თამთა ჩაჩანიძე
(25.01.2023)

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მალე გახდება, თუმცა, „რეკომენდაციების რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი". მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არაა, საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საბოლოო პასუხზე პოლიტიკური ელიტის გავლენა მაინც ძალიან დიდია.

ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არცერთ სკეპტიკოს ქვეყანას შესაძლებლობა არ მიეცეს, უარი თქვას საქართველოსთვის ხმის მიცემაზე, თუმცა, დასძენენ, რომ რეკომენდაციების ბევრი პუნქტი შესრულებული ჯერ კიდევ არაა.

უნდა ველოდოთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ამაზე ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს და საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პოლიტიკურია. ნაწილი კი ფირობს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სტატუსის მიღება კითხვის ნიშნის ქვეშაა.

საქართველოს მიერ 12 კრიტერიუმის შესრულებას ევროკომისია გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი საბჭო მიიღებს.

საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოების რაოდენობა ფართოვდება მათ შორის იმ ქვეყნებით, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ.

"ძალიან ვუჭერთ მხარს ევროკავშირის წევრობისთვის მოლდოვისა და უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ალბათ, იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, რაოდენობა იზრდება დასავლეთ ბალკანეთის მიღმა, მათ შორის ჩვენი წევრი სახელმწიფოების რიცხვშიც, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლების მეშვეობითაც შეგვიძლია ძალიან გამოსადეგი და სასარგებლო ვიყოთ", - თქვა პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

რას ამბობენ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია

სესიის დასაწყისშივე „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესა და დელეგაციის ხელმძღვანელ, ირაკლი ჩიქოვანს ჰქონდათ შეხვედრა გენერალურ მდივანთან. შეხვედრის შემდეგ პლენარულ სესიაზე ქალბატონმა ბურიჩმა თავის გამოსვლაში გააკეთა მნიშვნელოვანი აქცენტი საქართველოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ის ელოდება, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მხარი დაუჭირა რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ევროინტეგრაციის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო არ გახლავთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მიმღები, რა თქმა უნდა პოლიტიკური ელიტის გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე ძალიან დიდია და შესაბამისად, მისი გზავნილი და მხარდამჭერი სიგნალი ამ მაღალი ტრიბუნიდან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არის ზურგქარი და არის პოზიტიური. ჩვენ თითოეულ პოლიტიკოსთან , პარლამენტების წევრებთან განვაგრძობთ მუშაობას", - განაცხადა თალაკვაძემ.

უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ ცალკეული მაღალჩინოსნები უკვე დარწმუნდნენ, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს. მან იმედი აქვს, საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

„ცალკეული მაღალჩინოსნები უკვე დარწმუნდნენ, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება, იმ მიღწეული რეფორმებიდან გამომდინარე, მათ შორის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების გეგმაზომიერი და გრაფიკის შესაბამისი გადაწყვეტილებების შემდეგ, დიახ, იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს. 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ჩვენ ყველა კანონპროექტი გვაქვს მზად. ნაწილი უკვე ჩაშვებულია მოქმედებაში, ხოლო იქ, სადაც გვაქვს აცდენა, ეს პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დამსახურებაა იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც არც შემოვიდა კენჭისყრაზე", - აღნიშნა ზარქუამ.

პარტია „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კი განაცხადა, რომ რეკომენდაციების ბევრი პუნქტია შესასრულებელი, პირველ რიგში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, პირველ რიგში, ჩვენი წარსულის გამო, ასევე იმ კულტურის გამო, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია და ეს თავსებადია დასავლურ კულტურასთან. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, აქ ცხადი და ყველასთვის გასაგებია, რომ ბევრი პუნქტი გვაქვს შესასრულებელი, პირველ რიგში, პოლარიზაცია გვაქვს დასასრულებელი. ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი. მაგრამ ის, რომ გვამხნევებენ, მგონია, რომ ძალიან კარგია და გვიბიძგებენ, რომ ჩვენც სათანადოდ მოვიქცეთ",- აღნიშნა ხვიჩიამ.

პარტია ,,მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერმა, ლევან იოსელიანმა კი სტრასბურგში, განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროპაში, არც ერთ სკეპტიკოს ქვეყანას არ მიეცეს შესაძლებლობა, უარი თქვას საქართველოსთვის ხმის მიცემაზე.

„ეს პირველ რიგში, მმართველმა პარტიამ უნდა გააკეთოს, დიდწილად ეს მათი პასუხისმგებლობის ნაწილია, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ეს შანსი და შესაძლებლობა, რაც დღეს საქართველოსთვის არსებობს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამაზე ყველა დეპუტატს, ყველა პოლიტიკოსს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

რა მოლოდინებია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით რამდენიმე პუქნტია შესასრულებელი, თუმცა, საქართველო „ბეჯითი მოსწავლეა" და რეკომენდაციებს შეძლებისდაგვარად ასრულებს, თუმცა მას მიაჩნია, რომ საბოლოო განაწყვეტილება მაინც პოლიტიკუირია და იმედი 50/50-ზე აქვს.

„12 რეკომენდაციიდან ჯერჯერობით რამდენიმე პუნქტი შესრულებული არაა, მათ შორის სახალხო დამცველის დანიშვნა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სხვა რეფორმები, თუმცაღა, ამ პოლიტიკურ პირობებში პირველი პუნქტი დეპოლარიზაცია შეუსრულებელია. ეს ვერ შესრულდება, სანამ პოლიტიკურ ავანსცენაზე დესტრუქცუიული „ნაცმოძრაობაა", რომელიც ისე შორს წავიდა, რომ აღმატებულ ხარისხში პოლარიზაცია თავად პარტიაში შექმნა.

„როცა ენმ ისე დასუსტდება და მისი ჯიბის ტელევიზიებისთვის ნაკლები რესურსი ექნება, აი მაშინ დეპოლარიზაცია აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება და ოპოზიციური სპექტრიც მაშინ გაჯანსაღდება. რა შეხება კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური განაწყვეტილებაა, რომელიც ბრიუსელმა უნდა მიიღოს, აქ პარამეტრებზე საუბარი არაა, რადგან პარამეტრებით საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ იყო და არის ეს ფაქტია.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე მონაცემებით, საერთაშორისო გამჭვირვალობის სათაო ოფისის შეფასებით,კორუფციულ ქვეყანათა სიაში, უკრაინა 122-ე ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც საქართველო 55-ე ადგილზე იყო. პარამეტრები განსხვავებულია და ყველა მონაცემებით ჩანს, რომ საქართველო რეფორმების გატარების კუთხით, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით მოწინავეა.

„ის, რომ კანდოიდატის სტატუსი მოგვენიჭოს, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ჩვენ ისიც გვახსოვს, ევროპის სვადასხვა ლიდერებმა საჯაროდ აღნიშეს, რომ როდესაც საქართველოს შარშან კანდიოდატის სტატუსი არ მისცეს, ეს დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო, ზუსტად ეს ორი მნიშნელოვანი ფაქტორი იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, საქართველო ის ბეჯითი მოისწვლეა, რომელიც დავალებებს პირნათლად ასრულებს, თუმცა, ყველაფერი ჭირვეულ მასწავლებელზეა დამოკიდებული, ანუ ოფიციალურ ბრიუსელზე.

„საბოლოოდ მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ჩემი პროგნოზი 50/50-ზეა. ამ პროცესის გაჭიანურებას რა თქმა უნდა დესრტუქციული ოპოზიცია შეუწყობს, რომელსაც არ სურს, რომ „ოცნების" პირობებში საქართველომ მორიგ წარმატებას მიაღწიოს, ევროატლანტიური ინტეგრაციის გზაზე, ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს.

„რევანშისტები ადრე ცდილობდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა არ ჰქონოდა, მაგრამ მიუხედავად დაბრკოლებებისა და ენმ-ს ლობისტური ფართო ქსელისა, წარმატებას მაინც მივაღწიეთ, რადგან იმ დავალებებს და რეკომენდაციებს ვასრულებთ, რაც მოგვეცა",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია და ჯერჯერობით პერსპექტივაც არ ჩანს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატიოს სტატუსი მიიღოს.

„ჩემი აზრით, უფრო რთულად გვაქვს საქმე, უბრალოდ ევროპის საბჭოს გენმდივანმა ეს განცხადება ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, მითუმეტეს აღნიშნულ კანდიდატურას საქართველომ მხარი დაუჭირა. თეორიულად, რა თქმა უნდა,შესაძლებელია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება-გაძლიერების პერსპექტივები პრობლემატურია.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული სტრუქტიურებს აკრიტიკებენ და არა რუსებს, მათ შორის ხშირად ისმის „ხალხის ძალის" განცხადებები დასავლური ინსტიტუტების მისამართით, რომელიც გარკვეულწილად „ოცნების" პოზიციებს ახმოვანებს.

„ამიტომაც ჯერჯერობით მგონია, რომ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია. მითუმეტეს, რომ „ოცნება" ივანიშვილის ოლიგარქობას არ აღიარებს, აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და მას რეფორმა არ სჭირდება.

„ჯერჯერობით მგონია, რომ დიდი პრობლემებია, თან გადაწყვეტილებას არა ევროპული საბჭოს გენმდივანი, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყანა იღებს. ვეჭვობ, რომ „ქართული ოცნების" პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე