თამთა ჩაჩანიძე
(23.07.2021)


კალაძის შანსებზე რომ ვისაუბროთ, ეს დაკნინება იქნებოდა, შანსი კი არა კალაძის საკითხი ფაქტიურად გადაწყვეტილია და პირველივე ტურში მერი აუცილებლად გახდება - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

იგორ კვესელავა: რაც შეეხება ოპოზიციას, არის კი ეს ძლიერი გუნდი, რომელსაც შეუძლია, რომ პოლიტიკური დინება თავისკენ წაიყვანოს? ასეთი ოპოზიცია დღეს ჩვენ საქართველოში სამწუხაროდ არ გვყავს. ქარავანი მიდის და ოპოზიცია ამ ქარავანს უყურებს, ვერ აჩერებს და ვერ შეაჩერებს, რადგან მას თავისი პროგრამა და კონცეფცია არ გააჩნია, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაჰყვება. ოპოზიცია დაქსაქსულია, იდეოლოგიასაა მოწყვეტილი და მათი გამოსვლები სამწუხაროდ საპარლამენტო შოუს ხასიათს იღებს. გარეთ რუსთაველზე შოუ გასაგებია, მაგრამ ჩვენ ეს უკვე პარლამენტს შიგნით ვნახეთ. მსგავსი რამ სხვა ქვეყნების პარლამენტებშიც ხდება, მაგრამ ის რაც ჩვენთანაა, ეს ყოველგვარ საზღვარს სცდება და მათ თუ ჰგონიათ, რომ ევროპა ან ამერიკა ამის გამო ტაშს დაუკრავს, ძალიან ცდებიან. ეს მიზნის მიღწევის საშუალება არაა.

ახლა ოპოზიცია არ გვყავს და თუ გვყავს ესაა ძალიან სუსტი და იდეის გარეშე, რომელსაც თავისი ეროვნული განვითარების შესახებ კონცეფცია არ აქვს და მოსახლეობას ვერაფერს სთავაზობს. კალაძემ შესთავაზა ის, რაც შესთავაზა, ცუდია თუ კარგი, ეს სულ სხვაა საკითხია. ოპოზიციიდან საზოგადოებას ვინ რა უინდა შესთავაზოს? ამიტომაც ვფიქრობ, რომ ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით თავისი საქმე წაგებული აქვს.

„რ": ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამარჯვების ერთადერთი ფორმულა მათი ერთობაა. არჩევნებამდე თითქმის ორი თვეა დარჩენილი, თქვენი აზრით რამდენად მოახერხებენ კონსოლიდაციას?

ი.კ: ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელიც ახლა პარლამენტში ზის, გაძლიერება და სერთო კანდიდატის წამოყენება არ აწყობს, რადგან იმ წუთშივე არსებულ პარლამენტს დაეთხოვებიან და ბრძოლას დაიწყებენ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასეთ შემთხვევაში მათ აქვთ კი გარანტია, რომ ბარიერს გადალახავენ? რა თქმა უნდა, არა აქვთ. ამიტომაც ისინი ამჯობინებენ, რომ სამი წლის განმავლობაში ამ პარლამენტში იყვნენ, არავითარი გაერთიანება არ მოახდინონ და უფრო მეტად გააჩაღონ პოლიტიკური ყეფა, რომელიც კბენამდე არ მიდის.

ასე, რომ რასაც ისინი ამბობენ, გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რომელიც გადაწყვეტს იმას, რომ კალაძე დამარცხდება, ეს წყლის ნაყვა იქნება და თუ არის, მაშინ ორ თვეზე ცოტა მეტი დარჩა და მაშინ უნდა გვითხრან ეს ფორმულა რა არის, ვისთან უნდა მოხდეს გაერთიანება.

„რ": რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებზე რეგიონებში ბრძოლას?

ი.კ: რა თქმა უნდა ცალკეულ რაიონებში ბრძოლა იქნება, იქნება პოლიტიკური ვაჭრობა, რომ იქ რომელიმე პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ან პარტიამ რამდენიმე ადგილი აიღოს, მაგრამ ეს სურათს ვერ შექმნის. მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე რაიონში ოპოზიცია მმართველი, ან უმრავლესობა გახდეს, თბილისში ვერ გახდება და ვფიქრობ, რომ ვერც ვერცერთ რაიონში ვერ გახდება. ამ ეტაპზე „ქართული ოცნება" ოპოზიციის სისუსტის, არასწორი მოქმედების და შეუთანხმებლობის, ეროვნული შერიგების მიუღწევლობის გამო გაიმარჯვებს და იმის გამოც, რომ ოპოზიციამ ახლა ქართულ ეკლესიას შეუტია. ესაა იშვიათი შემთხვევა და ბოლო ასწლეულის განმავლობაში ასეთი საქართველოში არც ყოფილა, რომ ქართული ეკლესიისთვის და მის მეთაურისთვის შეეტიოთ.

„რ": თქვენი თქმით ახლა ოპოზიცია სუსტია და ამის ხარჯზე „ოცნება" გაიმარჯვებს, ძლიერი ოპოზიცია რომ იყოს, ასეთ შემთხვევაში რა შანსები ექნება დღეს მმართველ პარტიას?

ი.კ: ძლიერი ოპოზიცია რომ იყოს, რომელსაც ქართული საზოგადოება გაჰყვებოდა, მაშინ „ქართული ოცნება" ვერ გაიმარჯვებდა. ჩვენ თუ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ, აუცილებელია, რომ კოალიციური ხელისუფლება იყოს, მაგრამ სადაა ეს კოალიცია? ეჭვი მეპარება, რომ ეს შეიქმნას. ჩვენ პოლიტიკური არჩევანი და დინება არის ცუდსა და უარეს შორის.

„რ": რას იტყვით პარტია „საქართველოსთვის" და გიორგი გახარიაზე?

ი.კ: შთაბეჭდილება მრჩება, რომ გახარია არ იხსნება. როცა ევროპაში და ამერიკაში იყო, მას მაღალი წრეების წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრები, მაგრამ რაშია საქმე და რა მიმართულებით, ეს ჩვენ არ ვიცით. გახარია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება თუ ახლა ამ არჩევნებზე უნდა, რომ რაღაცა თქვას, ჩვენ ჯერჯერობით ამის შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს. შეხვედრებს მართავს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ცალკეულ რაიონებში თუ სოფლებში მხარდაჭერას მიიღებს, ისინი უკვე ამ პროცესში ჩაებნენ, მაგრამ გვიან დაიწყეს, ორი თვე არაა საკმარისი, რომ გამარჯვება მოიპოვო. გახარიას მაღალი პიროვნული რეიტინგი აქვს, მაგრამ საინტერესოა მის პარტიას რა რეიტინგი აქვს, ან ექნება თუ არა, ამაზეა ფიქრი და მუშაობა. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ მთლად „ოცნებაც" და ოპოზიციაც ახლა მაღალრეიტინგული ძალა ვერ არის, ეს გახარიას ხელს აძლევს, რომ ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური ძალა გახდეს, მაგრამ ამისთვის დიდი მუშაობაა საჭირო.

„რ": ბოლო პერიოდში საქართველოში დასავლელი მარალჩინოსნების ვიზიტები აქტიურად ხორციელდება, როგორ ფიქრობთ რა როლი გვაქვს დღეს რეგიონში?

ი.კ.: აშშ-ს აქვს დიდი სურვილი, რომ საქართველო არ დაკარგოს, ანუ ამიერკავკასიაში არ დაკარგოს ის უპირატესობები, რაც ჰქონდა მოპოვებული, ამ სიტუაციაში კი ევროპამაც გამოიღვიძა და არაა გამორიცხული, რომ აქ ევროვაშირის და ამერიკის ინტერესების გადაკვეთა მოხდეს. ამიტომ ვიზიტები გაგრძელდება. მე არ ვემხრობი პოზიციას, როცა მკვეთრ, არადიპლომატიურ გამოსვლებს აქვს ადგილი ამერიკის და თუ ევროპის წარმომადგენლების მიერ, როცა ისინი საქართველოს საშინაო საქმეებში აშკარად ერევიან, ეს იქნება პოლიტიკა თუ სასამართლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე