ელზა პაპოშვილი
(26.01.2023)

ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებამდე 3 დღით ადრე დაპირისპირება გრძელდება  - ნიკა მელია თავდაცვის ექსმინისტრს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი „პარტიაში პარტიას ქმნიდა“ ისე, რომ თავად მელიამ არაფერი იცოდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ღიად ამბობს, რომ დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაწყებული არ არის. „დავინახე ხელშესახები საფრთხე არაფორმალური გავლენების, ძალიან დიდი დოზით. მერე მერაბიშვილის და კეზერაშვილის გზები გადაიკვეთა და მათი კანდიდატია ხაბეიშვილი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. დავინახე ხელშესახები ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა პარტიის არა გაძლიერებას, არამედ დასუსტებას,“ - ამბობს ნიკა მელია.  

პარალელურად არჩევნებისთვის რეგისტრაცია უკვე შეწყდა. სულ დარეგისტრირებულია 49 ათასზე მეტი ამომრჩეველი. ამის შემდეგ მათი იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს.

პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი  გიორგი მუმლაძე კი არჩევნების პროცესზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ადამიანების იდენტიფიცირება არ ხდება ეფექტურად, რამაც შესაძლოა პირების გაცხრილვის პროცესი გაართულოს.

„ეს არის მთავარი პრობლემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტი ისეთი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში, რომლებსაც აქვთ არა კეთილი სურვილები პარტიასთან მიმართებაში, არამედ გარკვეული მავნე ზემოქმედება სურთ. მმართველი მენეჯერს პარტიისთვის უნდა შემოეთავაზებინა ისეთი გეგმა, რომელიც დაამტკიცა პოლიტსაბჭოზე, მაგრამ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება სამწუხაროდ ვერ სრულდება და ამაზე სრული პასუხისმგებლობა აქვს ამ მომენტისთვის პარტიის მმართველ მენეჯერს,“ - განაცხადა მუმლაძემ. 

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ არაფორმალური მმართველობა ვერ იქნება, ვინაიდან პარტია სააკაშვილისაა და მასში ათასობით ადამიანია გაწევრიანებული.

„არაფორმალური მმართველობის შესახებ მოარული ჭორები არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები. ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნა იყო პარტიის სტრატეგია. შესაბამისად ჩამოაყალიბებდა მოძრაობასაც და ყველა ექსპერტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას გააერთიანებდა იმისთვის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონოდა თემები და სტრატეგია, და ამაში რა არის გასაკვირი ან რა პარტიული მოძრაობის ეჭვები გაუჩნდა ვინმეს? ამიტომ, ერთი არის ცალსახა და მნიშვნელოვანი - არაფორმალური მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და მასში გაწევრიანებულია ათეულობით  ათასობით ადამიანი,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამავე დროს, ენმ-ის საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე  ამბობს, რომ განხეთქილება პარტიაში მეორე მხარემ დაიწყო, მელიას ფლანგმა კი მხოლოდ პასუხი გასცა.

„მაშინ, როდესაც პარტიასთან შეწყვეტილი იყო ყველანაირი ფინანსური ურთიერთობა, ამ დროს პარალელურად მიმდინარეობდა კი რიგი პირების პროექტების დაფინანსება, რაც ვფიქრობ ძალიან არასწორია და ჯანსაღი ვერ იქნება. დისონანსი შემოაქვს ამ ყველაფერს პარტიაში. აქედან გამომდინარე მე მგონი ყველამ ყველაფერი უკვე იცის, ძალიან ბევრი კარტი გაიხსნა. ძალიან მწვავედ აღიქვამენ ბევრ რამეს.

ეს ცუდი პროცესი დაიწყო მეორე მხარემ, ყველანი მომსწრეები ვართ ყველაფრის, ბრიფინგი ჩაატარა მეორე მხარემ, პროცესები დააინიცირა მეორე მხარემ, შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ პასუხი გავეცით," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.     

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ კონკურენტ პარტიაში ბრძოლა თანამდებობისთვის წესების გარეშე მიმდინარეობს.

„ანალიზსაც აღარ ექვემდებარება, იმდენად მძიმეა ურთიერთბრალდებები, ერთმანეთზე ცილისწამება თუ თუ გარკვეული შიდა ინფორმაციების გავრცელება. ბრძოლა თანამდებობისთვის, როგორც იტყვიან, მიმდინარეობს წესების გარეშე. რა შედეგით დასრულდება - ყველა შემთხვევაში ეს დასრულდება ნეგატიური შედეგით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ვიმედოვნებთ, კარგი იქნება საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ველის გათავისუფლებისა და გაჯანსაღებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.     

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა ნაციონალურ მოძრაობაში ისეთი ვითარებაა, ფაქტიურად გამორიცხულია მათ ერთად არსებობა შეძლონ. ფიქრობს, რომ პარტიის ორად ან სამ ნაიწლად გაყოფა გარდაუვალია, ამიტომაც რთული სათქმელია, კობა ნაყოფია კეზერაშვილს რა თემებზე სასაუბროდ შეხვდა. მოხდა თუ არა მისი გადაბირება და მელიას წინააღმდეგ თუ რამე კოალიცია იქმნება, ეს არჩევნების მერე უფრო  გამოჩნდება, როცა შედეგები გახდება ცნობილი. 

„პარტიაში სიტუაცია უკვე იქმადეა მისული, რომ თავმჯდომარის ბედი მათთმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს. დავუშვათ, ნაყოფია და კეზერაშვილი რაღაცაზე შეთანხმდნენ და მელიას წინააღმდეგ რაღაც დამანგრეველი კომპრომატი კიდევ არსებობს, ცხადია ის ამ არჩევნებს წააგებს. მე მაინც მგონია მსგავსი კომპრომატები მის წინააღმდეგ  თუ კიდევ არსებობს, მაშინ აქამდე გამოაჩენდნენ. ან არჩევნების დღესაც შეიძლება ელოდოს. ალბათ ნაყოფია თავის მხრივ კეზერაშვილთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობს. არ გამოვრიცხავ პარტია სამ ნაწილადაც კი გაიყოს. თუმცა მაინც მგონია, რომ ორ ნაწილად გაყოფა გარდაუვალი იქნება. 

რაც შეეხება ძალთა თანაფარდობას პარტიაში, თუ ნაყოფიაც ხაბეიშვილის მხარეს გადაიხარა, მაშინ მელიას გამარჯვების რა შანსები აქვს, არ ვიცი. იმ გინების აუდიო ჩანაწერის შემდეგ მის მხარეს წესით მიშისტები არ უნდა იყვნენ. ამიტომ ხაბეიშვილის შანსები რომ უფრო გაიზრდება ამის ალბათობა დიდია. ასევე დიდი  მნიშვნელობა გამარჯვებული მხარის ლეგიტიმაციასაც ექნება. დამარცხებულმა წაგება უნდა აღიაროს. არ უნდა გაჩნდეს ეჭვი, რომ რაღაცა გაყალბებულია. ამიტომ ვფიქრობ არჩევნების შემდეგ უფრო დიდი ორომტრიალი იქნება და ვინ ვის მხარეს დარჩება ეს მერე უფრო გამოჩნდება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე