თამთა ჩაჩანიძე
(04.12.2022)

ქალაქი ენერგოდარი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რომელსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში შანტაჟის იარაღად იყენებდა, რუსებმა შესაძლოა ხერსონივით დათმონ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე") გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ეს შეთანხმება „შეიარაღების გაყვანასა და რუსული ნაწილების გასვლას" გულისხმობს, რის შემდეგაც აეს-ზე კონტროლი „მაგატეს" გადაეცემა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის გარკვეული ვაჭრობის შედეგია და სანაცლოდ მოსკოვი სერიოზულ ეკონომიკურ დათმობებს ელის.

ზაპოროჟიეს აეს-ზე საუბარი უკვე ორ კვირაზე მეტია მიდის. რუსული მედია მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით აქტიურად ავრცელებს ცნობებს, რომ კრემლი მზადაა სადგურიდან ჯარები გარანტიების სანაცვლოდ გაიყვანოს. რუსი მიმომხილველების ნაწილი კი ამას კრემლის ისეთივე მასშტაბურ ჩავარდნად აფასებს, როგორიც თავის დროზე ხერსონიდან რუსული ნაწილების გაყვანა იყო. მათი ვარაუდით, ენერგოდარსა და ზაპოროჟიეს აეს-ის „მაგატესათვის" გადაცემის შემდეგ ეს ტერიტორიები ავტომატურად აღმოჩნდება უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშ.

დამაიმედებელი განცხადება მოლაპარაკებისას მიღწეული პროგრესის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ შაბათს გააკეთა. იგი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთთან და უკრაინასთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება. იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მალე შეხვდება.

„არსებობს კონკრეტული წინადადება ზაპოროჟიეს უსაფრთხოების შესახებ და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ახლა ორივე მხარე თანხმდება რამდენიმე ძირითად პრინციპზე. პირველი არის დაცვა. მეორე არის იმის აღიარება, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ერთადერთი შესაძლო გზაა. რუსეთი არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას და სადგურის დაცვის პრინციპს", - აღნიშნა აგროსიმ.

მისივე თქმით, ზაპოროჟიეს აეს-ის ირგვლივ უსაფრთხო ზონის შექმნის შეთანხმების მიზანი, ბირთვული ავარიის თავიდან აცილებაა და „არა ერთის ან მეორესთვის სამხედრო თვალსაზრისით ხელსაყრელი სიტუაციის შექმნა".

ამასთან, როგორც გროსი ამბობს, ორივე მხარე ელექტროსადგურების დაცვის შესახებ შეთანხმების მომხრეა და უარს ამბობს ზაპოროჟიეს აეს-ის დაბომბვაზე და ამ ლოკაციიდან სროლაზე. ამასთან, მისი თქმით, აეს-დან შეიარაღების გაყვანა და რუსული ნაწილების გასვლა ელექტროსადგურის დაცვის საერთო შეთანხმების ნაწილი გახდება.

ამ წარმატებული მოლაპარაკების პარალელურად კი გაირკვა, რომ ასევე წარმატებით მიდის მოლაპარაკება რუსული სასუქების მსოფლიო ბაზარზე გატანასა და ომის გამო გაჩერებული ტოლიატი-ოდესის ამიაკსადენის ამუშავებაზე. ხოლო რუსულ ნავთობზე დასავლეთის მიერ დაწესებული ზღვრული ფასი მოსკოვისათვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა.

სასუქი, ამიაკი და ნავთობი

30 ნოემბერს გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ რუსული სასუქების პირველი პარტია, რომელიც ევროპის პორტებში იყო გაჩერებული, აფრიკისკენ დაიძრა. დიუჟარიკმა ხაზი გაუსვა, რომ გაერო „ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევებს" ახორციელებს იმისთვის, რათა უკრაინიდან და რუსეთიდან მსოფლიო ბაზრებზე კრიტიკულად აუცილებელი საკვები პროდუქტებისა და სასუქების შეუფერხებელი ექსპორტი უზრუნველყოს.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსმა კი პარასკევს განაცხადა, რომ ტოლიატი-ოდესა ამიაკსადენიდან, რომლის ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე გადის, რუსული ამიაკის ექსპორტი მსოფლიოში ორ კვირაში განახდება. მისი თქმით, ექსპორტის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის და შესაძლოა მალე დასრულდეს.

5 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობზე ემბარგო ძალაში შევა და უკვე ოფიციალურად ცნობილია რუსული ნავთობისთვის დაწესებული ზღვრული ფასი - 60 დოლარი ერთ ბარელზე. ეს სავსებით მისაღებია კრემლისთვის, რადგანაც რუსეთის მომავალი წლის ბიუჯეტი ნავთობის სწორედ ასეთ ფასზეა მორგებული.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს კიევში.

„თუ რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 60 დოლარია ნაცვლად, მაგალითად, 30-ისა, რომელზეც ამბობდნენ, კერძოდ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, მაშინ რუსეთის ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით, 100 მილიარდ დოლარს მიიღებს. ეს ფული არა მხოლოდ ომზე და არა მხოლოდ რუსეთის მიერ სხვა ტერორისტული რეჟიმებისა და ორგანიზაციების სპონსორობაზე წავა, ეს ფული წავა ზუსტად იმ ქვეყნების შემდგომ დესტაბილიზაციაზეც, რომლებიც ახლა სერიოზული გადაწყვეტილებების არიდებას ცდილობენ", - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დიდი გარიგება, თუ უბრალო დამთხვევა

როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, მითქმა-მოთქმა, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გასვლის სანაცვლოდ დასავლეთი რაიმეს დათმობს, არასწორია.

„ამაში შეთანხმების რაიმე ლოგიკას ვერ ვხედავ. უბრალოდ, დასავლეთის ქვეყნები ნაბიჯ-ნაბიჯ იმ სტრატეგიის რეალიზაციას ახდენენ, რომელიც გამოცხადდა რუსეთის ენერგოშემოსვალების შეზღუდვის შესახებ და რუსული ექპორტის კონტროლის თაობაზე. ყველაფერი, რაც ამასთან დაკავშირებით მოხდა, ფასების დაწესებიდან დაწყებული, დასრულებული ყველა დანარჩენით, ამაზე მეტყველებს.

„რაღაც დათმობებზე ამ მითქმა-მოთქმის კარგად არ მესმის. დათმობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ რუსეთი აეს-ს უბრალოდ ვერ აკონტროლებს, თავად სადგურს და მის ირგვლივ ტერიტორიას რესურსები სჭირდება - შეიარაღებული ძალა, ტექნიკა, შესაბამისი სპეციალისტები და ა.შ.

„რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ის შანტაჟი, რომელიც მან ამ სადგურით დაკავებით წამოიწყო, თავის შედეგს გამოიღებდა და დასავლეთი მას რაღაცას დაუთმობდა. როგორც დავინახეთ, არავის არაფერი არ დაუთმო და მემგონი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი მათთვის უფრო ხარჯია, ვიდრე რაიმე სიკეთის მომტანი და მემგონი ამ შემთხვევაში ეს მარტივი ლოგიკა მუშაობს", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

იგივეს ფიქრობს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძეც. იგი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსების მიერ ზაპოროჟიეს აეს-ის დატოვება იძულებითი ნაბიჯია და არა დასავლეთთან რაიმე გარიგების შედეგი.

„ეს რუსეთის მხრიდან თითქოს იმის წარმოჩენა იქნება, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას და მეორეს მხრივ, ისეთი აღქმა შექმნას, თითქოს მას სიტუაცია კონტროლიდან არ გაურბის და უბრალოდ რაციონალური, პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო. ასე გააფორმებს, თორემ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს მარცხი იქნება.

„ამ წუთას ენერგოდარი იმ პრობლემურ წერტილს არ წარმოადგენს, რომელშიც შეიძლება რაიმე შეთანხმებას აზრი ჰქონდეს. მეტსაც გეტყვით, რუსეთი ახლა უკრაინის ელექტროსისტემას ურტყამს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ელექტროსისტემის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი უკრაინას უბრძოლველად დაუბრუნოს", - განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

იგი რუსების მიერ ზაპოროჟიეს აეს-ის დათმობის კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზსაც ასახელებს - შესაძლოა ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება მართლაც კრიტიკულთან მიახლოებული იყოს. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ რუსების საუბრები შესაძლო გასვლაზე პროპაგანდის ნაწილი იყოს და რეალურად არც არაფერს აპირებდნენ.

„რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება იმის მანიშნებელია, რომ ენერგოდარზე ისეთი ეფექტური კონტროლი არ აქვთ, რომელიც საინჟინროს კონტროლს გულისხმობს. ანუ შესაძლოა მართლაც ისეთი გამოვლინებები იყოს, რომელიც დააზიანებს როგორც რუსეთს, ისე უკრაინას. შესაბამისად, რუსებს უბრალოდ ეშინიათ, რომ ამის კონტროლს ხანგრძლივად ვერ შეძლებენ და ამ ნაბიჯს ამიტომ დგამენ.

„სამხედრო თვალსაზრისით, ერთადერთი რაცაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსები მუქარისთვის იყენებდბნენ და ეს მუქარა რომ შემცირდება, მსოფლიოს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა. ცხადია ეს რუსეთის კიდევ ერთი მარცხი იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მოკლე ხანში არ მოხდება. ჯერ მხოლოდ საუბარია და იმის ხაზგასმა, რომ ისინი გასვლისთვის მზად არიან. ამით პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ და მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, რომ თითქოს რაღაცა კორექტული ძალებია, რომლებთანაც მოლაპარაკება შეიძლება. მაგრამ არა მგონია, რომ ამას რელურად განახორცეიელებენ, ჩემი აზრით, ეს უბრალოდ რუსული პროპაგანდის ნაწილია", - განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე