ელზა პაპოშვილი
(25.01.2023)

ევროპული და ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი უკრაინას "ლეოპარდებით" საკუთარი რეზერვებით უზრუნველყოფს, ნაწილი კი დაფინანსებაში დაეხმარება. აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს უკრაინაში დაახლოებით 30 ამერიკული წარმოების აბრამსის ტანკის გაგზავნას. რუსეთი კი იმუქრება, რომ თუ ამერიკა უკრაინაში აბრამსის ტანკებს გაგზავნის, გაანადგურებენ. 

გერმანიამ უკვე ოფიცილურად დაადასტურა, რომ უკრაინას ლეოპარდ 2-ის ტანკებს გადასცემენ. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის იქნება პიონერი უკრაინის მხარდაჭერაში. შოლცმა თქვა, რომ "ჩვენ უნდა დავარღვიოთ წესი" და შეცვალონ ადრინდელი პრაქტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. 

„ახლა ჩვენ ვაწვდით ყველაზე მეტ იარაღს, დიდ ბრიტანეთთან ერთად. თუ ჩვენ შევაჯამებთ იმას, რისი მიწოდება გადავწყვიტეთ აქამდე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანია ყოველთვის იქნება პიონერი უკრაინის მხარდაჭერაში", - თქვა შოლცმა.

გერმანიის მთავრობამ დღეს თქვა, რომ უზრუნველყოფს უკრაინაში 14 ლეოპარდ 2-ის ტანკის გაგზავნას.  

გერმანიის ამ  გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა 17 იანვარს ამერიკის პრეზიდენტ  ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის გამართული შეხვედრა, სადაც ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის "აბრაამის" ტანკების გადაცემის საკითხს განიხილავდა. 

მანამდე არსებული ინფორმაციით, პენტაგონი არ აპირებდა უკრაინისთვის "აბრაამსის" გადაცემას, იმ მიზეზით, რომ ისინი ზედმეტად კომპლექსურები იყვნენ და მათი მართვის სწავლისთვის გრძელვადიანი მომზადება იყო საჭირო, რისი დროც ომის პირობებში არ იყო.

უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე პრობლემური იყო დასავლეთის ქვეყნებს შორის. უკრაინული მხარე გერმანიისგან მოითხოვს, რომ მას "ლეოპარდის" ტიპის ტანკები გადასცეს, თუმცა გერმანიის მთავრობას ამ დრომდე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.  

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს მადლობას უხდის. 

"გერმანული მთავარი საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერისა და სასწავლო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქი პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებისთვის. ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ, მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც ოლაფ შოლცს ვესაუბრებოდი. გულწრფელად მადლობელი ვარ კანცლერის და ყველა ჩვენი გერმანელი მეგობრის." წერს ზელენსკი.  

უკრაინის თავდაცვის მინისტრი გერმანიის კანცლერს ლეოპარდების გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის: 

რამშტეინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ! კოალიცია „ლეოპარდმა“ პარტნიორებთან ერთად იმუშავა! მართლაც, ლეოპარდები კარგად გამოიყურებიან უკრაინაში!

„ეს იყო გრძელი და რთული გზა, ათობით მოლაპარაკება, თუმცა შედგეს მაინც მივაღწიეთ! მადლობა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, მადლობა ყველა უკრაინელს, ვისაც გამარჯვების სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მოლაპარაკებების დროს ეს სურვილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო. დიდი მადლობა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, ჩემს კოლეგას - გერმანიის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს , გერმანელ ხალხსა და ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა! დიდება უკრაინას!" წერს ოლექსეი რეზნიკოვი.  

ესპანეთი შეუერთდება იმ ევროპული ქვეყნების კოალიციას, რომელიც უკრაინაში ლეოპარდის ტიპის ტანკების გასაგზავნად შეიქმნა. სამხედრო დახმარების ზოგად პაკეტში, ესპანეთის მონაწილეობის ვარიანტები ახლა განიხილება.

როგორც ელ პაის იტყობინება, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კონგრესის პლენარულ სხდომაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გერმანული ტანკების მიწოდების შესახებ კითხვაზე უპასუხა, რომ "სურს ნახოს, როგორ მიდიან ევროპის ქვეყნები ამ კუთხით „ხელჩაკიდებულნი“.

 „ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ერთიანი და კოორდინირებას ვუწევთ ჩვენს მოქმედებებს სხვა მოკავშირეებთან და, უპირველეს ყოვლისა, ევროპასთან“, - განაცხადა სანჩესმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები ამჟამად მსჯელობენ, თუ რა წვლილი უნდა შეიტანოს სახელმწიფომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების პროგრამაში.

რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ მოსკოვის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ აშშ-ის "აბრამსის" ტანკებს და ნატო-ს სხვა სამხედრო აღჭურვილობას, თუ ისინი უკრაინას მიეწოდება. მისივე თქმით, ამერიკა მუდმივად ზრდის დახმარების ზღვას მისი "მარიონტეული მთავრობისთვის". 

"თუ კიევისთვის აბრამსის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღება, ამერიკული ტანკები ყოველგვარი ეჭვის გარეშე განადგურდებიან, როგორც ნატოს სამხედრო ტექნიკის სხვა ნიმუშები", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, შეუძლებელი იქნება ამგვარი ნაბიჯის გამართლება "თავდაცვითი იარაღის" არგუმენტების გამოყენებით.

"ეს იქნება კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია იმის შესახებ, თუ ვინ არის ნამდვილი აგრესორი მიმდინარე კონფლიქტი“, - განაცხადა ანტონოვმა.  

დიპლომატი გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ გერმანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ისინი ასევე ნებას რთავენ ევროპელ პარტნიორებს, მათ მფლობელობაში მყოფი „ლეოპარდები“ უკრაინელებს გადასცენ. გიგიაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს პროცესი დაიწყო და გერმანიამ უკრაინის ომთან დაკავშირებით პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. 

„ეს ტანკები შემტევი შეიარაღებაა. ამით უკრაინას შეუძლია შეტევაზე გადავიდეს იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსები იმყოფებიან. შესაბამისად, დიდი დებატები და განხილვის საგანი იყო გადასცემოდა თუ არა ეს ტანკები უკრაინას. გამოკითხვაც კი ჩაატარეს, სადაც გერმანელების 48%-ი ტანკების გადაცემას არ ეთანხმებოდა. მიუხედავად ამისა, საბედნიეროდ გერმანიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტები, რომ აქ ფედერალურ მთავრობაზე შიდა და გარე ზეწოლამ იმუშავა. 

„ძალიან მკაფიო გზავნილები იყო ამერიკელების და ნატო-ს პარტნიორების მხრიდან, რომ გერმანიას ეს ტანკები უკრაინელებისთვის უნდა გადაეცა. „ლეოპარდები“ აღჭურვილია შემტევი შეიარაღებით და გერმანიას ეს 2300 ერთეული აქვს. მას შეუძლია საომარ მოქმედებებში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანოს. გერმანიას თავის მხრივ არ უნდოდა, რომ შემტევი შეიარაღების გადამცემად მხოლოდ ის წარმოჩინდეს. ამიტომ ეს არ იყო მხოლოდ გერმანიის გადაწყვეტილება და ცნობილი ხდება, რომ ამერიკაც „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გამოყოფს“, - ამბობს დიპლომატი. 

მისივე თქმით, გერმანია უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ  მხარდამჭერად რჩება, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას დახმარებას უწევს, როგორც ფინანსურად ასევე შეიარაღების დახმარების თვალსაზრისითაც. თუმცა, ტანკების გადაცემის საკითხით გერმანიის პოლიტიკა ომთან დაკავშირებით კიდევ უფრო მკაფიო ხდება. გერმანია უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს და ბოლომდე კოალიციური ვალდებულებების ერთგული ხდება. დიპლომატის აზრით, ამ ტანკების გადაცემით შეგვიძლია პირდაპირ ვთქვაათ, რომ გერმანიის მხრიდან რუსეთთან არებული პოლიტიკის ეპოქალური ცვლილება დაიწყო. 

„ასევე ცნობილი ხდება, რომ გერმანიის შემდეგ ნორვეგია 8 „ლეოპარდს“ გადასცემს უკრაინას. ესპანელები კი დაახლოვებით 53-ის გამოყოფას აპირებენ. ეს ნიშნავს იმას რომ გერმანიის თანხმობით უკრააინაში, სერიოზული, მძიმე შეიარაღების მობილზიება ხდება,  რაც ომში  ძალიან მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს“,-აცხადებს გიგიაძე.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე