ია აბულაშვილი
(03.08.2021)


სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცებულია. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ცალმხრივი სამოქმედო გეგმა  კონფლიქტების მოგვარებაში ვერ იმუშავებს და ამის მაგალითად 2007 წელს დამტკიცებული მსგავსი გეგმა მოაქვს.

გეგმის პრეზენტაციაზე მინისტრმა ახვლედიანმა აფხაზეთის მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაურბა. მისი თქმით, აფზაურ საზოგადოებასთან  მიმდინრე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით უკვე დაგროვდა თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები, ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით. აფხაზეთის რეგიონში დაიწყო ნდობის აღდგენის მიმართულებით პროგრამების განცხორციელება; პანდემიის პერიოდში კი არ შეწყვეტილა უფასო ჯანდაცვის მომსახურების პროგარმის განხორციელება, რომლითაც ოკუპირებული რეგიონების 1400-მდე მცხოვრებმა ისარგებლა. 

მინისტრი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში ენგურის ხიდზე აღდგენილ მიმოსვლას, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 1000-მდე ადამიანი სარგებლობს.

როგორც „რეზონანსთან“ კონფლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ასეთი გეგმები  ფორმალურ და ზოგად შთაბეჭდილებას ტოვებს. 

„ახალი გეგმა არ წამიკითხავს, მაგრამ  ამ ფორმის გეგმები ზოგადად ფორმალურ და ზედაპირულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეთი სამოქმედო გეგმა 2007 წელსაც მიიღო მაშინდელმა მთავრობამ.  

„რაც შეეხება ხედვებს, ხედვები კარგია, მაგრამ  ვფიქრობ, რომ ცალმხრივი სამოქმედო გეგმა ვერ იმუშავებს კონფლიქტების მოგვარებაში. გეგმა უნდა იყოს ორმხრივი და მხარეებს შორის ვალდებულებები განაწილებული, დროში გაწერა კი ცოტა უცნაურია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე