თამთა ჩაჩანიძე
(05.12.2022)

ბახმუტი ფრონტი კვლავ მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალყაშემორტყმულმა უკრაინულმა ნაწილმა ალყის გარღვევა შეძლეს. საუბარია იმ შენაერთზე, სადაც ახლახან დაღუპული ქართველები იბრძოდნენ. ეს ცნობა უკრანულმა წყაროებმა გაავრცელეს, თუმცა მოგვიანებით ამერიკულმა „ომის შესწავლის ინსტიტუტმა" დაადასტურა.

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს ბახმუტის სამხრეთ მოსადგომებთან მოხდა, სადაც დიდი შეტაკებებია. მისი თქმით, რუსები ცდილობენ, ქალაქი ალყაში მთლიანად მოაქციონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისევ უკრაინელების კონტროლქვეშაა და საკმაოდ კარგად იცავენ.

როგორც გენერალი ამბობს, ეს მიმართულება ორივე მხარემ გააძლიერა, თუმცა დიდი დანაკარგები აქვთ.

„ბახმუტი ჯერ კიდევ უკრაინელების ხელშია და ალყაში არაა, საუბარია ბახმუტის მიმდებარე რაღაც გარკვეულ რაიონებზე, თუ არ ვცდები, დიდი შეტაკებები კურდიმოვკაში იყო, სადაც რუსები ცდილობენ, რომ ლოკალური უკრაინული ჯგუფები ალყაში მოაქციონ.

„ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობაა, მაგრამ ქალაქი უკრაინელების ხელშია, საკმაოდ კარგად იცავენ. დანაკარგები ორივე მხარესაა, რუსები არტილერიაში უპირატესობას იყენებენ, სადაც ერთი რვასთან, ან ერთი ცხრასთანაა შეფარდება.

„რუსებმა ეს მიმართულება რა თქმა უნდა გააძლიერეს, რადგან აქ გარიკვეული წარმატება ჰქონდათ და ამის განვითარებას ცდილობენ. ეს ფლანგი ხერსონიდან გამოყვანილი დანაყოფებით გააძლიერეს.

„თავისთავად ეს მიმართულება უკრაინელებმაც გაამაგრეს, მათაც ხერსონიდან გამოთავისუფლებული ძალები გამოიყვანეს. აქ ძირითადად მაინც საცეცხლე დაპირისპირებებია, რაშიც რუსეთს რაოდენობრივი უპირატესპობა აქვს, რასაც თავისთავად იყენებს", - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, რატომაა განსაკურებით ეს მიმართულება გააქტიურებული რუსების მხრიდან გენერალმა ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„უპირველეს ყოვლისა, აქ რუსებს გარკვეული წარმატებები ჰქონდათ და ამის განვითარებას ცდილობენ. ასევე ცდილობენ, რომ ბახმუტის მახლობლად მდებარე წყალგამანაწილებელზე გავიდნენ, რომლითაც სასმელი წყალი დონეცკს მიეწოდება. ოკუპირებული დონეცკის ტერიტორია წყლის უკმარისობას განიცდის და ამის დაკავებაც უნდათ. მესამე მიზეზი, ბახმუტის გავლით შეუძლიათ შეტევა უკვე სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებაზე გააგრძელონ.

„ესაა ლოკალური დონის შეტაკებები, ლოკალურ-ტაქტიკური დონის შეტევა-უკანდახევა, სადაც შესაძლებელია, რომელიმე დანაყოფი ალყაში მოხვდეს. ჩემის აზრით, ეს ალყა იყო ბახმუტის სამხრეთით კურდიმოვკასთან, სამწუხაროდ ზუსტი ინფორმაციები არ მიგვდის.

„ბახმუტი დიდი არაა, თავიდანვე 70 ათასიანი ქალაქი იყო და შედარებით ადვილი დასაცავია. აქ სამრეწველო რაიონია - ფაბრიკები, მყარი და მაღალი შენობებია, რომლებსაც უკრაინელები თავდაცვის ორგანიზებისთვის იყენებენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტი" წერდა, რომ რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა, ექვსი ქართველი მოხალისე კი დაიღუპა. „ინსტიტუტი" აცხადებს, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, დიდ მსხვერპლს განიცდიან ბახმუტის გარშემო მიმდინარე ოპერაციებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე