის გამო გადადგა, რომ კრიმინალი ნიკა მელია არ დაეკავებინათ.

„ყველაფერი გარკვეულია და წერტილია დასმული. გახარია თავიდან ისე პოზიციონირებდა, როგორც ალტერნატიული ოპოზიციური ფლანგი, რომელიც დაუპირისპირდებოდა როგორც „ქართულ ოცნებას", ისე რადიკალურ ოპოზიციას, რაც დიდი ბლეფია და მითი. გახარია „მამუკა ხაზარაძე 2" აღმოჩნდა, ეს მის რეიტინგებზეც აისახა. თუ მათ „გორბის" კვლევის არ სჯერათ და „აიარაის" ენდობიან, მაშინ ამ ორგანიზაციის ბოლო კვლევაშიც გახარიას პარტიას პოლიტიკური პულსი არ ესინჯება. ქართველი ელექტორატი ცაკლეულ პოლიტიკოსს ღალატსა და უპრინციპობას არ ჰპატიობს, რისი მკაფიო წარმომადგენელი გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელები არიან", - განაცხადა გია აბაშიძემ.

კითხვაზე თუ კოალიცია მართლაც იყო, ან არის, ეს რაში აწყობდათ ერთ ან მეორე მხარეს, გია აბაშიძემ გვითხრა:

„ამის დანამდვილებით თქმა ძნელია, თუმცა არსებობს ვარაუდები შანტაჟის, მოსყიდვის, რაღაც მეტი სარგებლის მიღების. გავიხსენოთ ისიც, როცა გახარიამ თბილისის მერის არჩევნებში ერთგვარი სათადარიგო პოლიტიკური ბორბლის როლი შეასრულა, მან მშვენივრად იცოდა, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ხმები კალაძეს წაართვა, რომ მეორე ტური ყოფილიყო. თუმცაღა ესეც ძალიან დიდი პოლიტტექნოლოგიური უაზრობა იყო, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში კალაძე გაიმარჯვებდა.

„გახარიამ ნიკა მელიას პოლიტიკური სათადარიგო ბორბლის როლი შეასრულა, მაგრამ რაში აწყობდა, ამის თქმა არავის შეუძლია, თუ რა თქმა უნდა ისევ ენმ-იდან ინფორმაციამ არ გამოჟონა ისე, როგორც გიორგი მუმლაძემ ახლა განაცხადა.

„ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია, მომავალში გახარიას, რომ პოლიტიკური ფიასკო ელის, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მასა და ენმ-ს შორის არსებულ ალიანსზე კიდევ ახალი ინფორმაციები ვიხილოთ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

გიორგი მუმლაძემ კი განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია გიორგი გახარიასთან იყო კატასტროფა პარტიისთვის.

„გახარიასთან კოალიციის შექმნამ პრაქტიკულად ჩამოშალა ის ინფრასტრუქტურა, რომლის ნაწილიც იყო ძალიან ბევრი ჩვენი პატრიოტი ადამიანის მხარდაჭერა მათ შორის ღიად. ამ წლების განმავლობაში გახარიას ვაძახებდით, რომ რუსია, თვალები დაგვთხარა, როდიონოვს ვამსგავსებდით და უცებ იქმნება კოალიცია. ამაზე მქონდა საჯარო პოზიცია და პირდაპირ ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს არ მოეწონა, ეს იყო კატასტროფა პარტიისთვის. მართლაც ასე მოხდა და ახლა როგორ გინდა დააჯერო კიდევ ერთხელ ხალხი რომ შენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს არ გადადგამ," - თქვა მუმლაძემ „ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე