ელზა პაპოშვილი
(23.09.2022)

არეულობა რუსეთში - ქვეყანაში დემონსტრაციები მიმდინარეობს. მოქალაქეები უკრაინის ომისთვის სამხედრო რეზერვისტების ნაწილობრივ მობილიზაციას ეწინააღმდეგებიან და ომის დასრულებას ითხოვენ. 

აქციები მიმდინარეობს დიდ ქალაქებში, მათ შორის სანკტ-პეტერბურგში. დაკავებები რუსეთის 38 ქალაქში ხდება. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. საპროტესტო მუხტი გაჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც,

კერძოდ დაღესტანში, სადაც კომისარიატის ეზოში შეკრებილი ადგილობრივები ამბობენ, რომ ომში არ წავლენ. გავრცელებულ ვიდეოში, რომელსაც გამოცემა Nexta-ს რედაქტორი, დათეუშ გიცანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, ჩანს კომისარიატი ქალის და ადგილობრივი მამაკაცების დაპირისპირება. კაცები აცხადებენ, რომ უკრაინაში დაწყებული ომი ომი არაა და ეს არის „პოლიტიკა“, რომელშიც მონაწილეობა არ სურთ. მათი აზრით, ეს არ არის მეორე მსოფლიო ომის მსგავსი ბრძოლა, სადაც საბჭოთა კავშირი  გერმანიას ებრძოდა. 

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პუტინისთვის შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასია განსაკუთრებული პრობლემა გახდეს. მობილიზაციაზე დოკუმენტის გასაიდუმლოებულ მე-7 მუხლში წერია, რომ ბევრად მეტი ადამიანის მობილიზაცია უნდა მოხდეს, ვიდრე ეს თავდაცვის მინისტრ შოიგუმ დაასახელა. 

„ამ დოკუმენტის გამოსვლამდე ბოლო 3 კვირის განამვლობაში რეგიონების ხელმძღვანელებმა მიიღეს განკარგულება, რომ შეედგინათ ადგილობრივი მოხალისეების ბატალიონები. ყველა რეგიონმა შექმნა ასეთი ბატალიონი - მათ შორის არის 22 ადმინისტრაციული წარმონაქმნი, რესპუბლიკა თუ ოლქი. ამ მიმართულებით განსაკუთრებით თავი ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა. ჩიჩნებზე ლაპარაკი არ მაქვს, რადგან იქ საერთოდ სხვა მდგომარეობაა. ეს ბატალიონები ექსტრემალურ სიტუაციაში შესაძლოა სანდოები საერთოდ არ იყვნენ. რუსებს აქვთ მწარე გამოცდილება, როცა ასეთმა ნაციონალურმა შენაერთებმა ეს იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენეს. თუ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რუსეთს შესაძლოა სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში აუფეთქდეს. ამიტომ პუტინი ამ ბატალიონების შექმნით, პირდაპირ ცეცხლს ეთამაშება. ეტყობა მერე უკვე კრემლში მიხვდნენ, რომ ერთი ეთნიკური ბატალიონის დაშვება არ შეიძლებოდა. ბურიატები უკრაინაში პირველი დამრტყმელი ძალა იყო, მაგრამ ახლა უკვე მასობრივად დეზერტირობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ სამხედრო შენაერთებში არ მოხვდნენ. ასევე ხდება სხვა რესპუბლიკებშიც. მითუმეტეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. მართალია ამას ჯერ მასორივი სახე არა აქვს, მაგრამ გამორიცხული არაფერია“, - ამბობს არეშიძე. 

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში ასეთი სიტუაციაა, თუ ადამაინს სამხედრო სამსახური გავლილი არა აქვს, ვერავითარ კარიერულ ზრდაზე  ვერ იოცნებებს. ამიტომ იქაური ახალგაზრდობა მიჩვეულია, რომ სამხედრო სტრუქტურებში იყვნენ დასაქმებულები. ომამდე ჯარში სიხარულით მიდიოდნენ, ახლა კი პროტესტი გაჩნდა. 

„რუსეთი დილემის წინაშეა და სერიოზულად რისკავს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ერთი ეთნიკური წარმომავლობის ბატალიონები არ შეიქმნას. რაც შეეხება პროტესტის განწყობას, ეს აშკარად იგრძნობა და უკვა ამაზე ხმამაღლაც საუბრობენ. მიტინგებით, რაც რუსეთში გაიმართა, აქ მაინც და მაინც დიდი აქტიურობით ჩრდილოეთ კავკასიური ავტონომიების დედაქალაქები არ გამოირჩევა. თუმცა ეს შიდა საპორტესტო განწყობა არსებობს და როგორც უკვე აღვნიშნე, პუტინი ცეცხლს ეთამაშება“, - ამბობს არეშიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე