თამთა ჩაჩანიძე
(03.08.2021)


„ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, დასავლელი პარტნიორებისათვის ეს ხელშეკრულება ამოწურული არ არის და ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების შესასრულებლად ახალ გზებს ეძებენ. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომლებმაც სამშაბათს ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები გამართეს. დღის ბოლოს კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ხელშეკრულება ამოწურული არაა.

პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართა. ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპი გაუძღვა. ოპოზიციის ცნობით, საუბარი ეხებოდა იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა შარლ მიშელის დოკუმენტის დამრღვევთა მიმართ და ამ კონტექსტში ნახსენები იყო პერსონალური სანქციებიც.

რა თქვა პრეზიდენტმა

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და თქვა, რომ მიზნები, რომლებსაც დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც ეფუძნება, ამოწურული არაა და მიშელის შეთანხმებაზე ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხიმსგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, ვერც მის ანულირებაზე. თუმცა დღეს, პოსტ-ფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა, წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც მე ვუჭერ მხარს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი „ოცნებისგან" დამოუკიდებელია.

„არაა აუცილებელი, რომ პრეზიდენტის განცხადებები რომელიმე პარტიის კურსთან თანხვედრაში იყოს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა და აკეთებს იმ განცხადებებს, რომლებიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია. ესაა მე რაც ამ პრესკონფერენციიდან დავინახე.

„ოპოზიციის სრული ალოგიკურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა იმის თქმით, რომ პრეზიდენტი ჩვენსკენ შემოტრიალდაო. ზურაბიშვილი დღეიდან ლეგიტიმური გახდა? ხომ აცხადებდნენ, რომ მათი პრეზიდენტი არ იყო... კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორი უსახური ოპოიცია გვყავს," - განაცხადა აბაშიძემ.

„ოცნების" პოზიცია

რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორების აქტიურობისა და სამშაბათის შეხვედრების მიუხედავად, მათი პოზიცია არ შეიცვლება.

„კარგი იქნებოდა, რომ ამ პარტიებს ამ შეთანხმების ბედზე მაშინ ეზრუნათ, როცა შეთანხმება აქტუალური იყო და ეს მოწადინება ხემოწერის დროს და შესრულების მომენტში გამოეჩნათ. ახლა ჩვენი მხრიდან ამასთან დაკავშირებით პოზიცია უკვე დაფიქსირებულია და არ იცვლება.

„მიშელის შეთანხმებით რაც იყო გათვალისწინებული, ჩვენ იმის ძალიან ბევრი პუნქტი უკვე შესრულებულიც გვაქვს და მიუხედავად ხელშეკრულებაში ჩვენი არყოფნისა და ამჟამად არარსებობისა, ჩვენ მაინც პირნათლად ვასრულებთ.

„სხვა შეთანხმებებს და დოკუმენტებს აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ასეთი შეთანხმება თუ დოკუმენტი, მიშელის იქნებოდა თუ მანამდე, ოპოზიციის მხრიდან არასდროს სრულდებოდა და მარტო „ქართული ოცნების" შესასრულებელი იყო. ამიტომ ჩვენ ჩვენი კოსტიტუციისა და კანონის საფუძველზე განვაგრძობთ ცხოვრებას, რაც ცალკე შეთანხმებებს აღარ საჭიროებს. ოპოზიციის ყალბ ნარატივზე დამყარებული მთელი ეს პოლიტიკა, რომ არჩევნებს არ ცნობდნენ და ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში შეყვანა, არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია და ამ გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება - ამ პოლიტიკურ კურსს ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ამ თამაშში აღარასდროს დავბრუნდებით,"- განაცხადა ქადაგიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

რა სურს დასავლეთს და რა ბერკეტები აქვს

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, „ქართული ოცნების" ხელშეკრულებაში დაბრუნება პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება. ამ ეტაპზე დასავლეთის მთავარი მიზანი კი 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა.

„ახლა რომ „ქართული ოცნება" მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს, ძალიან უცნაური იქნება, რადგან ეს დაბრუნება მისთვის იმდენად წამგებიანია, რომ ურჩევნია ეს ორი თვე ამ ზეწოლას რაღაცნაირად გაუძლოს და თუ ამის აუცილებლობა დადგება, მერე რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, ვიდრე ახლა შეთანხმებას დაუბრუნდეს.

„ერთადერთი, რამაც შეიძლება, რომ საქართველოს ხელისუფლება კომპრომისებზე წამოიყვანოს ეს სანქციებია. დასავლეთის განცხადებები საკმაოდ მძიმე და კრიტიკული იყო, მაგრამ სანქციების თემა ფაქტიურად ამოწურული და დახურულია. ამიტომ ევროკავშირის ოფისში რამდენი შეხვედრებიც არ უნდა გაიმართოს, ამან არ მგონია რაიმე გადამწყვეტი როლი ითამაშოს იმაში, რომ „ოცნება" შეთანხმებას დაუბრუნდეს.

„ოპოზიციის ეს მცდელობები და მისი აფიშირება მათი ამომრჩევლის გათვალისწინებით უფრო ნეგატიურად იმუშავებს, ვიდრე პოზიტიურად. მათ, ცხადია, პოზიცია უნდა დააფიქსირონ და თქვან რა და როგორ მოხდა, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან დიდი აქტიურობა წამგებიანი იქნება. ოპოზიციამ რაღაცნაირად ეს უნდა გააცნობიეროს. ეს თემა რაც უფრო ამოწეული იქნება, მით მეტად გაჩნდება განცდა, რომ ოპოზიციას მხოლოდ დასავლეთის მეშვეობით შეუძლია ებრძოლოს „ოცნებას". ანუ ამომრჩეველი ამას სისუსტის გამოვლინებად ჩათვლის", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

იგი დეტალურად საუბრობს იმაზეც, თუ რატომაა გამორიცხული დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება.

„აგვისტო პოლიტიკურად მკვდარი თვეა, ჩვენი გულისთვის არც ევროპარლამენტი შეიკრიბება, არც ევროსაბჭო და არც არაფერი. ცალკეულმა დეპუტატებმა შესაძლოა განცხადებები გააკეთონ, მაგრამ ეს ასე მარტივი არაა, გარკვეული პროცედურაა საჭირო.

„გარდა ამისა, ევროკავშირმა წესიერად სანქციები ბელარუსს არ და ვერ დაუწესა და იმის გამო, რომ მიშელის დოკუმენტიდან „ოცნება" გამოვიდა, ეს ასე მარტივი არაა, რადგან სანქციების დაწესება და ქვეყნისთვის ომის გამოცხადება, ფაქტიურად ერთი და იგივეა.

„ამიტომაც ვფიქრობ, რომ სანქციებისთის მზად არც ევროპაა და არც გააკეთებენ ამას. ოპოზიცია თავის ამომრჩეველს რომ არწმუნებს, ჩვენ ევროპასთან ერთად რაღაცას ვაკეთებთო, ამას ვერ მიაღწევს და ეს უფრო მათ ამომრჩეველს გაუტეხს გულს და ის ამომრჩეველი არჩევნებზე ან საერთოდ არ წავა, ან თუ წავა, მათ ხმას აღარ მისცემს და ეს უნდა გაითვალისწინონ.

„დეგნანი და შტატები ყველაზე კრიტიკული იყო. იქაც კი, როცა სანქციებზე მიდგა საქმე, თქვეს, რომ ჯერჯერობით არ განვიხილავთო. დეგნანმა ბოლო განცხადებაში, რაც მე ვნახე, ფაქტიურად თავისი კრიტიკული ტონი დაარბილა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ არ დაუწესებენ.

„ივანიშვილთან დაკავშირებით ფაქტიურად ტყუილი თამაშია, რადგან ეს კაცი პოლიტიკიდან ოფიციალურად წავიდა. კულუარებში რა ხდება? კულუარებში ბევრი რამ ხდება, მაგრამ დღეს ეს არ ჩანს. სჯობს, რომ ოპოზიცია ახლა ამომრჩეველზე გახდეს ორიენტირებული, ვიდრე ვაშინგტონსა და ბრიუსელში ირბინოს.

„არანაირი კულუარული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასავლეთს დღეს ოპოზიციასთან ერთადერთი მნიშვნელოვანი თემა აქვს - არჩევნების შემდგომი ვითარება სტაბიულური იყოს და რადიკალიზაცია არ მოხდეს, თუ ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს დასავლეთი ყველაზე მეტად ამითი იქნება დაინტერესებული. დღევანდელი კონსულტაციები რას ნიშნავდა არ ვიცი, მაგრამ დღეს დასავლეთს ოპოზიციასთან ურთიერთობა ამ მიმართულებით აქვს," - განაცხადა ძაბირაძემ.

განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.

„ჩემი აზრით, „ოცნების" მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებისათვის დასავლეთის ბერკეტი ის იქნება, რომ „ნაცმოძრაობაც" დაითანხმოს, რომ შეუერთდეს შეთანხმებას. აქ მთავარი იყო, რომ პასუხისმგებლობა ორმხრივად აიღონ, როგორც ერთმა ისე მეორე ძალამ, რადგან „ოცნების" მხრიდან მთავარი საბაბი ისაა, რომ ენმ დოკუმენტს არ შეუერთდა და მმართველმა ძალამ რატომ უნდა აიღოს მარტო პასუხისმგებლობაო.

„თუმცა, ჩემი აზრით, მიზეზი ისაა, რომ სოციოლოგიური კვლევები ჩატარდა და „ოცნება" 43%-ს ვერ აგროვებს და მან უნდა აიღოს ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ფაქტია, რომ გახარიას პარტიამ მმართველ პარტიას გარკვეული პროცენტები წაართვა. აქედან გამომდინარე ახლა ევროკავშირი „ნაცმოძრაობის" დარწმუნებას ცდილობს. თუ ენმ-მ დოკუმენტის შეერთებაზე თანხმობა თქვა და „ოცნებამ" უარი, აქ უკვე რეალური მიზეზი ნათლად ჩანს, რომ 43%-ს ვერ აგროვებს.

„თუ ამ მცდელობის შენდეგაც „ოცნებამ" უარი თქვა, სხვა ბერკეტი არ დარჩება და პერსონალური სანქციები შესაძლებელია. ისინი მიანიშნებენ „ქართულ ოცნებას", რომ ის ცუდ თამაშს თამაშობს. დღევანდელი კონსულტაციები მიანიშნებს, რომ ცდილობენ ოპოზიციური პარტიები დაითანხმონ მიშელის შეთანხმების ხელმოწერაზე და ასევე ის, რომ ევროპა სულ უფრო და უფრო დიდ ინტერესს ავლენს, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი გზით," - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე