საქართველოს პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა. პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსულ ოკუპაციას, უკრიანისადმი საქართველოს დახმარებას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რეგიონის უსაფრთხოების საკითხში ჩვენი ქვეყნის წვლილს, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს ეხებოდა.
"წინ ვუსწრებთ გაწერილ დღის წესრიგს......ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელეთ რეაგირება ევროკავშირის მოთხოვნებზე, შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომ 12 პრიორიტეტი შესრულებულიყო. ეს ინკლუზიური პროცესი მიმდინარეობს მთავრობის ყველა ფრთის, ისევე როგორც ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პარლამენტში, თითოეული პრიორიტეტული მიმართულებით, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ჩვენ პროგრესი გვაქვს და წინ ვუსწრებთ გაწერილ დღის წესრიგს.მინდა ნათლად განვაცხადო, საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს რომელიც მიგვიყვანს წევრობამდე და გახდის თაობების ოცნებას რეალობად“, - თქვა მან.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ მიაღწია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთის მიერ, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.
„ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი რეგიონალური გამოწვევები ისეთი გლობალური გამოწვევების ფონზე ვლინდება, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, პანდემია და კლიმატის ცვლილება. საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში. ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნატოს მიერ განხორციელებულ მისიებში. სულადობრივად, ყველაზე მეტი წვლილი მიგვიძღვის ავღანეთის მისიაში. ბევრი მამაცი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასობით დაიჭრა და მნიშვნელოვანი მსხვერპლი გავიღეთ, ამ ინიციატივებში. საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს საერთო უსაფრთხოების დაცვის საქმეში ნატოს მხარდაჭერისა და ევროკავშირის მისიების უწყვეტი დახმარებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა არაერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას - ოკუპაციას დაეთმო. პრემიერმა ხაზი გაუსვა, თავისუფლების და მშვიდობის უზრუნველსაყოფად მსოფლიო დემოკრატიების ერთად მოქმედებას.
„2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გაეროში პრემიერმა მთავრობის რეფორმებზეც ისაუბრა და ჩამოთვალა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ეკონომიკური თავისუფლების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, სამართლის უზენაესობის შესახებ.
„სამართლიანობის ინდექსის შესაბამისად საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში. ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილას ბიუჯეტის გამჭვირვალობით. ფრეიზერის ინსტიტუტის 2021 წლის კვლევების შესაბამისად, წამყვან ხუთ ეკონომიკაში შედის საქართველო შვეიცარიასთან ერთად. ჩვენი მიზანია უფრო დავუახლოვდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული გარდაქმნა, გავაძლიეროთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრირება“- თქვა პრემერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე.
საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მოხსენების დროს ირაკლი ღარიბაშვილი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და თქვა, რომ ევროპული საბჭოს მიერ ევროპული პერსპექტივის მინიჭებამ საქართველოს ახალი მიზნები დაუსახა. მისი თქმით ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნისთვის და ხალხისთვის დიდი მოტივაციაა და ისიც გაცნობიერებულია, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება პასუხისმგებლობა, ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის მხრივ.
პრემიერმა მოხსენების დროს უკრაინის შესახებ ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის როგორც მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
„ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს...
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის“, - თქვა მან.
პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოიყენა საერთაშორისო ტრიბუნა, რათა საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ხალხისთვის მიემართა. თქვა, რომ ძალა ერთობაშია და ერთად უნდა აშენდეს საქართველო, როგორც თავისუფალი და ერთიანი ევროპული სახელმწიფო.
პრემიერი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყოს შუამავლად და საქრათველოს, როგორც მომლაპარაკებელი ქვეყანა ისე იქნას ამ კონფლიქტში ჩართული.
„რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ. საქართველო მზადაა მოიაზრებოდეს დიალოგის ცენტრად, რათა საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს რეგიონში. მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ დისკუსიებს. მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში.
ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონალური ურთიერთობების ნორმალიზებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე