თეონა ვეშაგური
(04.08.2021)


ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა, თან ისე, რომ ჯავშანი არ გააუქმა. მიმდინარებს აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რომელმაც უნდა გამოავლინოს - ეს არის ანტივაქსერთა ჩარევა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება.

ამასთანავე, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, განმარტავს ჟურნალისტებთან გაბუნია.

„ჯავშნების გაუქმება, უფრო სწორად, არ გამოცხადება დაჯავშნილ ვიზიტებზე, არის ყოველდღიურად და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი რიცხვი, რომელიც დასახელდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს იყო 3000 შემთხვევა არგამოცხადების, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული ბარიერი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ცდილობდა დარეგისტრირებას და უბრალოდ ადგილი არ დარჩა მათი რეგისტრაციისთვის.

"ბუნებრივია, ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება, იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რა შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირდა და შემდეგ კი არ გააუქმა ჯავშანი, უბრალოდ არ გამოცხადდა.

"ეს ქმედება, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. არ ვიცი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ეს უნდა შეფასდეს და შესაფერისი დასკვნა ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ - არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ მივიდა და უბრალოდ ჯავშანი არ გააუქმა, თუ რაღაც სხვა მიზეზია.

" ამაზე, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, სანამ რამე დასკვნას გავაკეთებთ, თუმცა, ანტივაქსერული ნიშნები რომ არის, სოციალური ქსელში არის აშკარა აქტივობა ამ მიმართულებით.

"რაც მეტად წინ წავა ვაქცინაციის კამპანია და წარმატებული იქნება, მით მეტად გააქტიურდება ანტივაქსერული მოქმედებაც, ამიტომ ყველა მხრიდან საჭიროა მობილიზება იმისთვის, რომ საპასუხო რეაგირება გვქონდეს. თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვება შესაბამისი უწყებები,"- განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ პროცესში ვაქცინის დოზები არ გაფუჭებულა, თუმცა, პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ 4 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს რეალურად მეოთხე ტალღის პიკზე.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით 7 000-მდე საწოლია მობილიზებული.

„4 000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყვნენ. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი ჯანდაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა", - განაცხადა გაბუნიამ.

მიუხედავად აღნიშნული სიტუაციისა, როგორც გაბუნია ამბობს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება" და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე მუშაობენ.

„გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი შემცირდა, ამიტომ სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა. მოგეხსენებათ, ჩვენთვის სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამიტომ, სასტუმროების მობილიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ამაზე მეტის საჭიროება უბრალოდ არ იქნება და მოხერხდება სასტუმროს რესურსის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში, სადაც იქნება ექიმი. სხვა სივრცეებზე საუბარი არ არის.

საველე ჰოსპიტლის მართვა და ადამიანური რესურსით მისი უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. ამდენად, მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც შესაძლებელია კიდევ მეტად გაფართოვდეს, სულ მცირე, ორჯერ და სამჯერაც ეს არის სასტუმროების მოდელი, იმ დიდი სივრცეების გამოყენება, სადაც კომფორტულ გარემოში შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა. საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე