თეონა ვეშაგური
(25.09.2022)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა. პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსულ ოკუპაციას, უკრაინისადმი საქართველოს დახმარებას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რეგიონის უსაფრთხოების საკითხში ჩვენი ქვეყნის წვლილს, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს ეხებოდა. ექსპერტთა აზრით, პრემიერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საკმაოდ ძლიერი გამოსვლა ჰქონდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ მიაღწია. მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.

ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. მისივე თქმით, წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, თავისუფლების და მშვიდობის უზრუნველსაყოფად მსოფლიო დემოკრატიების ერთად მოქმედების მნიშვნელობას.

„2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე, მთავრობის რეფორმებზეც ისაუბრა და ჩამოთვალა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ეკონომიკური თავისუფლების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, სამართლის უზენაესობის შესახებ.

იგი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც და თქვა, რომ ევროპული საბჭოს მიერ ევროპული პერსპექტივის მინიჭებამ საქართველოს ახალი მიზნები დაუსახა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნისთვის და ხალხისთვის დიდი მოტივაციაა და ისიც გაცნობიერებულია, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება პასუხისმგებლობა, ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის მხრივ.

ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის როგორც მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

პრემიერის მიერ გაეროს ტრიბულიდან გაკეთებულ განცხადებას „რეზონანსთან" დადებითად აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, ღარიბაშვილის გამოსვლა არ იყო ცუდი, თუმცა ის ბრწყინვალე იქნებოდა მაშინ, თუ გაკეთდებოდა უკაინაში ომის დაწყებისთანავე. ამასთან, ექსპერტი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რამდენად შესაბამისობაშია ქვეყნის მეთაურის სიტყვები საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებთან.

„პრემიერის გამოსვლა იყო საკმაოდ ნორმალური, შეიძლება ითქვას, რომ კარგიც. მან ყველაფერზე გააკეთა სწორი აქცენტები, მაგრამ მისი ახლანდელი გამოსვლა უკან მიდევნებულ ლამპარს ჰგავს. ბრწყინვალე იქნებოდა მსგავსი გამოსვლა 7 თვის წინ რომ ყოფილიყო, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო.

„ახლა მისი გამოსვლა იმ ქვეყნის რეაბილიტაციის მცდელობას ჰგავს, რომლის მიმართაც ჩამოყალიბებულია ნეგატიური ფონი. არც ეს არის ცუდი, მაგრამ როდესაც ღარიბაშვილი ასეთი ტექსტებით გამოდის გაეროში, საქართველოში კი „ოცნებიდან" წასული ოთხეული აქვეყნებს ნეგატიურ ტექსტებს, ეს ყველაფერი შეუსაბამობაშია ერთმანეთთან. გარდა ამისა, ერთია განცხადებები და მეორეა ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.

„პრემიერის გამოსვლა არ იყო ცუდი, მაგრამ ეს ჰგავდა მცდელობას როგორმე გაერღვია ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან"

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად დამაჯერებელი იყო ეს გამოსვლა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე დასავლელი პარტნიორებისთვის.

„ღარიბაშვილის გამოსვლას გაეროში ბევრი მისი კრიტიკოსიც კი დადებითად აფასებს. საკმაოდ პრინციპული პოზიციები გააჩნდა მთელ იმ საკითხებზე, რომელიც მტკივნეულია ჩვენთვის, მაგალითად, ოკუპაციისა და უკრაინის თემები. ამ თვალსაზრისით დადებითად არის შესაფასებელი საგარეო პოლიტიკური ასპექტები მის გამოსვლაში.

„პრემიერი გამოვიდა ისე, როგორც ყოველთვის - რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ევროპაში. მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად დამაჯერებელი იყო ეს გამოსვლა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ევროპელი პარტნიორებისთვის, მით უფრო ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებისა და „ოცნებიდან" წასული ოთხეულის განცხადებების ფონზე", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე