თამთა ჩაჩანიძე
(27.01.2023)

ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნებისთვის დარეგისტრირებულ ელექტორატის რაოდენობაზე აკრიტიკებენ. საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელებში წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემის პროცესი ე.წ. ონლაინ ფორმატითაა, დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა მაინც ძალიან ცოტაა და იმ მაჩვენებლის 10%-საც არ შეადგენს, რაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს აიღო.

ანალიტიკოსები ამომრჩევლის სიმცირის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათი აზრით, მთავარი გავლენა მაინც შიდა დაპირისპირებამ იქონია, რის გამოც დიდმა ნაწილმა დარეგისტრირებისგან თავი შეიკავა. ასევე ტექნიკურმა პრობლემებმა და იმან, რომ საქართველოში გარკვეულ ნაწილს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა არ აქვს.

როგორც პარტიის მოქმედმა თავმჯომარემ და ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა მელიამ დაწერა, რეგისტრაციის ვადა 26 იანვარს ამოიწურა და 49 756 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. თავად მელიას მიაჩნია, რომ დარეგისტრირების პროცესი აქტიური იყო.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ბოლო არჩევნებზე მიღებული ხმების ფონზე, დღეს დარეგისტრირებული ამომრჩეველი ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან ცოტაა.

„ორი დღის წინ ზუსტად გამოვიცანი თუ რამდენი დარეგისტრირდებოდა ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე - 50 000-მდე. ბევრია ეს თუ ცოტა, ან საკმარისია თუ არა იმ პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციისათვის, რომელსაც ბოლო არჩევნებზე 500,000-მდე ამომრჩეველმა მისცა ხმა, თავად განსაჯეთ - 10%-ია სულ. საცოდავი მაჩვენებელი! არჩევნების ინტრიგა კი ეხლა იფურჩქნება და ეხლა იწყება დრამის დასკვნითი აქტი", - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეიქბუქზე.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიმცირის მთავარი პრობლემა მაინც შიდა დაპირისპირებაა, ამასთან ტექნიკური პრობლემები და ინტერნეტთან ხელმიუწვდომობა.

„მგონია, რომ მთავარი პრობლემა ის დაპირისპირებაა, რომელიც პარტიაში დღეს არსებობს. უთანხმოება წამყვან დემოკრატიულ პარტიებში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღეს სამწუხაროდ შავ პიარს და ურთიერთ კრიტიკას ვხედავთ, აღნიშნულმა ფაქტორმა დიდი ალბათბით იმოქმედა, რადგან შესაძლოა არიან მხარდამჭერები, რომლებსაც ამ დაპირისპირების პირობებში ხმის მიცემა არ სურთ. ასევე შესაძლებელია, რომ ამომრჩეველს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. დღეს საქართველოს მოსახლეობის 40%-ს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა არ აქვს. ასევე შეიძლება ხმა ყველას ვერ მიაწვდინეს.

„ჩემი აზრით, მომავალ არჩევნებზე ენმ-ს ნახევარი მილიონი მხარდამჭერი მაინც ეყოლება, ყოველ შემთხვევაში სტაბილური ამომრჩეველი მაინც ჰყავს. არაა გამორიცხული, რომ თუ შიდა გარჩევები გაგრძელდა, ენმ-მ ამომრჩეველთა ნაწილი დაკარგოს და სხვა ოპოზიციურ პარტიას მისცეს ხმა.

„თუ დამარცხებული კანდიდატები და მათი მომხრეები ენმ-ს დატოვებენ, ეს პარტიის რეიტინგს დაარტყამს. თუ პირიქით მოხდება და ამომრჩევლის ნებას ყველა პატივს სცემს, შეიძლენა უფრო გაძლიერდეს, თუმცა მათ წარმატების მიღწევა, სხვა პროდასავლური ოპოზიციის გარეშე გაუჭირდებათ",-განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე