ელზა პაპოშვილი
(05.12.2022)

უარესდება თუ არა ყოველდღიურად ექს-პერზიდენტის მდგომარეობა და მიიღებს თუ არა სასამართლო მისი ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანის გადაწყვეტილებას? - სააკაშვილის ადვოკატებმა სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართეს. თუმცა ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოშიც შესაძლებელია. მოსალოდნელია კომა და გარდაცვალება - ამბობს  „ემპათიას“  დასკვნა. საპირისპიროს ამტკიცებს იუსტიციის სამინისტრო და „ქართული ოცნება“.  ვინ ამბობს სიმართლეს და როგორია ახლა სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა? 

არის თუ არა მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა საკმარისი მიზეზი სასჯელის გასაუქმებლად ან გადასავადებლად - სააკაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ სასამართლო ამაზე უკვე ამ დღეებში იმსჯელებს და იმედოვნებს, რომ მოსამართლე ობიექტურ რეალობას გასუწორებს თვალს.    

ექიმებმა თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ასეთ პირობებში მიხეილ სააკაშვილის მთლიანად განკურნება შეუძლებელია, ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმთან, თამარ დავარაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკა „ვივამედის” ექიმები აღიარებენ, რომ ბოლო თვენახევარში მდგომარეობა დამძიმდა და წონის 28%-ის დაკარგვა სერიოზული პრობლემაა.

„მე მქონდა პირადად რამდენიმე შეკითხვა, მკურნალი ექიმის აზრი მაინტერესებდა. მთელი ექვსი თვე დაწვრილებით გავიარეთ. დაახლოებით, სექტემბრის ბოლომდე არ იყო გაუარესება - როგორც მაისში შემოვიდა, დაახლოებით ისე იყო. როგორც აღნიშნავენ, ოდნავ გაუმჯობესებაც იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება მკვეთრად, 7-8 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო. ამ პერიოდში მას სასამართლოსთან დაკავშირებით სტრესი ჰქონდა მიღებული, ამის შემდეგ დაიწყო წონის სერიოზული კლება, კუნთების განლევა და ანალიზებში ცვლილებები. დაახლოებით 20-25 კილო აქვს დაკლებული ორი თვეში, 98-იდან 73-მდე, რაც დაახლოებით მისი წონის 28%-ია. აღიარებენ, რომ ბოლო თვენახევარში მდგომარეობა დამძიმდა, წონის 28%-ის კარგვა ძალიან დიდი მაჩვენებელია, რადგან ითვლება, რომ კრიტიკული არის 30% და შემდეგ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესებ,“ - ამბობს ექიმი და დასძენს, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება სტრესის შედეგია.   

მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ აზვიადებს, მათ შორის არც „ვივამედის“ ექიმები. მისმა მკურნალმა ექიმმა ჩემი თანდასწრებით თქვა, რომ მას სასამართლოში ვერ გადაიყვანენ ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო. ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ეს არა მხოლოდ ქართველი, არამედ ამერიკელი ექიმების დასკვნაა. თუ სასამართლო ამ ყველა ფაქტორს გაითვალისწინებს,  ვფიქრობ, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს", - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი ამბობს, რომ სააკაშვილი ყოველთვის იღებდა შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. 

„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიცია, უფრო სწორად რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ყოველთვის ცდილობს, ეს  პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს. ასევე, ჩვენ ვიხილეთ ადვოკატის განცხადება – მან თქვა, რომ დასკვნა იქნებოდა კონფიდენციალური, რომელიც სასამართლოს წარედგინებოდა და არავის ექნებოდა ამაზე წვდომა, თუმცა ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც „ყოვლისმცოდნეები“ არიან და საუბრობენ მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აკეთებენ საკუთარ შეფასებებს. ვფიქრობ, ეს მართებული არ არის. ასევე, არც ბოლომდე მორალური და ეთიკურია, როდესაც ეს ადამიანები ცდილობენ, კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამის კონკრეტული მაგალითია, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, იმის ნაცვლად, რომ  შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინათ, გარკვეულ ტელეარხებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ შიმშილობის შეწყვეტა იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს არ მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ, ძალიან მწყრალად არის მორალთან. რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას,“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.   

არის თუ არა სააკაშვილის ჯამრთელობის შესხებ არსებული ინფორმაცია საკმარისი, რათა მისი ქვეყნიდან გაყვანა მოხდეს? - ამაზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე  „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ არ არსებობს კონკრეტული დასკვნა, რის გამოც სააკაშვილის ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანა გახდება საჭირო. 

„არა ერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა, რომელიც ოჯახს უნდოდა. ერთ წელში ჩვენ ვერ ვიხილეთ ზუსტი და კვალიფიციური პასუხები, რელურად  რა სჭირს სააკაშვილს. უფრო  დამალული სიმართლე  ან ნახევარ სიმართლე გვესმის. ისიც  ახსოვს სააზოგადობას, რომ მარიამ ჯიშკარიანმა სრულიად ახალი ტერმინი „ფარმაკოლოგიური წამება“ გამოიგონა, რომელიც შემდეგ აღარ დადასტურდა. ასევე ბოლოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პერზიდენტი მოწამლული იყო. რაც, ჩვენ ვნახეთ, რომ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში უარყო. ამიტომ აქ არის ძალიან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები. ერთი რომ სააკაშვილთან დაახლოვებული ექიმ „პოლიტიკოსები“ გაურკვეველ განცახდებებს აკეთებენ. მეორეა სააკაშვილის ოჯახის  წევრები და მესამე თავად სააკაშვილის  განცხადებები. 

სრული აბდაუბდა ინფორმაცია ვრცელდება. აი ამაზე დაყრდნობით, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღოს. ან სასამართლოს ხომ სჭირდება კონკრეტული და მყარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ აქ მისი მკურნალობა შეუძლებელია.  გამოსავალი ის არის, რომ ნეიტრალური ფართო კონსილიუმი შედგეს, რომელშიც  სხვადასხვა სპეციალისტები შევლენ. მათ შორის ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, რომლებცი დაადგენენ, ისეთ უტყუარ დასკვნას, რომელზეც პოლიტიკური ინსინუაციების საშუალება არ იქნება“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე