“როდესაც არის ფორსმაჟორული სიტუაცია და ადამიანები იღუპებიან, რადგანაც სხვები არ იცავენ წესებს, მსგავსი მეთოდების გამოყენება დასაშვებია და ეს არ არღვევს ადამიანთა უფლებებს“
თეონა ვეშაგური
(04.08.2021)


შესაძლოა მსოფლომ პანდემიასთან ბრძოლის ახალ მეთოდებს მიმართოს - ნიუ-იორკში, რესტორნებში, გასართობ და ფიტნესცენტრებში შესვლას მხოლოდ ვაქცინირებული პირები შეძლებენ. ეს წესი ეხებათ როგორც დაწესებულების თანამშრომლებს, ისე სტუმრებს - როგორც ინფექციონისტი აცხადებს, მსგავსი შეზღუდვების საქართველოში დაწესებასაც მიესალმება.

ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ იმ საომარ ვითარებაში, რასაც პანდემიასთან ბრძოლა წარმოადგენს, ყველა შესაძლო მეთოდი დასაშვებია, რათა ეპიდემიის საბოლოოდ დამარცხება შევძლოთ.

„ჩემი აზრით, როდესაც არის ასეთი ფორსმაჟორული სიტუაცია, არის პანდემია და ადამიანები იმის გამო იღუპებიან, რომ სხვები არ იცავენ წესებს და არ იტარებენ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ასეთ დროს მსგავსი მეთოდების გამოყენება დასაშვებია და ეს არ არღვევს ადამიანთა უფლებებს" - განაცხადა გოგინავამ.

მან საქართველოში მსგავსი ღონისძიებების შემოღების შესაძლებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთანაც, შესაძლებელია მსგავსი მეთოდის გამოყენება, თუმცა ეს გამოიწვევს პროტესტს მოსახლეობის მხრიდან. მე პირადად, როგორც ექიმი, რომელსაც სურს პანდემია მალე დასრულდეს, მივესალმები მსგავს შეძღუდვებს, იმიტომ, რომ ახლა მთავარი ფრონტის ხაზი გადის ჩვენს მოსახლეობაზე. მათ უნდა დაიცვან წესები, თავი შეიკავონ თავშეყრისგან და ჩაიტარონ ვაქცინაცია" - ამბობს ინფექციონისტი.

აქვე ცნობილია, რომ საგანგაშო მაჩვენებლების გამო, მედიკოსებმა საკოორდინაციო საბჭოს ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვისა და რესტორნებში მხოლოდ აცრილების, ან წინასწარი ტესტირებით დაშვების რეკომენდაციით მიმართეს.

დაკმაყოფილდება თუ არა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ეს უახლოესი დღეების მონაცემებზეა დამოკიდებული.

ამჟამად კლინიკებში 6 ათასზე მეტი კოვიდპაციენტი მკურნალობს, ჯანდაცვის სისტემის მაქსიმუმი კი 8 ათასი საწოლია. პარალელურად, ინტენსიურად გრძელდება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი. დღეიდან Pfizer-ით აცრა პოლიკლინიკებშიც შესაძლებელია.

"აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არის გავრცელებული ახალი ინდური შტამი, რომელიც, რეალურად, ძალიან მალე ჩაანაცვლებს ყველა არსებულ შტამს.

"ერთადერთი გამოსავალი, რომ შევძლოთ ეს დრო სწორად გამოვიყენოთ და შემოდგომის სეზონზე არ მივიღოთ კიდევ უფრო რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს რეგულაციები. აუცილებელია მობილობის შემცირება და თავშეყრის ადგილებზე თავის არიდება," - აცხადებს "ჯო ენის" სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, მაია კაშია.

რეგულაციების დაცვის და გატარების აუცილებლობაზე საუბრობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. მისი თქმით, იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალია ე.წ. დელტა შტამის გავრცელება, ტურისტების, ან სხვა მიზნით ადამიანების შემოსვლა უნდა გაკონტროლდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე