ქრისტინე კაპანაძე
(03.08.2021)


„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არადამაჯერებლად მიიჩნევს. მან „რეზონანსთან" საუბრისას კვლევის შედეგებში არსებული ის შეუსაბამობებიც დაასახელა, რაც ამაზე მიუთითებს.

ადგილობრივ არჩევნებამდე ორი თვით ადრე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახლანდელზე დიდი რეიტინგი აქვს. გამოკითხულთა 56%-სთვის გიორგი გახარიაა მისაღები, 40%-სთვის კი - ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 26% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას" - 14%, ხოლო გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" - 9%.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ძალიან ხშირად IRI პოლიტიკური ჯგუფების გავლენით მოქმედებს, რაც მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ხდება.

„მე IRI-ისა და NDI-ის კვლევებს ნაკლებად ვენდობი ხოლმე, რადგან ისინი ძალიან ხშირად მოქმედებენ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფების გავლენით და მათი ინტერესების შესაბამისად. ახლა კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ასრულებენ, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ ცხადად ჩანს, რომ ამ კლევებში „ოცნებას" დაწეული აქვს რეიტინგი, აწეული არის „ნაცმოძრაობის" რეიტინგი, ხოლო გახარიასი ასევე დაწეულია.

„ასევე ამავე კვლევების მიხედვით კალაძე პატრიარქთან ერთად არის წარმოდგენილი და დასახელებული მისაღებ ფიგურად. მათთან ერთად გახარიაც.

„მოგეხსენებათ, საქართველოში პარტიების მიმართ დამოკიდებულება ხშირად აგებულია იმ პიროვნებების სიმპათია-ანტიპათიაზე, ვინც ამ პარტიებშია. შესაბამისად, ერთი შეხედვით ამ პარტიებიდან კონკრეტული პიროვნებები საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით არიან შეფასებული, ხოლო ზოგადად პარტიაში ვითარება დაბალი პროცენტული მაჩვენებლით. ამიტომ ვფიქრობ, რომ IRI-ის კვლევა წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელია", - აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, მოცემულ კვლევებში დამაჯერებელია ის კეთილი განწყობები, რომელიც მოქალაქეებს კონკრეტული პოლიტიკური პირების მიმართ აქვთ.

„უფრო მეტად დამაჯერებელი არის სწორედ ის სიმპათიები, რომლებსაც ხალხი გამოთქვამს კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ. ამ შემთხვევაში იგულისხმება კახა კალაძე და გიორგი გახარია", - აცხადებს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე