თამთა ჩაჩანიძე
(23.07.2021)


საქართველოში ეპიდსიტუაცია რთულ ფაზაში შევიდა, სპეციალისტები უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების მატებას ვარაუდობენ, თუმცა მთავრობა ლოქდაუნს არ აპირებს. ქვეყნის ჩაკეტვას, ან მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას გამორიცხავს ასევე ინფექციონისტების ნაწილიც, რადგან თუ დღეში დაახლოებით 3 000-მდე შემთხვევა იქნება და მეტი არა, მაშინ ამას კლინიკური სექტორი გაუძლებს.

სპეციალისტებიდან ერთ-ერთი ვინც უახლოეს დღეებში ლოქდაუნის და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას გამორიცხავს, თენგიზ ცერცვაძეა.

„ის კოვიდ ავადმყოფები, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ ჯერ არ გამოჯანმრთელებულან - ასეთი დღეს უკვე 20 000-ზე ავიდა. ნოემბერ-დეკემბერში გვყავდა დაახლოებით 30 000. რაც უფრო მეტია აქტიური ავადმყოფების რიცხვი, მით უფრო ძნელია კლინიკური სექტორის მიერ მათი მართვა.

„გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში ლოქდაუნსა და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ და რამდენადაც ვიცი, მთავრობაც მხარს არ უჭერს. გაიხსნა ბიზნესები, ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. თუ ამ მაღალ რიცხვს შევინარჩუნებთ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა ავადმყოფის მოვლას.

„ზრდა მოსალოდნელია, საჭიროა ის ნორმატივები დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს, -პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და თავშეყრის ადგილებში, ასევე, საზღვარზე კონტროლის გამკაცრება. დღეს კრიტიკული არ არის, წარმატებით ვუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცუმულობას გავუძლოთ წარმატებით და კიდევ უფრო ცოტა მეტს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ის, რომ მანამდე არსებულ შეზღუდვებს ეფექტი ჰქონდა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების დაცვა იმის საშუალებას იძლევა, რომ შეზღუდვები აღარ დაწესდეს.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ - „ვირუსი რა, ღამით დადის?" ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე გავრცელებული არ იყო, ხომ? აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა.

„დღეს, პირველ რიგში, ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი დროულად უნდა აიცრას და ის რეგულაციები, რაც დღესაც არის, მაგალითად - დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ბათუმის ბულვარში ადამიანი რომ სეირნობს, სჯობს პირბადის გაკეთება - ვიცი, გამაკრიტიკებენ, იტყვიან, გამყრელიძე წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო - არა, ბატონო!- ამის შესახებ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„სეირნობის დროს, როდესაც ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავ, სასურველია, გეკეთოს პირბადე, რადგან ამაზე კარგი დაცვის საშუალება არ არის. რაც მთავარია, სულ უნდა გავიმეოროთ - არა დიდ ქორწილებს. შემოვისაზღვროთ პატარა, 10-კაციანი აღნიშვნით; არა დიდ ჭირისუფლებს, სანამ მსოფლიოში ასეთი ცეცხლი გიზგიზებს. ხომ ხედავთ, როგორი ბრძოლაა, ვირუსის სულ მუტაციას განიცდის, რომ ადამიანს მოერიოს. ჯერჯერობით ეს ბრძოლა გრძელდება, სანამ მთელი მოსახლეობის 60-70% არ აიცრება",- განაცხადა მან.

მისი თქმით, ამცრელი პუნქტები დიდ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა.

„დღეს პრემიერმა გასცა დავალება ამ საკითხთან მიმართებაში, რომ დიდ მოლებში - „თბილისი მოლი", „ისთ ფოინთი", „ვესთ ფოინთი" და ა.შ. მოეწყოს უახლოეს ხანში ამცრელი. ასეთი უკვე გვაქვს „ჰუალინგის მოლში". მსგავსი ასევე გაკეთდა ლილოს ბაზრობაზე. მსგავსი დიდი სივრცეები დიდ ქალაქებშიც უნდა ჩამოყალიბდეს. კერძო სექტორს ეთხოვა მათი მენეჯმენტი.

„უნდა მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან. აქტიურად განიხილება სოფლის ექიმების მეტად ჩართვა ვაქცინაციის პროცესში. იცით, რომ სოფლის ექიმები გამოცდილი ხალხია. ისინი რუტინულ, ანუ ბავშვების ვაქცინაციაში აქტიურად მონაწილეობენ. სახლში დღესაც დადიან, მობილური ბრიგადები. შშმ პირებთან დღესაც მივიდნენ. ძირითადად, რესპუბლიკურ საავადმყოფოზეა ეს პასუხისმგებლობა. ვინც ვერ მიდის ასაცრელად, ფორმდება დოკუმენტი, ექიმის ფორმა 100-ით და სახლში დღესაც იცრებიან", - განაცხადა გამყრელიძემ.

„რა თქმა უნდა, შეიძლება იქნას განხილული ამა თუ იმ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა არსებობს რეკომენდაცია, ისიც გახლავთ საკმარისი, რათა ვმართოთ ჩვენი ქცევა. თუმცა, თუ დავინახავათ, რომ აუცილებელია სანქციების დაწესება, რათა გავზარდოთ პირბადის ტარება, ამას გავიტანთ საბჭოზე სამსჯელოდ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაშთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, პარასკევის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 38 945 ტესტი ჩატარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.38 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.03 %. რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, ვირუსით გარდაცვლილია 20 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე