თამთა ჩაჩანიძე
(03.12.2022)

აფხაზეთში პრაქტიკულად განგაშია გამოცხადებული. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ქართული მხარე აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების სერიას გეგმავს. გაძლიერებულია სკოლების, ბაზრების და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების დაცვა. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამას სრულ აბსურდად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცხელების მიზანი აფხაზეთში მზარდი ანტირუსული განწყობების გადაფარვაა.

რამდენად შესაძლებელია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მართლაც მოხდეს რაღაც აფექტება, რაშიც დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს დაადანაშაულებს და რაც შემდგომში რუსულმა მხარემ შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ რაიუმე პროვოკაციისათვის გამოიყენოს? არეშიძეს ამაზე საუბარი უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას ზოგადად ახასიათებს ყალბი ცნობების გავრცელება გარკვეული პოლიტიკური მიზნებისათვის.

მისივე თქმით, აფხაზურ საზოგადოებაში სერიოზული ანტირუსული განწყობები მოიტანა რამდენიმე გარემოებამ, მათ შორისაა რუსეთის მიერ გამოცხადებული ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მცხოვრებლებსაც შეეხოს; ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი, ასევე ფინანსური დახმარების შემცირება და სხვა მიზეზები.

ცნობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფხაზურმა „ტელეგრამ" არხმა „ამრა ლაიფმა" გაავრცელა. მათი ინფორმაციით, აფხაზეთის მასშტაბით პოლიციის განყოფილებებში ჩატარდა დახურული თათბირები და ინფორმაციამ სწორედ ამის შემდეგ გაჟონა.

„აფხაზეთში ტერორისტუილი აქტებია დაგეგმილი.

„აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს შორის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რესპუბლიკაში იგეგმება ტერორისტული აქტები საქართველოს მხრიდან.

„სამართალდამცავი ორგანოები მნიშვნელოვანი დაწესებულებების, სკოლების, ბაზრების და სხვა ხალხმრავალი ადგილების გაძლიერებულ დაცვაზე გადავიდნენ.

„უსაფრთხოების ძალებისთვის ტერორისტების ვინაობა ცნობილია, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება", - წერს „ამრა ლაიფი".

ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, დიდი ალბათობით, აფხაზეთში სერიოზული ანტირუსული განწყობების გასანეიტრალებლად სჭირდებათ.

„ეს რაღაცა ფანტაზიორობის სფეროდანაა. რისთვის სჭირდებათ ეს, რთული სათქმელია. იმისთვის ხომ არა, რომ გარკვეული ანტირუსული განწყობები გაანეიტრალონ, რაც აფხაზურ საზოგადოებაშია?

„რა ტერაქტის გამკეთებლები ვართ, რად გვინდა, ჯერ რაში გვაწყობს, აქ ლოგიკა ხომ უნდა იყოს... რა პოლიტრიკური შედეგი შიძლება მოიტანოს ტერაქტმა?! აბსოლუტურად არავითარი. ეს მემგონი გაკეთებულია იმ საკმაოდ სერიოზული ანტირუსილი განწყობების გადასაფარად, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაშია.

„ბიჭვინთის აგარაკის საკითხის გარდა, იქ სხვა რაღაცეებიცაა - ტრანშისა და სოციალური დახმარებების შემცირება, მობილიზაცია, რომელიც პირდაპირ აფხაზეთს არ ეხება, მაგრამ ბჟანიამ შიდა მობილიზაციაც ხომ გამოაცხადა. დღეს აფხაზური საზოგადოებისთვის შიშისა და ეჭვიანობის სინდრომია დამახასიათებელი, რომელიც რუსეთის მოქმედებითაა განპირობებული, ამიტომაა ანტირუსული განწყობები. ბიჭვინთის თემა ერთ-ერთი აქტუალურია, მაგრამ მთავარი არა", - განაცხადა არეშიძემ.

აფხაზეთში სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაირკვა, რომ 19 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულება ბიჭვინთის აგარაკებისა და 186 ჰექტარი მიწის ნახევარი საუკუნით რუსეთის მფლობელობაში გადაეცემის შესახებ. ეს აფხაზურ საზოგადოებაშ უკიდურეს უკმაყოფილებას იწვევს. თითქმის მთელი წლის განმავლობაში ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსიები და შეხვედრები, თუმცა კომპრომისს ვერ მიაღწიეს.

ახლა კი ხელშეკრულება „რატიფიკაციისათვის" დე ფაქტო პარლამენტშია შესული. ამის პარალელურად ვითარება ისევ მკვეთრად დაიძაბა. სოხუმში მასობრივ პროტესტსა და არეულობას ელიან, რის გამოც ე.წ. სამთავრობო შენობების გარშემო დამცავი კონსტრუქციების მოწყობა დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე