რეზონანსი
(24.11.2024)

ნოემბერი ფოთოლცვენისა და რევოლუციების თვეა. ამჯერადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციაც სწორედ ხმის მიცემის უსამართლო პროცედურის გამო დაიწყო, თუმცა, ისიც რეალობაა, რომ რესპუბლიკის გამოცხადებას, ფაქტობრივად, მონარქიის აღდგენა მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც კოტე ჩოლოყაშვილის („ნაციონალური" საკრებულოს უხუცესი წევრი იყო) ერთ–ერთ ინტერვიუ გამახსენდა, რომელშიც განაცხადა; „მონარქიიის აღდგენის მომხრე ვარ და მეფე მიშა სააკაშვილი უნდა იყოსო...“, გადავწყიტე, დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს ვითარების „მშვიდობიანი დარეგულირების“ ორიგინალური გზა შევთავაზო. მით უმეტეს, რომ ევროსტანდარტები შესაბამისი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, როგორც ჩანს, არ გვეხერხება, ხოლო აქციებზე დროშაც ორი ჩანს... 

ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს, სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლიანი არჩევნების გზით დამკვიდრებაზე შევთანხმდით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ხელისუფლება აჯანყება–რევოლუციების გზით ორჯერ უკვე შევცვალეთ და, როგორც ჩანს, მესამე ცდისთვისაც ვემზადებით, ვინაიდან სამართლებრივი კულტურის მხრივ ჩამორჩენილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ორი საუკუნის ყოფნის გამო, პლუტოკრატიულ მმართველობას შეგუებულები აღმოვჩნდით... 

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის ვიზრუნოთ, ფაქტობრივად, ისევ შუაზე ვართ გახლეჩილი და პარტიიდან პარტიაში „პორტირებული“ გაპოლიტიკოსებული თანამედროვე „ყვარყვარეების“ (ოსტაპ ბენდერების თუ სქვილერების) ინტერესებში, ამჯერად უკვე ევროინტეგრაციასა და კოალიციურ მთავრობაში ვხედავთ პრობლემების მოგვარების („ქვეყნის გადარჩენის“) გზას. 

არადა, „პოლარიზაციის“ დასასრულებლად საკმარისი იყო ცესკოს წევრთა უმრავლესობის შერჩევა 1990 წელს არჩეული დეპუტატებისთვის მიგვენდო, საარჩევნო კოდექსში „გაპარული ხარვეზები“ აღმოგვეფხვრა, ამომრჩეველთა სიები დაგვეზუსტებინა, მოქალაქებისთვის პარლამენტის დანიშნულება აგვეხსნა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები თანაბარ პირობებში ჩაგვეყენებინა (მაგ., „ქართველთა ერთობა“ ორი კვირაა პარლამენტის წინ დღე-ღამის განმავლობაში ატარებს აქციას, რომელიც არცერთ ტელევიზიას არ გაუშუქებია...) 

ამდენად, თუ ევოლუციურ განვითარებას (კანონის უზენაესობის დაცვას და ყველასთვის სანდო არჩევნების ჩატარებას) დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც ვერ ვახერხებთ და ისევ „რევოლუციებს“ (ლენინის სიტყვებით: „კანონით შეუზღუდავ ძალაუფლებას“) ვამჯობინებთ, იქნებ უარი ვთქვათ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაზე (ანუ, რესპუბლიკაზე, კონსტიტუციასა და არჩევნებზე) და აღმაშენებლის დროინდელის მსგავსი აბსოლუტური მონარქია აღვადგინოთ. მით უმეტეს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სიმბოლოები უკვე გვაქვს („ნაციონალური“ დროშისა და გერბის მიხედვით, ნადვილად ვერავინ იფიქრებს, რომ რესპუბლიკა ვართ...), ხოლო ავლაბრის რეზიდენციას რომის იმპერატორებიც კი არ დაიწუნებდნენ... ამასთან, ვინაიდან, ხელისუფლებისა და გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეთა რიცხვი ამჯერადაც ფაქტობრივად თანაბარია, იქნებ მათი რჩეულები (ივანიშვილი, ზურაბიშვილი ან თუნდაც სააკაშვილი) მორიგეობით ვამეფოთ (მაგ., ხუთ–ხუთი წელი)... 

ამ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახელისუფლებო ორგანოების შენახვაზე ხაზინიდან ფული აღარ დაიხარჯებოდა, ხოლო ქვეყნის მმართველები საკუთარ გარემოცვას თავად (ყოველგვარი ფორმალური კონკურსების გარეშე) შეარჩევდნენ. შესაბამისად, მეფის მრჩევლები (დეკრეტების შემდგენლები) და გუბერნატორ–მოსამართლეები ხან იმერეთიდან გვეყოლებოდა (მაგ., კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე, კალაძე, ჩინჩალაზე, მურუსიძე...) ხან სამეგრელოდან (მაგ., მელია, ბოკერია, უგულავა, ალასანია, ახალაია, ტურავა, ხუბუა...). 

რაც შეეხება ჩვენი „დემოკრატიული რესპუბლიკის“ ბრუნეის, ომანის ან საუდის არაბეთის მსგავს მონარქიად რეფორმირების სამართლებრივ მექანიზმს, 1992 წელს აპრობირებული „ნოვაცია“ გამოგვადგებოდა, როდესაც სპორტის სასახლეში შეკრებილმა „აჯანყებულებმა“ 1921 წლის კონსტიტუცია „ერთხმად“ აამოქმედეს... დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო „გამარჯვებული ხალხი“ ამჯერად დედაქალაქის მთავარ სტადიონსაც შეავსებს და მისთვის სასურველი მეფობის კანდიდატის სახელის სკანდირების ფონზე მონარქიის აღდგენას დაუჭერს მხარს.... ამასთან, არც ქვეყნის გარედან დაფინანსებული „არასამთავრობო ორგანიზაციებისა“ და „რეიტინგული“ ტელევიზიების მხრიდან ველოდები პროტესტს (მით უმეტეს, თუ სააკაშვილიც გამეფდება, რომელიც ადრე „წლის ადამიანადაც“ კი ჰყავდათ აღიარებული...), ვინაიდან უპრობლემოდ გადაერთვებიან მონარქიული რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა ხელყოფის ცალკეული ფაქტების მხილებაზე… 

ამასთან, ვინაიდან „ვარდების რევოლუციის“ მოედანს „რესპუბლიკის“ სახელი დავუბრუნეთ, თუმცა სააკაშვილთან ასოცირებული ორსაჭიანი ველოსიპედის „მონუმენტი“ (რომელიც რუსეთის იმპერიულ გერბზე გამოსახული ორთავიანი არწივივით დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ ერთდროულად არის მიმართული) ადგილზე დავტოვეთ, ლოგიკური იქნებოდა, მოედანი ამჯერად უკვე „მონარქიის“ გამხდარიყო. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, თუ ვის მოუწევდა ავლაბრის სასახლეში მეფის ტახტზე ჯდომა, ქვეშევრდომებსაც გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა ხან ევროკავშირის მიმართულებით იმოძრავებდა და ინგლისური ენა იქნებოდა პოპულარული, ხან რუსეთის...

„ელექტორატი“ კი, ამჯერად, უკვე იმისთვის რომ არ დაუპირისპირდეს ერთმანეთს, თუ ვინ გამეფდება პირველი, „ქართული ოცნებისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ შერჩეულ კანდიდატები ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილ ღია აუქციონში მიიღებდნენ მონაწილეობას. შესაბამისად, ამ გზით, ხაზინაც საკმაო თანხით შეივსებოდა, არც წინასაარჩევნო „ბუკლეტ-ბილბორდ-ბანერების” დასამზადებლად გავწევდით უაზრო ხარჯებს და რევოლუციებსაც ავიცილებდით თავიდან... ამასთან, ყველა დაინახავდა: ივანიშვილის მიერ რუსეთში დაგროვებული კაპიტალი გადაწონიდა თუ სააკაშვილის გარემოცვის მიერ საქართველოშივე ნაშოვნი, ხოლო, ვინაიდან „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გამეფებულები სამების ტაძარში, სავარაუდოდ, ფეხით ივლიდნენ და გზაში ქვეშევრდომებს ხელზე მთხვევის უფლებას მაინც მისცემდნენ, სამეფო ტახტს კი მათი შვილებიც მორიგეობით გადაიბარებდნენ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ბოლოსდაბოლოს ნამდვილი მშვიდობა დაისადგურებდა... ყველა შემთხვევაში, თუ ტერიტორიულ მთლიანობა ვერ აღდგებოდა, ზოგიერთ „კაპიტალისტურ ხუთწლედში“ „მცოცავი ოკუპაცია“ მაინც შეჩერდებოდა...

იმ შემთხვევაში, თუ ქვეშევრდომები მეფის „თანამდებობაზე“ საკუთარი რჩეულის დროებით გამწესებას მიუღებლად მიიჩნევენ, შეიძლებოდა, ივანიშვილისთვის აღმოსავლეთ საქართველო ჩაგვებარებინა სამართავად, ხოლო სააკაშვილი დასავლეთ საქართველოში გამეფდებოდა უვადოდ (სადაც აშკარად მეტი მხარგამჭერი ჰყავს), ხოლო რეზიდენცია ქუთაისში, მის მიერ აგებულ პარლამენტის შენობაში ექნებოდა.

სერიოზულად კი, თუ ევროსტანდარტების შესაბამისი სამართლიანი კონკურსების და არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს და ნამდვილად აღარაფერი გვეშველება... მიმდინარე „რევოლუციურ“ პროცესებს კი, სულმნათი მორის ფოცხიშვილის სიტყვებით შევაფასებდი: „ძმებს ღალატობენ ძმები, ვიღაც მესამის ნებით. შრება სიცოცხლის წყარო, ვიღაც მესამე ხარობს. ავად ხითხითებს მტერი, ცუდ ხასიათზე ვდგები...“ 

ავთანდილ კახნიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე