თეონა ვეშაგური
(23.07.2021)


 

დღეს ოპოზიციის ფლანგზე არ არის პერსონა რომელიც კახა კალაძეს თბილისის მერობის არჩევნებზე მოუგებს - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურ ძალას გამარჯვების მინიმალური შანსი აქვს და მიუხედავად იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, დიდი ალბათობით, კვლავ „ქართულ ოცნებას" ექნება ოქტომბრის არჩევნებში უპირატესობის მოპოვების შანსი.

„ახლა საინტერესოა, კალაძე მოიგებს პირველივე ტურში, თუ საჭირო გახდება მეორე ტური. თორემ თბილისის მოქმედი მერის კვლავ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას კალაძე ნამდვილად დაამარცხებს.

„ოპოზიციისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუ მიაღწევს, რომ მეორე ტური დაიიშნოს, თუმცა, ჩემი აზრით, მეორე ტურის შემთხვევაშიც კალაძე გახდება თბილისის მერი.

„თუ არჩევნებამდე რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მოგების მინიმალური შანსი აქვს," - განაცხადა ძაბირაძემ

მან ასევე არჩევნებზე პანდემიის გავლენაზეც ისაუბრა.

„გასათვალისწინებელია პანდემიის ფაქტორიც. კი, გვარწმუნებენ, რომ არ მოხდება ლოქდაუნის გამოცხადება და არ ჩაიკეტება ქვეყანა, მაგრამ არაფერია გამორიცხული. ამიტომ ვამბობ, თუ დღევანდელი ვითარება ისე გაგრძელდა როგორც არის და რაიმე ექსტრავაგანტული არ მოხდა, ოპოზიციის შანსები არის მიზერული." - განაცხადა პოლიტოლოგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე