რეზონანსი
(24.07.2021)


კოვიდ-19-ის ვაქცინის, „ფაიზერის” 500 000 დოზა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შაბათს, 24 ივლისს, 00:40 საათზე ჩამოვიდა. 

“ეს არის ამერიკის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში.

„ფაიზერის” ვაქცინის 500 000 დოზა დაემატება იმ 27 მილიონი დოლარის დახმარებას, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა უწევს საქართველოს პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად“, - ნათქვამია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

გარდა ამისა, საქარველოს გადმოეცემა ვაქცინის შესანახი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი, 26 000 PCR ტესტირების აღჭურვილობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებისთვის, რეაგენტები ვირუსის ახალი შტამების დადგენა-მოკვლევისთვის, ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც 300 პაციენტზე საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს უზრუნველყოფს. სადეზინფექციო სითხეები, ხელთათმანები, ნიღბები, თერმომეტრები და სხვა მარაგები სკოლებისა და ბაღებისთვის. 

„მოხარული ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გარგლებში ქართველ ხალხს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები საჩუქრად გადავცეთ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის გაწეულ ძალისხმევას პანდემიის დაწყების დღიდან უჭერს მხარს. ახლა ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ ის, რასაც შეუძლია დაასრულოს გლობალური კრიზისი – უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

3 ივნისს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ გაუზიარებდა ვაქცინას პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს, იმ ინიციატივის ფარგლებში, რაც გულისხმობს ამერიკის ვაქცინის მარაგებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის 80 მილიონი დოზის საჩუქრად გადაცემას გლობალური პანდემიის დასრულების მხარდასაჭერად. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე