თამთა ჩაჩანიძე
(19.04.2021)


ორშაბათის მონაცემებით კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 5.93%-ია, რაც სპეციალისტების აზრით საგანგაშოა - ეპიდვითარება უარესდება, რაც მიანიშნებს, რომ პიკი დაახლოებით თვის ბოლოდან დაიწყება. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 19 აპრილის მონაცემებით, ჯამურად აიცრა მხოლოდ 30 209 ადამიანი, - მის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლისცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება, რაც მიანიშნებს, რომ პიკი დაახლოებით თვის ბოლოდან დაიწყება. თუმცა, დასძენს, რომ თბილი ამინდების პერიოდი იწყება და შესაძლებელია პიკი მეორე ტალღის მსგავსი არ აღმოჩნდეს.

"ეპიდვითარება ქვეყანაში თანდათან უარესდება, რასაც ხაზს ვუსვამთ ხოლმე, დაახლოებით ის პროცესები მიდის, რაც მიდიოდა ოქტომბრის პირველ ნახევარში და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით, თუ არა ეპიდსიტუაცია პირდაპირ გეტყვით, რომ გაუარესდება და ჩვენ სადღაც პიკში შევალთ აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისში.

„ახლა შევდივართ თბილ პერიოდში ამინდების მიხედვით და ამიტომ მგონია, რომ ისეთი არ უნდა იყოს, როგორც მეორე ტალღა იყო," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში „სინოფარმით" ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.

ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მეთოდოლოგიით დამზადებული ვაქცინები არაა ახალი. ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს იგივე მეთოდოლოგიით, ჩინეთში დამზადებულ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. ანუ საქართველოში, მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა უკვე გამოყენებადია და 100%-იანი ეფექტიანობით იცავს ცოფისგან, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის" გადაცემა „იმედის დილაში" განაცხადა.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა თქვა, „სინოფარმი" მსოფლიოს 35 ქვეყანაში გამოიყენება.

„კორონავირუსის ვაქცინაც, რომელიც ჩინეთში დამზადდა, მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და 200 მილიონამდე დოზაა გამოყენებული. 26-27 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება „სინოფარმთან" დაკავშირებით. ეს თარიღი უკვე დათქმულია.

„რადგანაც ჩვენ უკვე გვაქვს ეს ვაქცინა და საწყობში გვიდევს, სიკვდილობისგან თითქმის 100%-ით გვიცავს სიკვდილობისგან და მძიმე დაავადებისგან. გვაქვს 50 ათასი დოზა ვაქცინა და ეს ნიშნავს, რომ ამავე რაოდენობის დაცვა და 500 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. მსოფლიოში არცერთი ვაქცინა არაა 100%-იანი, ყველას აქვს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ჩინური ვაქცინის ასი ათასი დოზა, რომელიც ახლა საქართველოშია დასაწყობებული, ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული, რომელსაც ადამიანის ორგანიზმთან შეგუებადობის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„ამაზე უფრო სწორი ინფორმაციის მოცემა უფრო ვირუსოლოგებს შეუძლიათ, მე ჩემი ცოდნიდან გეტყვით, რომ ეს ძველი მეთოდით დამზადებული ვაქცინაა, რომელიც გულისხმობს ძირითადი აგენტის ან მკვდარი ფორმის ენერგიის გამოყენებას, ანდა ვირულენტობის, ანუ მისი სიძლიერის შემცირებულ კომპონენტს, განსხავებით „ასტრასა" და სხვა სინთეტიურისაგან რომელიც „რნმ"-ზეა აწყობილი.

„ეს ძველი და აპრობირებული მეთოდია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმთან შეგუებადობის მაღალი ხარისხი აქვს, ანუ ნაკლებ გართულებას იძლევა, ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს და მისი ორგანიზმში შეყვანა ნაკლებ საშიშროებას ქმნის, ეს იმ ტიპის აპრობირებული ვაქცინებია, რომლებიც დედამიწაზე ასწლეულობის განმავლობაში აქამდე ოპერირებდნენ.

„ჩვენც რასაკვირველია ეს ვაქცინა გვაქვს, თუ არ ვცდები ასი ათასი დოზაა 50 ათას პაციენტზე ორჯერადი გამოყენებისათვის გვაქვს დასაწყობებული. მისი ოპერირება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ნებადართული, მათ შორის ევროკავშირის ქვეყანაში, ეს კი უნგრეთი გახლავთ. ასევე, რამდენადაც ვიცი, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, რომელიც საკმაოდ მომთხოვნი ქვეყანაა და მოქმედი მედიკამენტისა თუ სხვა სამკურნალო საშუალების ოპერირებას საკმაოდ სერიოზულად სწავლობენ.

„დაახლოებით 30 თუ 40 ქვეყანაში უკვე აპრობირებულია, მე რა ინფორმაციაც მაქვს თავის ქვეყანაში ამ ვაქცინაით 180 მილიონამდე ადამიანია აცრილი, ამიტომ მისი კეთილი გავლენა ამ შემთხვევაში როგორც ვაქცინისა, რომლის ოპერირება დაშვებულია ისეთ მდგომარეობაში, როგორიც პანდემიაა, ბევრი ქვეყნისთვის სავსებით მისაღებია.

"რასაკვირველია ყველგან ყველა პარამეტრით ნებადართული რომ იყოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციით, „ეფდიაით", ქვეყნების შიდა წამლების სააგენტოებით, ყველასი ერთბაშად რომ ჰქონდეს გავლილი, ასეთი ვაცქინა არაა, მაგრამ ბევრი მახასიათებლით ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ევროკავშირის ქვეყანაში აღიარება, უკვე მწვანე შუქის ანთებაა" - აცხადებს უმრავლესობის წევრი.

კახაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით „სინოფარმი" თვის ბოლოსთის ჯანმოს აღიარებას ელოდება, ხოლო საქართველოში მისი გამოყენება მაისის პირველი ნახევრიდან იგეგმება.

„რამდენადაც ვიცი, ის დღე-დღეზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღიარებას ელოდება, იმიტომ რომ სხვა ვაქცინებს შორის ყველაზე დაწინაურებულია და რამდენადაც ვიცი წინსწრებით ჩვენთან დასაწყობებაც ამაზე იყო გათვლილი. ეს ვაქცინა ჯანმოსგან ნების დართვას აპირილის ბოლოსთვის ელოდება, ჩვენ კი (რა ინფორმაციაც ვიცი) სადღაც მაისის პირველი ნახევრისთის ამ ვაქცინის გამოყენება უნდა დავიწყოთ.

„მე კი ერთი რამე ვიცი, რომ ამ ვაქცინის შემოსვლას ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა და ამით აცრის თაობაზე მზაობას გამოხატავდა."- განაცხადა მან.

კახაძემ არსებულ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ როცა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს გადასცდება, ვითარება საგანგაშოა და სანამ მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწიოს, მანამდე ვირუსს ისევ იმ მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ, რითაც აქამდე ვებრძოდით.

„ტენდენციის მახასიათებელი დადობითობის მაჩვენებელს უნდა მივაბათ, ვიცით რომ საგანგაშო ციფრი 4%-ია და ზემოთ, მახსოვს, რომ ჩვენ გამოვლენის 1%-ზეც ჩამოვედით და ძალიან დიდი მიღწევა იყო, ყველა ერთად თამაშრომლობდა, როგორც პროფესიონალები, ისე ხელისუფალი და ადამიანები, ყველა ერთმანეთის გვერდზე ძალიან შემართებულად იდგა.

„მიუხედავად ვაქცინაციისა, ჯერ არაა პოპულაციის ის რაოდენობა აცრილი, რაც საბოლოო მიზანია, ეს დედამიწის 70-80%-ია რომ ვირუსის გავრცელების ბლოკირება მოვახდიონოთ და სანამ ეს პროცესი მიდის, აუცილებელი პირობები უნდა დავიცვათ - ესაა ნიღაბი, ხელის დამუშავება,. სოციალური დისტანცირება.

„რაც მთავარია, თავშეყრისგან თავის არიდება, თუმცა, ეს ისეთი თემაა, რომელსაც საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენს ინტერესებში ერთადერთი რამ შედის, რომ პოსტკოვიდური პერიოდი მოვიახლოოთ.

"უნდა გავიჭირვოთ, მესმის ძალიან ძნელია ყოველდღე ამისი მოსმენა, განსაკუთრებით ახალგაზდებისთვის, მაგრამ თხოვნით მივმართავთ ადამიანებს, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ, სხვა შემთხვევაში ვირუსი გვაჯობებს," - განაცხადა კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე