ძალიან მინდა, საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფო გახდეს, მაგრამ თუ მესამედი საუკუნის განმავლობაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ტერიტორიის მორიგი ნაწილის დაკარგვას და ევროკავშირის წევრობას ვინ ჩივის, მეშინია, სახელმწიფო არ ჩამოგვეშალოს...
სანამ ოპოზიციის ლიდერების მიერ დაგეგმილი აქციის განვითარების პროგნოზირებას შევეცდები, აჯანყება-რევოლუციებში არაერთგზის „გამარჯვებულ ხალხს" ადრე ჩატარებული არჩევნები მინდა გავახსენო.
2000 წელს ევროპის საბჭომ დამოუკიდებელ ექსპერტად მიმიჩნია და ევროკონვენციის რამდენიმე მუხლთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის შესწავლა დამიკვეთა. ანგარიშის სრული ტექსტი წიგნად გამოვეცი, რომელშიც ერთი თავი „თავისუფალი არჩევნების უფლებას" დაეთმო, ხოლო 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამოვლენილი „დარღვევები და თაღლითობის 30 ტიპური სახე" ცალკე პარაგრაფში განვიხილე. ამასთან, დასკვნაში აღვნიშნე, რომ ჩვენი საარჩევნო პროცედურა, თანდათანობით აზერბაიჯანულ მოდელს ემსგავსება... არადა, „მოქალაქეთა კავშირის" მიერ ჩატარებული არჩევნების მიმართ „სტრატეგიულ პარტნიორებს" პრეტენზია არ გამოუთქვამთ და ევროინტეგრაციის პარსპექტივითაც წაგვახალისეს...
მხოლოდ, 2003 წლის ბოლოს „აღმოვაჩინეთ", რომ შევარდნაძის საარჩევნო ადმინისტრაციაში გამყალბებლები ისხდნენ... თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობიდან ოპოზიციონერად გარდაქმნილი სააკაშვილი „გამარჯვებულმა ხალხმა" იმავე გაყალბებული სიებით აირჩია პრეზიდენტად, რომელიც აშშ-ის მიერ გაკრიტიკებულმა ჩვენმა შსს-მ მოამზადა...
2008 წლისთვის კი, ამომრჩეველთა რიცხვი კიდევ რამოდენიმე ასეული ათასით, 3,5 მილიონამდე გაიზარდა... ანუ, ცესკოს აზრით, ფაქტობრივად, იმდენივე ვიყავით, რაც 1990 წელს, სანამ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ გადაიხვეწებოდა, ხოლო არჩევნებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობაც იღებდა მონაწილეობას...
მიუხედავად ამისა, „მეგობარი ქვეყნების" წარმომადგენელები არც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისას „აღშოთებულან", როდესაც 80-მდე კაცი იყო სასიკვდილოდ ნაცემი და არც 21 მაისის გამართული სპარლამენტო არჩევნებისას, როდესაც მართლაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ვინაიდან ყველა დონის საარჩევნო კომისიები „ნაციონალური" კადრებით იყო დაკომპექტებული, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილებთან ერთად, საზღვარგარეთ გასული მილიონამდე მოქალაქე იყო შეყვანილი (მათ ნაცვლად გაყალბებული პირადობის მოწმობებით სხვა პირები აძლევდნენ ხმას), ე.წ. ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობაც სრულად იყო მობილიზებული, ხოლო საარჩევნო უბნები სოდ-ის, კუდ-ისა და კრიმინალური სამყაროს „ავტორიტეტების" გარდა, „მაყურებელ-კოორდინატორების" მიერაც იყო გაკონტროლებული. მაშინ ამომრჩეველთა დაშინებაც და მოსყიდვაც ღიად ხდებოდა და, მატერიალური სიკეთეების დაპირების გარდა, მოსახლეობას დენისა და გაზის დავალიანებას უფარავდნენ, ხოლო ნარკოტიკების მომხმარებლებს ერთი კვირის სამყოფი „წამლით" ამარაგებდნენ, რაც გამორიცხავდა ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოხატვას.
ძნელი დასაჯერებელია, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ჩიტაძის ქუჩაზე, ორი სპეციალური უბანი იქნა გახსნილი, რომელშიც სახელმწიფო დაცვის და უშიშროების სამსახურის წარმომადეგნელებმა ხელისუფლების სასარგებლოდ მისცეს ხმები, ხოლო როდესაც საარჩევნოს სუბიექტებმა უცხოელ დამკვირვებლებს სკოლებში განთავსებულ იმ უბნებზე სთხოვეს მისვლა, სადაც გაყალბებული ბიულეტენების შეტანის გამო დილამდე ვერ დააბალანსეს ოქმი, მათ უარი განუცხადეს გაყოლაზე. 2008 წელს ცესკოს შემაჯამებელი ოქმიც არ დაბალანსდა, რაზეც რეაგირება არც საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა და არც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ.
როგორც ჩანს, უცხოელმა მეგობრებმა ამჯერად გამადიდებელი ლუპები მოიმარჯვეს, საარჩევნო ბიულეტენის მეორე გვერდზე გადასული მარკერის კვალიც შენიშნეს და, ფაქტობრივად, უკვე მრავალპარტიული პარლამენტის შექმნა აქვთ განზრახული, თუმცა მხოლოდ მათივე მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოყვანილი პოლიტიკური ძალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული...
არადა ფაქტია, მ. წლის 26 ოქტომბერს დედაქალაქში არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა და საარჩევნო უბნების წინ მხოლოდ საპატრულო პოლიციის თითო მანქანა იდგა, რაც შედეგზეც აისახა. ის ფაქტი, რომ ვაკელებისა და საბურთალოელების უმრავლესობამაც კი მმართველი პარტიის წინააღმდეგ მისცა ხმა, მერიის ტრანსპორტისა და ურბანული (ფაქტობრივად, „რეგვენული"... ) დაგეგმარების სამსახურის „დამსახურება" მგონია, ვინაიდან გაუმართავი „პარკირება", „ბასლაინები" და „ველობილიკები" კალაძის მიერ საკუთარ (ამჯერად პარტიული გუნდის...) კარში გატანილ მორიგ გოლად იქცა...
როდესაც „რეიტინგული" ოპოზიციის მესვეურებმა იციან, რომ შედეგს, ძირითადად წინასაარჩევნო მანიპულაციები განაპირობებს (საარჩევნო კოდექსში ჩადებული მექანიზმები, ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი, ამომრჩევლის „ზომბირება" ტელევიზიების გამოყენებით, „ნათელი მომავლის" ან კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში დახმარების დაპირება, მოსყიდვა, დაშინება), ხოლო საარჩევნო დავების ბედი ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოში გადაწყდება, ამასთან, არც ამომრჩეველთა სიები აქვთ გადამოწმებული და, ფაქტობრივად, მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღეს კონტროლით და „თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად ბრძოლით" აპირებენ არჩევნებში 60%-იან გამარჯვებას, მაფიქრებინებს, რომ ქვეყნის გარედან ამჯერად უკვე „ოლიგარქიული რეჟიმის" დასამხობად იგეგმება, უკეთეს შემთხვევაში, მორიგი ფერადი რევოლუციის, ხოლო უარესში, მაიდნის მოწყობა....
მით უმეტეს, რომ 5 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები ტარდება, ხოლო სტრატეგიულ პარტნიორს 2014 წლის შემდეგ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართებით აღარსად მიუღწევია წარმატებისთვის. არადა, „ვარდების რევოლუცია" ჯორ ბუშს აშკარად დაეხმარა გაპრეზიდენტებაში.
შესაბამისად, მართალია, ორშაბათს პარლამენტის წინ ნაკლები ხალხი შეიკრიბება, ვიდრე ოპოზიციისა და არასამთავრობოების შემაჯამებელ აქციაზე თავისუფლების მოედანზე, მაგრამ აუცილებლად იქნებიან, ის „თავისუფალი ქართველები", რომლებიც „ღირსეულად და ქართულად" ისე „დაბრუნდებიან ევროპაში", რომ „ევროპელებს არც კი დაესიზმრებათ"... მით უმეტეს, რომ რევოლუციის სამშობლოდან და „მიშა მაგარიასავით" ხელისუფლებიდან პორტირებული მეხუთე პრეზიდენტი გაუძღვებათ.....
მგონია, რომ „გაბრაზებული ხალხი" პარლამენტის შენობას ღამით დაიკავებს (ცხადია, ძირითადად ახალგაზრდები იქნებიან. „ვარდების რევოლუციისას" სოლოლაკელი ბავშვებიც უპრობლემოდ შევიდნენ შენობაში და კაბინეტებიდან გამოტანილი „ნადავლით" ტრაბახობდნენ...), მაგრამ, 2003 წლის სცენარი აღარ განმეორდება და ყველას, ვინც შენობაში ძალის გამოყენებით შევა, კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს (ტრამპის მხარდამჭერებივით გაასამართლებენ კონგრესში შეჭრისთვის). პარლამენტის შტურმი „წარმატებით" დასრულდება, ვინაიდან „ქართული ოცნების" მესვეურები, ოფიციალური ვერსიით, სისხლისღვრას მოერიდებიან (გონირულადაც მოიქცევიან), ხოლო აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე, კანონითვე დადგენილი წესით „აღადგენენ სამართლიანობას"...
როგორც ყოველთვის ხდება, რამდენიმე „პროევროპელი" ახალგაზრდა ციხეში აღმოჩნდება, ხოლო მათი წამქეზებელი პოლიტიკოსები პასუსხისმგებლობას აირიდებენ და პარლამენტში „კოჰაბიტაციის რეჟიმში" გააგრძელებენ მოღვაწეობას...
ამდენად, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც „ღირსეულები, თავისუფლები და ლაღები არიან!" და „ერთად დგომით დაამარცხებენ ბოროტ ძალას!" შევახსენებ, რომ შევარდნაძის გარდა, სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (ივანოვი) დაეხმარა სააკაშვილს გაპრეზიდენტებაში (მერე აბაშიძე „განარიდა" აჭარას...), რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიები, ფაქტობრივად, მეზობელმა სახელმწიფოებმა გადაინაწილეს. ანუ, „ნაცმოძრაობისთვის" ხელისუფლების გადაბარებით მოქკავშირმა თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა რუსეთისთვის სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობის დათმობისთვის, ხოლო ამერიკელებმა, რომლებსაც ოკუპაციის დღეებშიც კი არავინ გაუყვანიათ საელჩოდან (როგორც ჩანს, იცოდნენ რუსების ჯარი სად გაჩერდებოდა...), ტრადიციულად, მხოლოდ დაგმეს აგრესორის მოქმედება...
მგონია, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობისთვის (მათ შორის, უცხოელები „მეგობრებისთვის") ვინც ხშირად ახსენებს „ქართველის ხალხის ნებას", „არჩევანს" ან „საუკეთესო ინტერესებს", საქართველოს ტერიტორია ქართველების გარეშე უფრო კომფორტულია და რუსეთის წინააღმდეგ მორიგ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ჩაბმა სასურველადაც კი მიმაჩნია...
და ბოლოს, აქციის მონაწილეებს მინდა ვთხოვო, რომ პროტესტის გამოხატვისას კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს არ გასცდნენ, ვინაიდან მორიგმა „აჯანყება-რევოლუციამ", შეიძლება, არა მარტო ტერიტორიები, არამედ სახელმწიფოებრიობა დავგვაკარგვინოს... რა, თუ დღევანდელი ხელისუფლება მართლაც „პრორუსულია", ოკუპანტებს მის დასახმარებლად რესურსი არ ეყოფათ?!
ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლის დოქტორი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე