ია აბულაშვილი
(27.01.2023)

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა ფინიშს უახლოვდება. რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, დარეგისტრირებულია 49 ათასი ამომრჩეველი. ფარული კენჭისყრა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრის 10 საათზე დასრულდება. ერთ-ერთი კანდიდატის - ნიკა მელიას განცხადებით, ეს ღირებულებითი არჩევნებია და შეიძლება მხოლოდ ორი შედეგით დასრულდეს, „ან პარტია გაძლიერდება, ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში."

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ენმ-ში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ პროცესი გარდაუვალი იყო, მაგრამ ბიძგს მისცემს პარტიაში მნიშვნელოვან ცვლილებას.

„ეს პროცესი გარდაუვალი იყო. წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურად ტარდება. საკმაოდ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი მონაწილეობს ამ არჩევნებში, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ერთგვარი გამოღვიძებაა. პარტია უფრო გაძლიერდება, რაც დადებითი მხარეა. რაც შეეხება ნაგატივს, ბინძური მეთოდები გამოიყენეს ერთმანეთის მიმართ, რაც არ ეკადრება ისეთ პარტიას, როგორიც იყო თავის დროზე „ნაციონალური მოძარობა." შედეგს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. ნიკა მელია მებრძოლი ადამიანია, მაგრამ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნაკლებად ეფექტური იყო როგორც მენეჯერი. რამდენად გამოადგება „ნაცმოძრაობას" თავმჯდომარედ ხაბეიშვილი, ეს ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს. არა მგონია, პარტია დაიშალოს, რადგან როგორც მათი განცხადებებიდან გავიგე, დამარცხების შემთხვევაში პარტიიდან წასვლას არც ერთი არ აპირებს," - განაცხადა „რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე