ელზა პაპოშვილი
(26.09.2022)

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 21 სექტეემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის  შემდეგ ქვეყანა სრულმა ქაოსმა მოიცვა - სროლა იყო ურალის კომისარიატში, სადაც გაწვევით უკმაყოფილო მწვევამდელმა კომისარს ცეცხლი გაუხსნა და საკუთარ კაბინეტში დაჭრა. 

არეულობით ისარგებლეს ჯარში იძულებით გაწვეულმა დანარჩენმა მწვევამდელებმა, რომლებმაც თავს გაქცევით უშველეს. დაკავებულია წვევამდელი, რომელსაც ჯარში და ომში წასვლა არ სურდა. როგორც BAZA წერს, გასროლამდე წვევამდელმა დაიძახა "ახლა ყველანი სახლში წავალთ", შემდეგ კი კომისრის, ალექსანდრ ელისეევის მისამართით ცეცხლი გახსნა. 

 ნაწილობრივი მობილიზაცია პუტინისთვის პოლიტიკურ განაჩენს ჰგავს, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის მასშტაბით სიტუაცია სრულიად უმართავი გახადოს. ასეთი პროტესტი არავის ახსოვს. 

შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ 28 სექტემბერს პუტინი ქვეყნის საზღვრების დაკეტვას აპირებს და სიტუაცია კიდევ უფორ უკონტორლო გახდება. რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე ჯამში რუსეთი 261 000 კაცმა დატოვა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთ-ყაზახეთის საზღვარი უკვე ჩაკეტილია და რუსეთის მოქალაქე მამაკაცის ქვეყნიდან გასვლა აიკრძალა. ასევე, ჩაიკეტა როსტოვის ოლქიც. მამაკაცებს რუსეთის დატოვება მხოლოდ სპეციალური საშვის მეშვეობით შეეძლებათ, რომელსაც ქალაქის ხელმძღვანელობები გასცემენ.  

ბოლო ორი დღეა კი სიტუაცია დაძაბულია დაღესტანში. მახაჩყალაში  ქუჩაში მოსახლეობა მობილიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა და ისინი ომში ახალგაზრდების გაწვევას აპროტესტებენ. ტელეგრამ არხი „ადატი“ იუწყება, რომ აქციის მონაწილე 100-მდე პირი პოლიციამ წუხელ დააკავა. 

დაღესტანში რუსეთის ეროვნული გვარდია გამოჩნდა და მოსახლეობის დაპატიმრება დაიწყეს. პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ხელკეტებით და ელექტროშოკებით უსწორდებოდნენ. ასევე, კვირას საპროტესტო აქციებს თან გზის გადაკეტვა და პოლიციასთან შეტაკებები ახლავდა. პროტესტი კი განსაკუთრებით მასობრივი მახაჩყალაში აღმოჩნდა.  

საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკშიც. ფედერაციის რამდენიმე ოლქში ადგილობრივებმა სამხედრო გაწვევის ოფისებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. 

მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს ამიერიდან საზღვრის გადასაკვეთად დამატებითი დოკუმენტაციის წარმოადგენა მოუწევთ. ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს მალე ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავს, მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საზღვრის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღებსაც ასახელებენ.   

"მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების დროისთვის რეგისტრირებული არიან სამხედრო ბაზაში, ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება სამხედრო კომისარის ან ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების ნებართვის გარეშე. ყველაფერი კანონის შესაბამისად ხდება. 

რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ გამგზავრების მიზნით, აუცილებელია აიღოთ დადგენილი ფორმის მოწმობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან. ჩვენ არ ვკრძალავთ სუბიექტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გარეთ გამგზავრებისთვის საჭიროა აიღოთ შესაბამისი ცნობა. 

ნებართვის მქონე მოქალაქეების სია მოსკოვში გადაიგზავნება. საზღვრის კვეთის დროს კომპეტენტური ორგანოები შეამოწმებენ აქვს თუ არა მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლის ნებართვა, ცნობის გარეშე მას საზღვარზე არ გაუშვებენ," - განაცხადა როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა იგორ ეგოროვმა.   

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, რომელთაც უკრაინაში საომრად წასვლას აიძულებენ.

"იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილები არ გაიგზავნონ სიკვდილისთვის, რადგან თუ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასართმევად მოხვალთ, როგორც მამა გეტყვით, რომ ცოცხალს აღარ გაგიშვებთ,"- ამბობს ზელენსკი.

საკუთარ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის მიზნებზეც ისაუბრა.

„სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ მონაკვეთზე, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია. ეს არის დონეცკის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ხერსონის ოლქი, ასევე მიკოლაივისა და ზაპოროჟიის ოლქები. რამდენიმე მიმართულებით დადებითი შედეგები გვაქვს. 

„ასევე, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ფაქტზე, რომ კრიმინალურ მობილიზაციას რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში ხალხის ტანჯვის გასახანგრძლივებლად და მსოფლიოს შემდგომი დესტაბილიზაციისთვის, არამედ ადამიანების ფიზიკური განადგურების მიზნით - მკვიდრი ხალხის წარმომადგენლების, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ. 

„კატასტროფული ვითარებაა ოკუპირებულ ყირიმში. ყირიმელი თათრების შესახებ ინფორმაცია სრულად არის დადასტურებული. ეს არის რუსეთის გენოციდური პოლიტიკის კიდევ ერთი ელემენტი. იგივე ხდება თავად რუსეთის ტერიტორიაზე. ეს გათვლილი იმპერიული პოლიტიკაა,"- განაცხადა ზელენსკიმ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე