ნოდარ ნათაძის გახსენება
რეზონანსი
(20.11.2022)

სრულიად საქართველოს კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი ნოდარ ნათაძე დააკლდა. „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე მაშინ გავიცანი, როდესაც გაზეთში გამოსაქვეყნებლად სტატიები შევთავაზე. განსაკუთრებული პატივისცემით კი მას შემდეგ განვეწყვე, რაც სტანდარტული კორპუსის გაურემონტებელ ბინაში მცხოვრები, საწერ მაგიდასა და იატაკზე დახვავებული წიგნების გარემოცვაში ვიხილე. მივხვდი, რომ რუსთაველის ფილოსოფიას ნაზიარები მეცნიერი პოლიტიკაში მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესების გამო ჩაერთო და არა პირადის... ისიც წარმოვიდგინე, როგორ ეტკინებოდა გული, როდესაც მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ე. წ. უბნის ავტორიტეტმა აჯობა... 

ბატონი ნოდარი უდავოდ გამორჩეულად ნიჭიერი, განათლებული და აქტიური მოქალაქე იყო. რაც მთავარია, ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა ეწადა და საკუთარი გზით ცდილობდა ამის მიღწევას, რის გამოც, ფაქტობრივად, მუდმივად ოპოზიციაში ყოფნა უწევდა... შეიძლება ითქვას, მთელი „სახალხო ფრონტიც“ თავად იყო, „სოფლების აღორძინების ფონდიც“ და გაზეთ „საქართველოს“ გამომცემელ-რედაქტორიც... ამასთან, არა მარტო კონსტიტუციის, არამედ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტიც კი იმდენად სიღრმისეულად ჰქონდა შესწავლილი, რომ ბავშვებსაც დაეხმარა მისი გენიალურობის გააზრებაში. როგორც დიდ პიროვნებას, სხვისი მოსმენაც შეეძლო და არც შეცდომების აღიარება ეთაკილებოდა... პატივი მხვდა წილად, ჩემი წიგნის „ნომენკლატურული პრივატიზაცია“ პირველი მკითხველი გამხდარიყო და წინათქმა მოემზადებინა. 

უზენაესი საბჭოს დეპუტატი თენგიზ დიხამინჯია შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: „ბატონი ნოდარ ნათაძე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის უკანასკნელი მოჰიკანი იყო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებლობის აქტისა დ კონსტიტუციის მიღებაში. მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შემდეგ ამ დონის, მასშტაბისა და დამსახურების პიროვნება არ გვყოლია. მან მთელი ცხოვრება უანგაროდ მიუძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. პოლიტიკურის გარდა, საომარ ასპარეზზეც გამოიჩინა თავი. ბოლომდე იდგა აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც, რითაც მომავალ თაობას დაანახა, რომ სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სიტყვის კაცი იყო და სიტყვის ფასი იცოდა. სიტყვას და ფიცს არ გატეხდა. ამ დიდმა მოზროვნემ, თავისი შეცდომებიც გააცნობიერა და გულწრფელად სიცოცხლეშივე მოინანია...“

გული დამწყდა, რომ სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენებისას ბატონი ნოდარის ცხედარს, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ასოცირებული შინდისფერი დროშის ნაცვლად, „ვარდების რევოლუციის“ ხუთჯვრიანი სიმბოლო ჰქონდა გადაფარებული... 

თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებას მის მიერ 2002 წელს გამოცემული წიგნი „რაც ვიცი (ფაქტები და ანალიზი)“ შევახსენო, რომელიც თავად ასე აღწერა: „ეჭვი არ მეპარება, რომ ეს წიგნი მრავალ შეკამათებას და შენიშვნას გამოიწვევს. მათი გათვალისწინება ან მათზე პასუხის გაცემა ჩემი მოვალეობაა, მაგრამ ამ მოვალეობას მე მოვიხდი ცალკე, თუნდაც სხვა გამოცემის დანართის სახით და არა თვით ტექსტში. წინამდებარე ტექსტს მე ვუყურებ როგორც ჩვენებას. მიმაჩნია, რომ მისი შესწორება დაუშებელია“. 

ჩემი ნება რომ იყოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოშო განვითარებული მოვლენების უშუალო მოწმის „ჩვენებიდან“ დიდ ნაწილს ზოგიერთი იმდროინდელი პოლიტიკოსის „საბრალდებო დასკვნაში“ უცვლელად გადავიტანდი... ამჯერად კი, 384 - გვერდიანი წიგნის წინასიტყვაობიდან მხოლოდ რამდენიმე აბზაცს გავასაჯაროებ: 

„ის რაც საქართველოში 1991 წლის ზაფხულიდან დღემდე მოხდა, ჩვენი ქვეყნის მრავალათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდად მიმაჩნია. ჩემი მიზანია, ჩვენი ამ ტრაგედიის შესახებ, რაც შეიძლება მეტი იყოს ცნობილი, რათა შთამომავლობამ უკეთ გაითვალისწინოს, რომელი საშიშროებები ემუქრება, საიდან ემუქრება და როგორ შეუძლია და ჰმართებს დაიცვას მათგან თავი მომავალში...“ 

„ბოროტების იმპერიამ“ მოკლე ჭუით მოგვატყუა, თავისი უკვე ნახევარი საუკუნის წინ მხილებული პოლიტიკური მეთოდებით გაგვაცურა და ჩვენს ვიწროჰორიზონტიან ქვენაგრძნობებზე ისე გაბატონებულმა, როგორც პატარა ბავშვებზე, საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირება შეძლო...“ 

„გაუწვრთნელი კანონიერი ხელისუფლების დამხობა პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად კიდევ უფრო გაუწვრთნელი გვარდიის მიერ ამ ომის მხოლოდ პირველი ეპიზოდი იყო...“

„ჩვენ დანაშაულებრივი კატასტროფა განვიცდეთ იმიტომ, რომ არ ვქმენით ის, რაც ჩვენს ხელთ იყო...“

„წინამდებარე წიგნში ორ მიზანს ვისახავ. პირველი: მინდა რეალისტურად და სრულად მოვუთხრო შთამომავლობას მოხდარის ის ნაწილი, რომელიც ვიცი, რათა მან უკეთ შეძლოს ძველსა და ახალ ვითარებაში გარკვევა. მეორე: ამავე მიზნით მივაწოდო მას მომხდარის ჩემეული ანალიზი, რომელიც შესაძლოა დღევანდელი გადასახედიდან უფრო ღირებული იყოს“ 

იმის გასააზრებლად კი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი „ჩვენება“ დაგვიტოვა მეცნიერ-პოლიტიკოსმა, მისი წიგნის თავებსაც ჩამოვთვლი: I. ისტორიული ფონი, II. დისიდენტური მოძრაობა, III. საქართველოს საშინაო პრობლემები, IV. 14 აპრილი, V. 1987-1989 წლები, VI. 9 აპრილი, VII. 1989 წლის ზაფხული, VIII. არჩევნებამდე, IX. შიდა ქართლის კონფლიქტი, X. 1991-1992 წლების გადატრიალებისკენ, XI. სექტემბრიდან დეკემბრამდე, XII. ტელევიზიის აქციის შემდეგ, XIII. 20 დეკემბერი და შემდგომი პერიოდი. წიგნის ბოლო, XIV თავი „დამატება. დღევანდელი დღე“ კი 80 გვერდიანია და შემდეგი პარაგრაფებისგან შედგება: სახელმწიფოს იდეოლოგია, აფხაზეთის პრობლემა, ომი, გამოსავალი, დემოგრაფია, ცხინვალის ზონა, ჯავახეთი, მესხეთი დარტყმის ქვეშ, ქვემო ქართლი, პანკისის ხეობა, საინგილო, ფედერალიზაცია, მიწა, განათლება, ეკონომიკა, სოციალური დაცვა, მენტალიტეტი, სულისკვეთება და ფსიქოლოგია, სამხედრო ძალის ორგანიზაცია, საგარეო-პოლიტიკური კურსი, მოქმედნი პირნი...

მხოლოდ ეს ნაშრომია საკმარისი იმისთვის, რომ ნოდარ ნათაძის სახელი შთამომავლობამ მადლიერებით მოიხსენიოს... 

ფაქტია ისიც, მიუხედავად იმისა, რომ არც საკანონმდებლო ორგანოში არჩევაში შეუშალა ხელი და საოფისე ფართი თავისუფლების მოედანზე გამოუყო, ბატონი ნოდარი ედუარდ შევარდნაძის საჯაროდ კრიტიკასაც არ ერიდებოდა, ვინაიდან ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს მიიჩნევდა პრიორიტეტულად და სამართლიანობის თობაზეც საკუთარი აზრი გააჩნდა. ზემოაღნიშნული წიგნის წინასიტყვაობაში, ჩვეული პირდაპირობით, იმასაც აღნიშნავს, რომ „რუსული აგენტურის სრულებით შეუზღუდავი მოქმედების პირობებში, ჯერ კიდევ „მრგვალი მაგიდის“ მმართველობის დროს დაიწყო საქართველოში ეკონომიკური რეგრესი და დესტაბილიზაცია, რომელიც გეომეტრიული პროპორციით გაიზარდა და აყვავდა პუტჩის შემდეგ, ქვეყნის სათავეში მოსული აბსოლუტურად უპრესტიჟო, უუნარო და უნებო „ხუნტის“ ხელში. ამ ფონზე მოხდა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად შევარდნაძის მოყვანა, რომელსაც მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა მისი საერთაშორისო კავშირებისა და მმართველობით გამოცდილების გამო იმ იმედით, რომ მას სტაბილობის მიღწევა შეეძლო. ამის შემდეგ, ჯერ „ხუნტის“ ზურგს ამოფარებით, შემდეგ კი ღიად, თვით შევარდნაძის სახელით, ტარდება საქართველოს ეკონომიკური, სტრატეგიული და მორალური ნგრევის პოლიტიკა, რომელიც სხვა ვერაფრით აიხსნება, თუ არა გაბატონებული ჯგუფის უსაზღვრო და დაუსჯელი სიხარბით, აგრეთვე რუსეთისადმი საქართველოს შემდგომი დაქვემდებარების განზრახვით“. 

სწორედ პირდაპირობა, პრინციპებისდამი ერთგულება და პიროვნული დამოუკიდებლობა იყო იმის მიზეზი, რომ არც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდა და ვერც ადგილობრივი მეწარმეები ბედავდნენ დახმარებას. მისგან ვიცი, როდესაც ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენს საზღვრისპირა სოფელში მაცხოვრებელი ქართველებისთვის ტრაქტორის შეძენა ურჩია, მან ნაღდი ფული იმ პირობით გამოუგზავნა, რომ ვინაობას არ გაახმაურებდა. ფაქტია, ოფისიც რამდენჯერმე (ბოლოს, 2011 წელს) დაურბიეს...

ჭეშმარიტების მაძიებელი მართალი კაცის პირდაპირობა იყო იმის მიზეზიც, რომ ბატონ ნოდარისთვის ეთერის დათმობას „რეიტინგული“ ოპოზიციური ტელევიზიებიც კი ერიდებოდნენ და, სამწუხაროდ, არც პოლიტიკოსები უსმენდნენ... არადა ხანდაზმულობის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ყველაფერი ახსოვდა, მიმდინარე მოვლენების საქმის კურსშიც იყო და ანალიზის უნარიც ისეთივე ჰქონდა შერჩენილი, როგორც ზემოაღნიშნულ წიგნზე მუშაობისას... 

ნათელში ამყოფოს!

ავთანდილ კახნიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე