ბაჩანა ტყემალაძე
(26.01.2023)

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

მან უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას.

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განვიხილოთ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების საკითხი", - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია შეხვდა, რის შემდეგაც მან სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა.

სამინისტროს განცხადებით, „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს საქართველოს ელჩს.".

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერიც.

„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან დაგმეს რუსეთის ქმედებები, „ქართულო ოცნებავ", იცით, რომ რუსეთი აგებს, ხომ?", - დაწერა ადამ კინზნგერმა „ტვიტერზე".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კასიანოვი გაკეთებული განცხადების შემდეგ მყისიერად უნდა დაებარებინათ და ზოგადად ეს განცხადება საქართველოს რეპუტაციის შელახვის მიზნით იქნა გაკეთებული.

„კასიანოვი განცხადების გაკეთებიდან ორი დღის შემდეგ დაიბარეს, ალბათ ფიქრობდნენ, რამდენად მიზანშეწონილი იყო მასთან ამ ფორმით საუბარი. როდესაც ნახეს საზოგადოების მძაფრი რეაქცია, მისი არდაბარება არ გამოდიოდა, რადგან სახელმწიფოს ღირსების საკითხი იყო სასწორზე. ჩემი აზრით, საქართველოს სტატუსი და რეპუტაცია ამით არ შელახულა, რადგან ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური პროცედურა. როდესაც სახელმწიფო თვლის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი აკეთებს არარელევანტურ განცხადებებს, მასთან გასაუბრება და ახსნა-განმარტების მიღება აუცილებელია.

მეორე საკითხია, რატომ გააკეთა ანდრეი კასიანოვმა აღნიშნული განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მუდამ მოგვიწოდებენ, რომ საქართველომ და უკრაინამ სადავო საკითხები საჯაროდ არ გამოიტანონ და ერთმანეთში, დიპლომატიური გზებით მოაგვარონ, კიევის ამჟამინდელი მთავრობა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი ტონალობით ისაუბროს და მას საერთაშორისო არენაზე სახელი გაუტეხოს. სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი, რომელსაც დიდი საზრუნავი აქვს თავის ქვეყანაში ომის შესაჩერებლად და მის მოსაგებად, ასეთ დიდ ყურადღებას საქართველოს უთმობს და ცდილობს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა გააფუჭოს." - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე