თამთა ჩაჩანიძე
(26.01.2023)

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს ენმ-ში ხდება, პარტიის დაშლის პროცესია, ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერები „ისეთებს უძახიან ერთმანეთს, რომ არჩევნების მერე ერთობაზე ლაპარაკი ცოტა გადაჭარბებული იქნება", მაგრამ ყველა თანხმდება, რა ჯგუფსაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნდობას გამოუცხადებს, ხმებიც იქ წავა და პარტია ოპოზიციური ველიდან დიდი ალბათობით არ გაქრება.

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, ენმ-ს დაშლის შემთხვევაშიც კი მისი ელექტორატი არცერთ სხვა პატარა პარტიას ხმას არ მისცემს და ამით „გირჩი", „მოქალაქეები", „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი" და სხვები მაინც ვერ ისარგებლებენ.

„ენმ-ში ისეთებს უძახიან ერთმანეთს, რომ არჩევნების მერე ერთობაზე ლაპარაკი ცოტა გადაჭარბებული იქნება, თუმცა თუ მათთვის „კარგი ამინდი გამოვიდა" შეიძლება მერე იძახონ, რომ ერთად ვართო. რაც შეეხება დაშლას, მე მგონი ეს გადაჭარბებული ვარიანტია, რადგან რეალურად იმ ხმების რაოდენობა, რითაც ენმ ოპოზიციური პარტიებისთვის მიმზიდველია, ეს სააკაშვილის შემწეობით აქვთ.

„სააკაშვილი სადაც იქნება, ხმების ეს რაოდენობაც იქ იქნება. დღევანდელ ენმ-ს რომელიმე ჯგუფი თუ გამოეყოფა და გვერდით გავა, ასეთი გამოყოფები ნანახი გვაქვს და შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ მოხდება ის, რაც „ევროპულ საქართველოს" თუ სხვა პარტიების შემთხვევაში მოხდა, რომ ხმები 2-3%-მდე ექნებათ. დანარჩენი ხმები იქ იქნება, სადაც საკაშვილი იდგება.

„ენმ-ს დაშლის შემთხვევაში, არა მგონია მათი ხმები სხვა პატარა პარტიებისკენ წავიდეს, რადგან ეს რეალურად სააკაშვილის ხმებია. თუ სააკაშვილი „ვივამედიდან" იტყვის, რომ მე „გირჩის" მხარდამჭერი ვარო, მაშინ შეიძლება ეს მხარდაჭრა მათთან გადავიდეს. თუ არა და, არა მგონია „ნაცმოძრაობის" ელექტორატმა სხვა პარტიებს მისცეს ხმა. ბოლოს და ბოლოს ამომრჩეველს ერთი უტყუარი გზა აქვს, დარჩება სახლში და არჩევნებზე არ წავა, იქნება უფრო მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ვიდრე დღესაა", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე ენმ-ს დაშლის შემთხვევაში, რამდენად შექმნიან ოპოზიციურ ამინდს დანარჩენი წვრილი პარტიები, საყვარელიძემ გვითხრა:

„ვეჭვობ, რომ პატარა პარტიებს ამის თავი ჰქონდეთ, რადგან ძალის პატრონი ძალას ავლენს-ხოლმე. მეორეც, პოლიტიკაში გადამწყვეტი ხალხია და საინტერესოა, მათ თვალში როგორ გამოიყურებიან პარტიები, რომლებსაც 2-2% აქვთ დაგროვილი?! მათ წამგებიანი პოლიტიკური იმიჯი ჩამოუყალიბდათ.თუ ხალხი შეეჩვია, რომ პარტია წამგებიანია, მის სასარგებლოდ ხმას არ მისცემს.

„წამგებიანობის ინერცია, სადღაც ექვსი-შვიდი წელი გრძელდება-ხოლმე. რომელი პარტიაც ხალხის თვალში მომგებიანია, სულ რომ არაფერი გააკეთოს, მომგებიანად კიდევ 6-7 წელი თვლიან, მაგრამ რომელიც ხალხის თვალში წამგებიანია, სულ რომ წარმატებები ჰქონდეს, დაახლოებით ამავე პერიოდში მასაც წამგებიანად ჩასთვლიან. ეს ინერცია პატარა წამგებიან პარტიებს ცუდ სამსახურს გაუწევს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

„თომას მანის „ბუდენბროკები" თუ გაქვთ წაკითხული, ერთი გვარის გადაშენების ისტორია რომ არის, ჩვენ ახლა ვუყურებთ ერთი პარტიის გადაშენების ისტორიას, რომელიც არ დამთავრდა", - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რითაც მან „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ბოლოდროინდელი პროცესები შეაფასა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" „გადაშენების ისტორია 10-წლიანი პროცედურაა, რომელიც არ დამთავრდა".

„წვალებ-წვალებით მივდივართ პოლიტიკური სპექტრის გათავისუფლებისკენ. იმისთვის, რომ ის გათავისუფლდეს, ერთ-ერთი მხარე უნდა გამოეცალოს ამ ბიპოლარულ გარემოს - ან „ნაცი", ან „ქოცი" და უფრო მარტივი ახლანდელი სიტუაციიდან არის, რომ „ნაცები" გამოეცალონ. რა მოჰყვება შედეგად ამას და რა ქარტეხილების გადავლა მოგვიწევს, არ ვიცი, მაგრამ იმაზე უარესი არ იქნება, რაც არსებობს ახლა - ეს დაჭაობებული სპექტრი, რომელიც ახლა არის.

„ნაციონალურ მოძრაობაში" ერთადერთი, რაც ყველას აკავშირებდა, იყო მიშა. „ნაცმოძრაობას" ბოლო 10 წელია არანაირი იდეა არ ჰქონია. როდესაც იდეა არ გაქვს და არის განსხვავებული ხალხი, რომელიც ერთმანეთს ჭამს და არაფერი აკავშირებს გარდა მიშას ფაქტორისა, როდესაც მიშას ფაქტორი გვერდზე გაიწია, რადგან ის ციხეშია, თავისი გაჭირვება აქვს, იწყება ის კონფლიქტები, რომელსაც აქამდე ხელოვნურად ქმნიდა მიშაც, ეს პარტიაც და თვითონ ხელოვნურად, როგორც მომრიგებელი, ისე არეგულირებდა. ახლა კი ეს მომრიგებელი ციხეში აღმოჩნდა, კონფლიქტები ისევ დარჩა.

მთავარი პრობლემაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმაც მხოლოდ ეს ისწავლეს. ყველა მათგანს „პატარა მიშობა" უნდა. რომ დააკვირდეთ ამ ხალხს, არცერთი ცდილობს იმას, რომ გააკეთოს გუნდი - „მე კი არ ვიყო პარტიის მთავარი და რასაც ვიტყვი, მხოლოდ ის ხდება პარტიაში და მე რომ არ ვიქნები, პარტია უქმდება". ამის ნაცვლად უნდა შექმნა ინსტიტუციონალური პარტია, რომელსაც ექნება ღირებულებები და ყველას ეცოდინება ამ პარტიას რა უნდა. ამის ნაცვლად, პატარა „ნაცმოძრაობები" და „ქართული ოცნებებია" ყველა პარტია. ამ ქვეყანაში პოლიტიკოსობაზე კი არ ოცნებობენ, არამედ ერთპიროვნულ მმართველობაზე ოცნებობენ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე