„საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს; საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას; საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს; საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს, იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე - საქართველო ირჩევს ევროკავშირს!“ - აცხადებენ მარშის მატყუარა ორგანიზატორები, სწორედ ისინი, რომლებმაც უღალატეს ერს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს განუსაზღვრელი დროით დაეკარგა ევროინტეგრაციის პერსპექტივა.
ამ პათეტიკური შესავლის შემდეგ ისინი ასახელებენ ოთხ ადგილს თბილისში, სადაც 20 ოქტომბერს უნდა შეიკრიბონ მათ მიერ მოტყუებული ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები და ასრულებენ მარშის ანონსს საზეიმო მოწოდებით: „და როგორც ადრე - შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი“ (ეს ბოლო ფრაზა ინგლისურიდან უხარისხო თარგმანს წააგავს).
ანონსში გამოცხადებული ტყუილი მარტივი და უხეშია, მაგრამ აშკარაა, რომ დეზინფორმაციის შეუჩერებელმა მდინარეებმა საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა დააშორა რეალობას. მათ დაიჯერეს, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მიღებით და ლგბტ ცხოვრების წესის აკრძალვით „ოცნება“ დაუპირისპირდა დასავლეთს და უკარგავს მათ ევროპაში შესვლის ისტორიულ შანსს.
რეალობა კი მდგომარეობს იმაში, რომ არავითარი „ისტორიული შანსი“ არ გაჩენილა; რომ მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, თანაც რუსული ტანკები და არტილერია თბილისიდან სულ 30-იოდე კილომეტრში დგას, საქართველოს არ მიიღებენ არც ნატოში და არც ევროკავშირში, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ.
დასავლეთში კარგად ესმით, რომ რუსულ არმიას ერთ საათზე ნაკლები დრო სჭირდება ამ ტანკების რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე დასაყენებლად; რომ ჩრდილო კავკასიის სამხედრო აეროპორტებიდან აფრენილი „სუ“-ები და „მიგ“-ები სულ ოთხიოდე წუთში აღმოჩნდებიან თბილისის ცაში და რომ არც საქართველოში და არც მთელ მსოფლიოში არ არსებობს ამის შემაკავებელი ძალა.
ისიც კარგად იციან, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ მომენტში დააკმაყოფილოს ცხინვალისა და აფხაზეთის „პარლამენტებისა“ და „მთავრობების“ თხოვნა და ხელი მოაწეროს ცხინვალის რეგიონის შეერთებას ჩრდილო ოსეთთან და აფხაზეთის შესვლას ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში. სწორედ ამ ცოდნამ განაპირობა ის, რომ კარგა ხანია, რაც ნატოს სამიტებზე საერთოდ არ განიხილება საქართველოსათვის ე.წ. მაპის (ანუ ნატოში გაწევრიანების გეგმის) მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთელი ექსპერტების აზრით საქართველო არა თუ მაპ-ს, არამედ ნატოში გაწევრიანებასაც უფრო იმსახურებდა და იმსახურებს, ვიდრე ალბანეთი და მონტენეგრო.
„ჩვენ გვახსოვს რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და ვუფრთხილდებით საქართველოს“, - თქვა წლების წინათ აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა იან კელიმ.
ეს ყველაფერი დღესაც კარგად ახსოვთ და ესმით დასავლეთის პოლიტიკოსებს, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მათი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და ახლა ისინი სხვანაირად ლაპარაკობენ და მოქმედებენ, არ ერიდებიან ყბადაღებული ტყუილის თქმასაც: საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰერჩინსკი და სხვა დიპლომატებიც აცხადებენ, რომ ევროკავშირი გაფართოებას აპირებს და მხოლოდ გამჭვირვალეობის „რუსული“ კანონი უშლის საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი; სააკაშვილის სადისტური სისტემის ხერხემლის ვანო მერაბიშვილის ერთგული ხელქვეითი - პოლიციის კაპიტანი ეკა გიგაური კი ცოტა ხნის წინათ აშშ-ს სენატში იყო მიწვეული საქართველოზე სალაპარაკოდ. დღეს ეს ქალბატონი მოტყუებულთა მარშის ერთერთი (თუ არა მთავარი) მატყუარა-ორგანიზატორია.
მწარე რეალობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ რეფორმებს ამოფარებული „პროდასავლური ახალგაზრდა რეფორმატორების“ ჯგუფი, სააკაშვილის მეთაურობით, გამალებით შეუდგა ავტორიტარული კლეპტოკრატიის, ანუ ხაზინის ქურდების რეჟიმის შექმნას. ამერიკელმა და ევროპელმა პოლიტოლოგებმა, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა ეს ტენდენციები მალევე შეამჩნიეს და განგაში ატეხეს: წლების განმავლობაში ფაქტებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა მოსპო სასამართლო სისტემა და აქცია ის პროკურატურის მორჩილ ფილიალად; რომ საქართველოს პარლამენტი რეზინის შტამპად იქცა, რომლითაც სააკაშვილი შტამპავდა მისთვის სასურველ კანონებს და თავისი ახირებების დასაკმაყოფილებლად ცვლიდა კონსტიტუციას; რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების უმძიმეს და მასობრივ დარღვევებს; რომ ფეხქვეშ გაითელა საკუთრების უფლებები და ბიზნესმენები თმობდნენ თავის ბიზნესს და კაპიტალს და „აღიარებდნენ“ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენას, რათა თავიდან აეცილებინათ სასტიკი მოპყრობა რეჟიმის ციხეებში.
წერდნენ სრულ სიმართლეს სააკაშვილის უდიდეს დანაშაულზე - 2008 წლის აგვისტოს სისხლიან სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურაზე, რომელმაც ჩაუხერგა საქართველოს ევროპისაკენ მიმავალი გზა:
„სააკაშვილმა გააკეთა ის, რასაც პუტინის პირადი აგენტიც ვერ შეძლებდა“. (ლ.მიტჩელი);
„საქართველოს ყველაზე საშინელი მტერი ვერ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა სააკაშვილმა“. (უოლტერ რასელ მიდი);
აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიგებდა სიმართლეს ამ დანაშაულზე და ღალატზე, ვინაიდან რეჟიმი აკონტროლებდა ყველა მსხვილ ტელეკომპანიას; რომ საქართველოში მოისპო სამოქალაქო საზოგადოება და მის ნაცვლად დამკვიდრდა „ენჯიოკრატია“, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ქსელი, რომელიც რეჟიმის ინსტრუმენტს წარმოადგენდა და უსიტყვოდ ასრულებდა რეჟიმის დავალებებს.
ეს ყველაფერი იბეჭდებოდა დასავლეთის ყველაზე პრესტიჟულ გამოცემებში, ამაზე წერდა ევროპის საბჭოს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის დარგში თომას ჰამერბერგი. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების სამივე შტო - სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი, არათუ არ იყო დამოუკიდებელი, არამედ ერთ მუშტად შეკრულ სტრუქტურას წარმოადგენდა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები დაფარა.
მაგრამ დასავლეთის პოლიტოლოგები იმასაც წერდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისათვის სააკაშვილი რჩებოდა მისი დოქტრინის ბოლო და ერთადერთ „სარეკლამო ბიჭუნად“. ფაქტია, რომ მაშინ აშშ-მ არ დაუწესა სანქციები აშკარად დამნაშავე მოსამართლეებს, რეზინის შტამპად ქცეულ დეპუტატებს და სასტიკი დარბევების მომწყობ პოლიციელებს, ევროპელი პოლიტიკოსები კი დუმილს ამჯობინებდნენ.
ამჟამად ვითარება არის კომიკურად საპირისპირო. ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ა.შ. დონეს. ბევრი პარამეტრის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. ცოტა ხნის წინათ საქართველოს მიენიჭა მე-15 ადგილი მსოფლიოში პოლიტიკური ჯგუფების თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის ხარისხით (სააკაშვილის დროს 84-ე ადგილზე ვიყავით). აღმოჩნდა, რომ საქართველო უსწრებს ამ მხრივ აშშ-ს, კანადას, საფრანგეთს, იაპონიას და სხვებს.
„ეტყობა შურით გასკდნენ ამერიკელები და ამიტომ უწესებენ სანქციებს საქართველოს ხელისუფლებას“, - პირად საუბრებში ხუმრობენ ჩემი ევროპელი კოლეგები.
საგულისხმოა, რომ 2008 წლის იანვარში სააკაშვილის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა დიტერ ბოდენმა განაცხადა, რომ „ხმების დათვლისას ადგილი ჰქონდა უხეშ, აშკარა და მიზანდასახულ გაყალბებას“. მაგრამ ბუშმა მაშინათვე მიულოცა სააკაშვილს გამარჯვება და დამკვირვებლებმაც განაცხადეს, რომ დარღვევები შედეგს არ ცვლიდა.
ახლა სულ სხვა ვითარებაა - ანტიეროვნული ოპოზიციის დასავლეთელი პარტნიორების მრავალი განცხადება (იგივე ჰერჩინსკი და სხვ.) ცხადყოფს, რომ ისინი ფაქტობრივად ულტიმატუმს უყენებენ „ოცნებას“: „თუ გაბედავთ და გაიმარჯვებთ არჩევნებზე, გამოგაცხადებთ გამყალბებლებად და არალეგიტიმურ ხელისუფლებად“.
ამ სცენარით არჩევნების შემდეგ ლეგიტიმური რჩება მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სწორედ მას ეკისრება აუწყოს მთელ მსოფლიოს, რომ „ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები. ულტიმატუმი და შემდგომი მოქმედების გეგმა ეფუძნება მარტივ და სრულიად მცდარ „ლოგიკას“: მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-მდე მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ხალხმა დაინახა, რომ ოცნებამ ამ გზიდან გადაუხვია და ამით უღალატა ხალხს. ე.ი. „ოცნება“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში 20-25% მეტს ვერ მიიღებს. შესაბამისად, „ოცნების“ გამარჯვება არჩევნების გაყალბების უტყუარი საბუთი იქნება! მოტყუებულთა მარშსაც ამ სცენარის გასამაგრებლად აწყობენ: მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს რომ საქართველოს მომავალი - ქართველი ახალგაზრდები იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლისათვის („პოლიტიკაში ტელეკარტინკაა გადამწყვეტი!“ - მოძღრავდა სააკაშვილი თანაგუნდელებს).
ვითარება კი სულ სხვაა. ობიექტური კვლევები, მათ შორის ისეთები, რომლებსაც კონფიდენციურად (თავისთვის) ატარებენ უცხოელები და თვითონ ნაცებიც აჩვენებს, რომ „ოცნებას“ ამომრჩეველთა სულ ცოტა 55% უჭერს მხარს. იგივეს ადასტურებს მთლიანად ქვეყანაში არსებული ატმოსფერო და ის განწყობა, რომელიც ვლინდება პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს.
დასავლეთში ბევრს აღარ უნდა თავის შერცხვენა, როგორც ეს მოხდა „წამებული“ სააკაშვილის მომაკვდავად გამოცხადების შემდეგ. სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს აღიარებულ მიღწევებს. შესაბამისად იზრდება არჩევნების შემდეგ ანტიეროვნული ძალების და მათი დასავლელი პარტნიორების სრული პოლიტიკური გაკოტრების შანსი. მოტყუებულ ახალგაზრდებს კი მოუწევთ რეალობის ადექვატური აღქმა - ამაზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე